ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაზე უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას განვიხილავთ. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა და რუსეთს მოვუწოდებთ, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.