დაზარალებულის მანტიამოსხმული დამზარალებელი პოლიციელები

დაზარალებულის მანტიამოსხმული დამზარალებელი პოლიციელები

პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის გამო ბრალდებულ ძმებ სოზაშვილების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს 14 საათზე გაგრძელდება და დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი იოსებ სალთხუციშვილი მოწმის სახით დაიკითხება. ძმები სოზაშვილების საქმე ის შემთხვევაა, რომელშიც დაზარალებულის სტატუსი დამზარალებლებს აქვთ.

საქმეს განიხილავს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც ჩვენი აზრით, უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანაშია შემჩნეული. სწორედ კოჭლამაზაშვილმა განიხილა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმე და გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვიმედოვნებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილიც დაიკითხება და მას მოუწევს იმის ახსნა, თუ რაზე დაყრდნობით გაამწესა ბარათელი ხანგრძლივ პატიმრობაში.

ძმებ სოზაშვილების საქმის არსებითი განხილვა 18 თებერვალს დაიწყო. იმ დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში for.ge-ც იმყოფებოდა. ჩვენი თვალით ვნახეთ და ჩვენი ყურით მოვისმინეთ პოლიციელ იოსებ ბაიაძის დაკითხვა, რომელიც, თურმე, ძმებ სოზაშვილებთან ძიძგილაობის დროს დაზარალებულა - პოლიციელის ფორმა დახევია.

დარბაზში მყოფები ველოდით, რომ 18 თებერვალს დაიკითხებოდა დაზარალებულად ცნობილი მეორე პოლიციელი, იოსებ სალთხუციშვილი მაგრამ ასე არ მოხდა - მოსამართლემ სხდომა 4 მარტისთვის გადადო, რითაც დაუკითხავ პოლიციელს საშუალება ეძლევა წვრილად გამოკითხოს იოსებ ბაიაძე და მომავალ სხდომაზე ისე ილაპარაკოს, რომ თანამეწყვილესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს.

1985 წელს დაბადებულ პოლიციელ ბაიაძის სიმართლე, რომელიც პოლიციაში 2009 წლიდან მუშაობს, ასეთია:

2 დეკემბერს, დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ბაიაძე და მისი თანამეწყვილე იოსებ სალთხუციშვილი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ - ფეხით გადაადგილდებოდნენ. ამ დროს თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩების კვეთაზე გაჩერებული ავტომანქანა შენიშნეს, საიდანაც გინების და ჩხუბის ხმა ისმოდა. ჩათვალეს, რომ ხალხი წუხდებოდა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით გაჩერებულ მანქანასთან მივიდნენ. მანქანაში მყოფთ მიესალმნენ და ჰკითხეს, დახმარება ხომ არ ესაჭიროებოდათ. პასუხად გინება მიიღეს, წადით, გაგვეცალეთ აქედანო.

პოლიციელები კიდევ უფრო თავაზიანები გახდნენ - მართალია ფორმა ეცვათ, მაგრამ ლანძღვა-გინების საპასუხოდ მანქანაში მყოფებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობა მაინც აჩვენეს და თან დაწყნარებისკენ მოუწოდეს. ძმები სოზაშვილები თურმე არ დაწყნარდნენ და პოლიციელ ბაიაძის აზრით, სწორედ ამაში გამოიხატა წინააღმდეგობის გაწევა.

ამის შემდეგ ძმები სოზაშვილებიდან ერთ-ერთი დანამომარჯვებული გადმომხტარა მანქანიდან და ბაიაძის მეწყვილეს დატაკებია. ამ დროს ბაიაძე ერთი ხელით უდანო სოზაშვილს აკავებდა, მეორე ხელით დამხმარე ძალას იძახებდა და თან მთელი ყურადღება თანამეწყვილისკენ ჰქონდა, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ჰოდა, თურმე დიდი ძიძგილაობა ყოფილა, რა დროსაც პოლიციელებს ფორმები დახევიათ, მაგრამ ჯერ სადა ხართ, ბაიაძის სიმართლიდან ახლა გაცილებით საინტერესო მომენტებს გიამბობთ:

ბაიაძის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩების კვეთასთან სამი პოლიციელი: გიორგი მაჩაიძე, გიორგი კილაძე და დავით გიორგაძე ერთი მანქანით მისულან და შემდეგ იმ ერთ მანქანაში ჩამჯდარა ყველა ერთად: ბაიაძე-სახლთხუციშვილი, ძმებ სოზაშვილები და კიდევ სამი პოლიციელი. ანუ შვიდი კაცი ერთი მანქანით წასულა და ასე ჩაპრესილები მისულან პოლიციის განყოფილებაში. ძმებ სოზაშვილების მანქანას რა ბედია ეწია, ეს პოლიციელმა ბაიაძემ არ იცის, ისევე როგორც ის, მის ფორმას ზურგზე პოლიცია ქართულად ეწერა თუ ლათინურად.

