„ცოცხლობდეს კეტევან დედოპალი!“

„ცოცხლობდეს კეტევან დედოპალი!“

ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

„1901 წლის 8 ნოემბერს ქართულ სცენაზე დაიდგა სპექტაკლი  „მსხვერპლისათვის მსხვერპლი“. უკანასკნელ მოქმედებაში ჯარისკაცები ტუსაღებს ციმბირისაკენ მიერეკებიან. ამ პიესისათვის ვალ. გუნიამ სრული ილუზიის შესაქმნელად ნამდვილი ჯარისკაცები გამოიწვია. ვალ. გუნია თამაშობდა ბოჩაროვის როლს, ვალსკის - სვიმონიძე, ოფიცერს - ა. იმედაშვილი.

ჯარისკაცები სულ რუსები იყვნენ. როდესაც იმედაშვილი ოფიცრულად გამოწყობილი გამოვიდა დერეფანში, ისინი წამოხტნენ და გამოეჭიმნენ, როგორც ნამდვილ ოფიცერს. მაგრამ ეს არაფერი.

მესამე მოქმედებაში ეს ჯარისკაცები მიერეკებიან ტუსაღებს. დაღლილი ტუსაღები პატარა ხნით დაეყრებიან დასასვენებლად. ოფიცერი - იმედაშვილი სცენიდან გადის, რადგან როლი მოითხოვს, მაგრამ ცნობისმოყვარეობით თვალს ადევნებს, როგორ დამთავრდება სცენა.

გუნია - ბოჩაროვი ქურდის როლს თამაშობდა, სვიმონიძე კი - უდანაშაულოს როლს. განცალკევებულად იჯდა ქვაზე. მის უკან ერთი ჯარისკაცი იდგა. ვალერიან გუნია მიუახლოვდა პატიმარს და გამოელაპარაკა. ჯარისკაცმა რუსულად დაუძახა: - უიდი.

ვალ. გუნია ადგა, მაგრამ მაინც განაგრძო თავისი როლი. იგი ვალსკის ეუბნებოდა, შენ ჩემს მიერ ჩადენილი ქურდობისთვის ისჯებიო. სვიმონიძე - ვალსკი წამოხტა და მისწვდა საყელოში.

- ვინ ხარ, საიდან იცი? თქვი!

ამ დროს როლში შესულ სვიმონიძეს ჯარისკაცმა ზურგში თოფის კონდახი უთავაზა. სვიმონიძემ ძალით მოიშორა ჯარისკაცი და გუნიასკენ მიიწია. ჯარისკაცმა შეუყვირა:

- გაჩერდი, ფეხი არ გადადგა.

პარტერში სიცილი ატყდა. გუნიასაც გაეცინა, თანაც შიშით უკან დაიხია, კონდახი მეც არ მომხვდესო. ჯარისკაცმა გუნია „დააპატიმრა“ და მის „გათავისუფლებას“ არ აპირებდა. სვიმონიძე სალდათს გაუძალიანდა. რუსმა მას მეოთხედ ჩააზილა კონდახი. ყველაფერი აირ-დაირია.

იმედაშვილმა მოისაზრა, კულისებიდან შემოიჭრა და მეამბოხე ჯარისკაცს უბრძანა:

- თავი დაანებე, აგრე უნდა იყოს!

- მესმის! - მიუგო ჯარისკაცმა და ისევ გაიჯგიმა, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო.“

„ერთხელ ქართულ სცენაზე დაიდგა ვოდევილი „ცელქები“. ავადმყოფ შათირიშვილის მაგიერ სახელდახელოდ ალ. იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მას ყური და გონება სულ მოკარნახისაკენ ჰქონდა მიმართული. სცენაზე ტასო აბაშიძე როლში შესული ხელს უწვდიდა იმედაშვილს და თანაც ჩურჩულით ეუბნებოდა:

- ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა!

იმედაშვილმაც ანგარიშმიუცემლად ხელი საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისაკენ იხედებოდა. ამ დროს გაისმა საშინელი წივილი:

- რას შვრები. ბიჭო, ხელი ნუ დამწვი!.

თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.“

„1902 წლის 18 აპრილს დაიდგა ყაზბეგის „ქეთევან წამებული“. ამ წარმოდგენისთვის რუსი სალდათები გამოიწვიეს. მათ უნდა ეყვირათ: „ცოცხლობდეს, ქეთევან დედოფალი!“.

მთელი ფრაზა სამ სიტყვად გაჰყვეს და ასე ათქმევინეს სალდათებს: „ცოცხლობდეს... ქეთევან... დედოფალი...“ სცენამ ასე თუ ისე გვარიანად ჩაიარა.

28 აპრილს ქუთაისიდან საგასტროლოდ მოიწვიეს ლადო მესხიშვილი და ათამაშეს ურიელ აკოსტა. დე სანტოსის როლს ასრულებდა ალექსანდრე იმედაშვილი. წარმოდგენისათვის, მასობრივი სცენების ჩასატარებლად ისევ სალდათები გამოიწვიეს. ორი დღის რეპეტიციაზე ლადომ ისინი ჩინებულად გაწვრთნა. აი, დადგა საზეიმო დღეც.

„უარყოფის აქტში“ ლადო გულწასული გაჰყავდათ კულისებში. ორი წუთის შემდეგ იგი კვლავ სცენაზე შემოვარდებოდა როგორც დაჭრილი ლომი, თვალებიდან ცეცხლს ჰყრიდა, იქაურობას ლეწავდა... იმედაშვილ - დე სანტოსმა ანიშნა სალდათებს, აბა, დაიწყეთ თქვენი სათქმელიო. თვითონ კი ურიელის მისამართით შესძახა:

- გააგდეთ, ჩაქოლეთ!...

კიდევ ანიშნა იმედაშვილმა სალდათებს - ამყევით ყვირილშიო, და ისინიც აჰყვნენ:

- ცოცხლობდეს... კეტევან... დედოპალი!...

ყველას გული გაუსკდა. რა შუაში იყო აქ „ქეთევან დედოფალი?!“

ლადო ისე იყო გატაცებული, რომ მას არ ესმოდა ეს შეძახილი, ისევ განაგრძობდა გააფთრებულ ლეწვას. იმედაშვილი გაშეშებული ხან ლადოსაკენ, ხან სალდათებისაკენ იყურებოდა. დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. იმედაშვილი გაჩუმდა, მაგრამ ერთმა მსახიობმა მაინც დაიძახა:

- გააგდეთ! მოკალით! - მას სალდათები აჰყვნენ:

- ცოცხლობდეს... კეტევან... დედოპალი!

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ვერ გაეგოთ რას ყვიროდნენ ეს გრძელწვერა ებრაელები.

ლადომ როლის თამაში ისე დაასრულა, რომ არაფერი შეუნიშნავს.

წარმოდგენის შემდეგ გაირკვა, რომ გარნიზონს ამ საღამოსთვის ის სალდათები კი არ გამოეგზავნა, რომლებიც „ურიელისთვის“ მოამზადეს, არამედ ისინი, რომლებმაც ათიოდე დღის წინ „ქეთევან წამებულში“ მიიღეს მონაწილეობა.“

„ვერც ერთი ჩვენი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში.

როდესაც სცენაზე ქანდაკება იყო საჭირო, მას შესაფერად შებურავდნენ და წამოჯგიმავდნენ ხოლმე. ისიც უძრავად, წამწამების დაუხამხამებლად იდგა მთელი მოქმედების განმავლობაში.

მის ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა. გრიგოლი ამ საქმისათვის არის გაჩენილიო, იძახდნენ. ამ „როლშიც“ მას ბევრი კურიოზი შეემთხვა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა „კაიუს გრაკხი“. გრიგოლი აქ ქანდაკებას „ასრულებდა“. იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა... აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი... გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზიც კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა...

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე... რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია.“