მიშელის ახალი დოკუმენტი და მოსაფიქრებლად დრო პოლიტიკოსებს

მიშელის ახალი დოკუმენტი და მოსაფიქრებლად დრო პოლიტიკოსებს

მორიგი შეხვედრა და შეთანხმებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომდგენლებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც წინა დოკომენტისაგან განსხვავებით, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილისთვის გარკვეულწილად მისაღები აღმოჩნდა, თუმცა, დაფიქრებისთვის ხელმოწერამდე პარტიებმა დრო ითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდი ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი, - ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ექვივალენტური შედეგი გამოიღოს.

„შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

უნდა ითქვას ისიც, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა მმართველი გუნდი. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ოცნების“ წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას SMS-ით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი იყო წარმოდგენილი, რომელსაც მმართველმა გუნდმა ხელი უკვე მოაწერა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკუთარ კურსს არ გადაუხვევენ და პარლამენტის ბოიკოტირებას გააგრძელებენ. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, საყვარელიძის თქმით, ნაწილი შესაძლოა, ვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში.

„ბოლო ბასტიონი ბოიკოტისა, ალბათ, მაინც იქნება „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა.“ „ევროპული საქართველო“ ადრეც არ მიიღწვოდა პარლამენტში შესვლისკენ, რადგან რეიტინგი არ ჰქონდა საკმარისი და ისინი, ვისზეც გადაწყვეტილება იყო დამოკიდებული, ვერ შედიოდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას,“ მიშას ფაქტორი ალბათ, ისევ მოსთხოვს დესტაბილიზაცია გაგრძელდეს. მეეჭვება, რომ ეს ორი პარტია გადავიდეს პარლამენტში.

დანარჩენებს თან არ უნდათ, რომ შეეტყოთ, მაგრამ მგონი ვიღაცები მეტ-ნაკლებად შევლენ, მაგრამ ეს უფრო უმნიშვნელო ნაწილი იქნება“, - თქვა საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოპოზიციას ურჩევს ხელი მოაწეროს მხოლოდ ორ პუნქტს, - ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა. ცუდია, რომ გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა.

მე მაინც ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას. უნდა თქვან, რომ ისინი კვლავაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ითვალისწინებენ სახელმწიფო ინტერესებს და იღებენ დე-ფაქტო მოცემულობას. შესაბამისად, უარს აცხადებენ საპარლამენტო და სხვა თანამდებობებზე. აგრეთვე უარს ამბობენ მართლმსაჯულების და სხვა სისტემების რეფორმებზე, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სისტემური რეფორმების ჩატარება შეუძლებლად მიაჩნიათ. ამით ხაზი გაესმევა იმას, რომ ისინი ამ ნაბიჯს დგამენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ კრიზისი გადალახულია. უბრალოდ, იცვლება კრიზისის ფორმატი“, – წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

Maverick დოქსოპულო ხუხავ, შენ დედა გყავს?!
3 წლის უკან