სოზაშვილების უფლებების დამცველმა ადვოკატმა თამაზ გურაშვილმა პოლიციელ ბაიაძეს ჰკითხა, მანქანიდან ერთი ძმა რომ გადმოვიდა მეორე სად იყოო და ამაზე პოლიციელმა მიუგო, ორივე ერთად იყვნენო. პროკურორმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია, დარბაზში მყოფებმა კი მოგუდულად გავიცინეთ, - მოსამართლეს, რომ არ დავეჯარიმებინეთ.

ადვოკატი თამაზ გურაშვილი დაინტერესდა, კონკრეტულად ვინ შეწუხდა ძმები სოზაშვილების ხმაურითო. ამაზე ბაიაძემ თქვა, კონკრეტულად ვინ შეწუხდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ განყოფილებაში ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მათი კორპუსების წინ გინების და ჩხუბის ხმა ისმისო.

კითხვაზე - დამხმარე ძალა, რომ გამოიძახეთ, ადგილზე ნახეს თქვენი დახეული ქურთუკები, თუ პოლიციაშიო, აღმოჩნდა, რომ ეს მომენტი არ ახსოვდა, ისევე, როგორც ის, თუ რომელი მხრიდან მივიდა მათთან დამხმარე ძალა, სამი პოლიციელის შემადგენლობით და რომელი მიმართულებით წავიდნენ განყოფილებისკენ.

ძმები სოზაშვილების დაკავების დროს პოლიციელებს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები თან გქონდათო? - დაინტერესდა ძმები სოზაშვილების კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რაზეც პოლიციელმა ბაიაძემ მიუგო, რომ ამგვარი ოქმების ტარების ვალდებულება პოლიციელს არ გააჩნია.

ძმები სოზაშვილების უფლებების დამცველმა კიდევ ერთმა ადვოკატმა ია გაბედავამ კითხვა შეუბრუნა - ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა საგამოძიებო მოქმედების დროს არ გქონიათ საგამოძიებო დოკუმენტაციაო და ბაიაძემ უპასუხა, როცა მანქანით დავდივართ, დოკუმენტაცია თან დაგვაქვს და როცა ფეხით ვართ, მაშინ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ვაფორმებთ დოკუმენტებსო.

ერთი დაზარალებული პოლიციელის დაკითხვის შემდეგ დარბაზში მეორე დაზარალებულის დაკითხვას ველოდით, მაგრამ მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა თქვა, ნურას უკაცრავად, დღეს მეორეს ვეღარ დავკითხავ, სხვა პროცესი მაქვს ჩანიშნული, ვეღარ მოვასწრებ, მეორე დაზარალებული პოლიციელი 4 მარტს დაიკითხებაო. 

ახლა შეგახსენებთ ყველაზე სკანდალურ დეტალებს ძმები სოზაშვილების საქმიდან, რომელსაც for.ge 5 და 18 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომებზე გაეცნო:

სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ უკან მდგომი მანქანიდან ძმებმა სოზაშვილებმა დაუსიგნალეს. ეს როგორ გაგვიბედეთო, - გაცხარდნენ პოლიციელები, მანქანიდან გადმოხტნენ, ძმებ სოზაშვილებს თავს დაესხნენ და ცხვირ-პირი გაუერთიანეს, მერე ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ასე აღმოჩდნენ ძმები სოზაშვილები ბრალდებულის სკამზე.

მათი საქმის განხილვაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. 18 მარტს გამართულ პროცესს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორ გაგრძელდება ძმები სოზაშვილების საქმის განხილვა და რას იტყვის დაზარალებულად ცნობილი კიდევ ერთი პოლიციელი, იოსებ სალთხუციშვილი, ამის შესახებ ჩვენს მკითხველს აუცილებლად ვაცნობებთ.