საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებებია. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ხათუნა ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. თავად ბერძენიშვილი მის განთავისუფლებას ნაწილობრივ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს უკავშირებს. როგორც ბერძენიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა.
„მე მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი გარკვეული ვარაუდები მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე ველოდი, რომ ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, განსაკუთრებით საინფორმაციოს გუშინდელ გადაცემაში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ვგულისხმობ თეა წულუკიანის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ ამბავს. ბარათაშვილი გუშინ რამდენჯერმე დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ეს რეპორტაჟი არ გაკეთებულიყო. ბუნებრივია, ვიკითხე, რატომ არ უნდა გასულიყო, თუმცა მას ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ეს იყო ბოლო ის დეტალი, რომელმაც სავარაუდოდ, დააჩქარა ის პროცესი, რაც ჩემთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, „მოამბის“ საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბარათაშვილმა თავისი უკმაყოფილება რამდენჯერმე დააფიქსირა. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბარათაშვილს სურდა, პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენციები, ასევე კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების თემა და ახალი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში გაშუქებულიყო. მისივე თქმით, ამაზე ის და ბარათაშვილი ვერ შეთანხმდნენ, რადგან ეს არ არის კერძო ტელევიზია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის მონაპოვარია ის ბალანსი, რაც არხს გააჩნდა. ხათუნა ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან არხის გენერალური დირექტორ გიორგი ბარათაშვილზე ზეწოლაზეც საუბრობს.
„იყო რამდენიმე წინადადება. ერთი, მან (გიორგი ბარათაშვილმა) შემომთავაზა ფული, შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი სხვა თანამდებობაზე, რაც დღესაც ძალაში რჩება და მესამე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი პირობიდან არცერთს დავაკმაყოფილებდი, ის მიიღებდა ჩემი მოხსნის გადაწყვეტილებას. ეს ლაპარაკი რამდენჯერმე შენობაში შედგა და რამდენჯერმე შენობის გარეთ და შემიძლია, ის ადგილი და ადამიანები დავასახელო, ვისი თანდასწრებითაც ეს შეხვედრები შედგა. ბოლოს, მან ისიც თქვა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომ მე საინფორმაციო პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ იგივე პრობლემა გვქონდა გია ჭანტურიას პერიოდშიც, 2 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ გია ჭანტურიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და ის თავად წავიდა თანამდებობიდან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს, დაინტერესდეს, რა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს არხის გენერალური დირექტორი, როდესაც ამბობს, რომ ხათუნა ბერძენიშვილის საინფორმაციო პოლიტიკით გარკვეული პრობლემები ექმნება.
ბერძენიშვილი გიორგი ბარათაშვილისა და პარლამენტარ („ქართული ოცნებიდან“) ირაკლი ტრიპოლსკის ნათესაურ კავშირებზე საუბრობს. ბერძენიშვილის თქმით, ტრიპოლსკი და ბარათაშვილი რამდენჯერმე ღიადაც შეხვდნენ ერთმანეთს და იყო გარკვეული გარიგება, რომ ბერძენიშვილი გადასულიყო სხვა თანამდებობაზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში მმართველი გუნდის მხრიდან გამოგზავნილი სხვა ადამიანი ყოფილიყო საინფორმაციოს ხელმძღვანელი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი ხათუნა ბერძენიშვილის ბრალდებებს უარყოფს და ბერძენიშვილის განთავისუფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებით ხსნის.
„ხათუნა ბერძენიშვილს დღეს ახალი კონტრაქტი შევთავაზე, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში საზოგადებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად დანიშვნას გულისხმობს, რაც მისი დაწინაურება იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვით, საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი და შესაბამისად, მისი ხელმძღვანელი აღარ არსებობს“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
მისი თქმით, იგი სარედაქციო პოლიტიკაში არასოდეს ჩარეულა და ხათუნა ბერძენიშვილის მიერ ნათქვამი ტყუილებით გაოცებული დარჩა. ბარათაშვილი ასევე კატეგორიულად უარყოფს წულუკიანის თემაზე ბერძენიშვილთან საუბარს და პრემიერის ბრიფინგების მხოლოდ პოზიტიურად გაშუქების მოთხოვნას.
For.ge მომხდართან დაკავშირებით დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის დაუკავშირდა. „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ბარათაშვილთან ნათესაობას არ უარყოფს, ამბობს, რომ რამდენჯერმე კი არა, ბევრჯერ შეხვდა გიორგი ბარათაშვილს, მაგრამ ეს იყო უბრალოდ ნათესაური შეხვედრა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მის სარედაქციო პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს.
„რომ იცოდეთ ნათესავები ევროპაშიც მყავს და იქ რომ ვარ, მათაც ვხვდები ხოლმე და ხათუნა ბერძენიშვილი მე ვერ ამიკრძალავს ნათესავებთან ურთიერთობას. რა ზეწოლაზეა საუბარი, გიორგი ბარათაშვილი იგივე ბორდმა არ აირჩია, რომელიც ახლა არის? აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით თვენახევრის, თუ ორი თვის წინ ასევე ღიად შევხვდი ლევან გახელაძეს, რის გამოც „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მათთვის ჩვეული ტყუილები დაიწყეს, ვითომ, მე საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გადამექცია „მეცრე არხად“, თუ პირიქით - „მეცხრე არხი“ საზოგადოებრივ მაუწყებლად. სინამდვილეში კი ჩვენ სულ სხვა თემაზე გვქონდა შეხვედრა. საქართველოში ჩამოდიოდა ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და ლევან გახელაძემ მთხოვა (მე მას ვიცნობ, რადგან როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, ის ჩემი მოადგილე იყო) პრემიერ-მინისტრთან, ან პარლამენტის თავმჯდომარესთან შემეხვედრებინა იგი. გახელაძემაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც ასე იყო და ნაციონალების ეს ტყუილები გაქარწყლდა. ახლაც სულ ტყუილად მაბრალებენ ამ რაღაცეებს. რაც შეეხება იმას, ჩემს ნათესავებს ღიად შევხვდები, მათთან ერთად ქორწილში წავალ, თუ სამძიმარზე, ეს არავის საქმე არ არის“, - ამბობს ირაკლი ტრიპოლსკი.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, მაშინ არ ერეოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და თავმჯდომარეობიდანაც სწორედ იმიტომ გადადგა, რომ არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად ვერ ჩამოყალიბდა. ტრიპოლსკი ამბობს, რომ ხათუნა ბერძენიშვილი ამ არხიდან გასაშვები იყო, რადგან იგი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს ასრულებდა.
„ვერაფრით ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და იგი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ. ამ ვითომ დაბალანსებული სიუჟეტებით მოატყუონ ის ადამიანები, ვინც ტელევიზიის მუშაობაში ვერ ერკვევა. სხვათაშორის, შეიძლება ჩემი ბრალია, ხათუნა ბერძენიშვილი რომ დღეს კიდევ ქართულ ტელესივრცეში მუშაობს. როდესაც იგი ჩემთან „მეცხრე არხზე“ მუშაობდა (ჯერ კიდევ პირველ „მეცხრე არხზე“), მასზე ჩივილები შემოდიოდა, მე კი ეს ადამიანი დავინდე, არ გავუშვი სამსახურიდან. მაშინ რომ გამენთავისუფლებინა, შეიძლება იგი დღეს აღარც კი ყოფილიყო ქართულ ტელესივრცეში“, - აცხადებს ტრიპოლსკი.
აქვე იგი ამბობს, რომ სწორედ ხათუნა ბერძენიშვილის კურირებით ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში სამ ქართულ ტელეარხზე - „რუსთავი2“-ზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და „იმედზე“ ერთნაირი სიუჟეტების მომზადება და ეს არხები საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიდნენ. თუმცა დეპუტატის თქმით, ამ დეზინფორმაციების ხალხს აღარ სჯერა. ირაკლი ტრიპოლსკი დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატია და ამბობს, როდესაც ხალხში დავდივარ, გვთხოვენ, ან სატელიტური თეფში გადავცეთ, ან როგორმე დავეხმაროთ, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურება არ მოუწიოთ, რადგან მისი ყურება არ სურთ.
მედია-ექსპერტი, ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურის ცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და გაუქმდა ის სამსახური, რომელსაც ხათუნა ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა. ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ ხათუნა ბერძენიშვილისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მისი პოზიცია უქმდებოდა და შესაბამისად, მისთვის ეს მოულოდნელობა არ იყო.
„ხათუნა ბერძენიშვილის განთავისუფლება შეიძლება უშუალოდ გიორგი ბარათაშვილის ინტერესებში შედიოდეს, რადგან ბერძენიშვილი ისეთი კადრი იყო, რომელიც თავის დროზე არც ჭანტურიას ეკითხებოდა არაფერს და პირდაპირ ჰქონდა ურთიერთობა პრეზიდენტის კანცელარიასთან. ამდენად, შეიძლება ბარათაშვილი მოერიდა ასეთი ადამიანის თავის დაქვემდებარებაში ყოლას, მაგრამ შეიძლება ეს გარკვეული პოლიტიკური დაბალანსების მცდელობაა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ახალი კანონი უნდა შევიდეს პარლამენტში განსახილველად, რაც ალბათ, ამ დღეებში მოხდება“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.
ამასთანავე, იგი დასძენს, - მიუხედავად იმისა, რომ არხის ახალი სტრუქტურა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიდო, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჯერ კიდევ ბევრი რამ დალაგებული არ არის. მისი თქმით, არხიდან ბევრ ადამიანს, სავარაუდოდ, რესტრუქტურიზაციის მოტივით გაუშვებენ. რაც შეეხება ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებას, რომ იგი წულუკიანის თემაზე გაკეთებული სიუჟეტის გამო გაუშვეს სამსახურიდან, ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ მისი ეს განცხადება იყო მცდელობა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლად წარმოეჩინა თავი, თორემ რეალურად ბერძენიშვილისთვის უკვე ერთი თვის წინ იყო ცნობილი, რომ პირველი მარტიდან მისი პოზიცია უქმდებოდა.