თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ

გასული კვირის დასაწყისში ინგლისურენოვან სომხურ ვებ-გვერდზე გაჩნდა პატარა სტატია სენსაციური სათაურით: „Wikileaks: თურქეთი 2008 წელს მზად იყო სამხედრო ოპერაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ“

ამ მასალის თანახმად, 2008 წლის ომის დროს თურქეთის მთავრობამ თავის რუს კოლეგებს აუწყა, რომ რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემდგომი გადაადგილება, განსაკუთრებით კი თურქეთთან ისტორიულად დაკავშირებულ და მუსულმანებით დასახლებულ აჭარაში, საქართველოს მეზობელი თურქეთის მხრიდან სამხედრო წინააღმდეგობას შეხვდებოდა. თურქეთი საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე რუსეთთან და სამხრეთით მდებარე ირანთან ერთად რეგიონალური ზესახელმწიფოების ტრიადაში შედის. საქართველო ამ სამი ძველი ზეცივილიზაციის გავლენათა სფეროს გზაჯვარედინზეა. 

7 დეკემბერს News.Am-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ Wikileaks-ის დოკუმენტის თანახმად, თურქეთის დელეგაციამ მედვედევს განუცხადა, რომ თუკი რუსეთი სამხედრო ოპერაციებს თურქეთის ტერიტორიიდან 100 კილომეტრზე ახლოს განახორციელებს, თურქეთის მხარეს, როგორც ნატო-ს წევრს, უფლება აქვს და ვალდებულიც კი არის საკუთარი დანაყოფები სამხედრო მოქმედებებში ჩართოს და დაიცვას ალიანსის წვერი-ქვეყნების მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები“. 

თუკი ეს სიმართლეა, მაშინ საქმე სენსაციასთან გვაქვს, მით უფრო იმ ფონზე როდესაც ბოლო წლებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ზომიერი ისლამისტების პირობებში ურთიერთობა მოსკოვს და ანკარას შორის გარეგნულად მაინც მხოლოდ უმჯობესდებოდა – ამ ორ ქვეყანას შორის მუდმივი ისტორიული მეტოქეობის მიუხედავად. თურქეთის მსგავსი ქმედება იმის დემონსტრირება იქნებოდა, რომ ქვეყნის სახელისუფლებო დერეფნებში „ნეო-ოსმანურმა“ იდეოლოგიამ ღრმად გაიდგა ფესვები და თურქეთის ხელისუფლება საქართველოს იმ რეგიონალური სტრუქტურის მნიშვნელოვან ელემენტად აღიქვამს, რომელსაც ანკარა ქმნის. 

თურქეთი – ნატო-ს წევრი და ცენტრალურ აზიაში ლიდერობის პერსპექტიული პრეტენდენტია. მას ჰყავს დიდი და ჩრდილო- ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისი შესანიშნავად შეიარაღებული არმია. მართალია ბირთვულ სახელმწიფოთა რიცხვში არ შედის, თუმცა მისი არაბირთვული ძალები კარგად გაწვრთნილია და მასთან გამკლავება თავისი არაორგანიზებულობით ცნობილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კავკასიაში ძალიან გაუჭირდება. რუსეთის არმიის კავკასიურ ქვედანაყოფებში არაპროპორციულად დიდ როლს თამაშობენ მოხალისეები და ახალწვეულები. გარდა ამისა, თურქეთს შეუძლია ძალიან სწრაფად აამოქმედოს სამხედრო დანაყოფთა დიდი რაოდენობა, მაშინ როცა რუსეთს საზღვრების გაცილებით დიდი პერიმეტრის კონტროლი უწევს, მისი ცხელი წერტილები კი, რომელთა რიცხვიც იზრდება მტკიცე დანაყოფებს მოითხოვს.

ამავდროულად რუსეთს და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, ასევე ზოგადად რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური კლიმატი ისეთი ცვლილების გარეშეც საკმარისად ფეთქებადსაშიშია, როგორიცაა თურქეთის არმიის სამხედრო კონფრონტაცია სხვის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. ბევრი მიზეზის გამო, სამხედრო კონფლიქტი თურქეთს და რუსეთს შორის რეგიონალური და ევრაზიული უსაფრთხოებისთვის ძალიან ძლიერი დარტყმა იქნებოდა და მას შესაძლოა მოეხდინა დიდი ტრანსკონტინენტური ომის პროვოცირება ნატო-ს და სხვა დიდ სახელმწიფოებს შორის.

თუმცა Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სიმრავლის გამო, ასევე იმის გამოც რომ ისინი პორციებად ქვეყნდებოდა, რეალური დოკუმენტების გარჩევა აშკარა მისტიფიკაციისგან რთულია. ამის კარგი მაგალითი გახდა ის დეპეშა, რომელიც თითქოს აგვისტოს ომის დროს ამერიკის მხრიდან საქართველოს პოზიციის მხარდაჭერის შესახებ იუწყებოდა და რომელიც ქართულ მედიაში მანამ გამოქვეყნდა, ვიდრე მას Wikileaks-სი ან მისი პროექტის პარტნიორი დასავლური მედია-ორგანიზაციები გამოაქვეყნდებდნენ.

სწორედ ამიტომ და ასევე იმის გამოც, რომ აღნიშნული დეპეშაში როგორც სჩანს დღეისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში არ იძებნება, გადავწყვიტე ამ ინფორმაციის წყარო დამედგინა. News.Am-ის ინგლისურ სტატიაში ვხვდებით ბმულს Vlasti.Net-ის რუსულენოვან გვერდთან, რომელიც იმოწმებს რუსულენოვან ვებ-გვერდ VVNews.Info-ს, სადაც წყაროდ მითითებულია საიტი Apsny.Ge. აქ კვალი წყდება და სხვა არანაირი ბმული მითითებული არ არის. სამივე ვებ-გვერდზე ფაქტობრივად იდენტური ტექსტია.

ამ მოჩვენებებზე ნადირობა, ასევე ჩემი მხრიდან წყაროს პოვნის მიზნით დამატებითი მცდელობები, იმაზე მიუთითებს რომ ინტერნეტში ისეთი სანდო წყაროები, რომლებიც ასეთ სენსაციურ განცხადებებს დაადასტურებს არ არსებობს. ამავდროულად, არც ერთ მხარეს ის საჯაროდ არ უარყვია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მსგავსი განცხადებები თურქულ ან სომხურენოვან საიტებზე ან შესაძლოა რუსულენოვანი ინტერნეტის პერიფერიებზე უნდა ვეძებოთ. ამის ნაცვლად რუსულენოვან ვებ-გვერდებზე ამ სტატიის უამრავი, ერთმანეთისგან რთულად გასარჩევი ვარიანტები გვხვდება, რომლებიც ინფორმაციის წყაროდ ერთმანეთს იმოწმებენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა არადამაჯერებელია.

თუმცა ერთ-ერთი ასეთი სტატია, რომელიც Newsland.Ru-ზეა გამოქვეყნებული, თუმცა გადმობეჭდილია Regnum.Ru-დან, იმოწმებს არა რუსულ, არამედ უკრაინულ მაგრამ რუსულენოვან პორტალ Zavtra.com.ru-ს. სამწუხაროდ ამ კვალსაც არსად არ მივყავართ. იმ შემთხვავაშიც კი, თუ ინფორმაციის პირველწყარო სწორედ ეს ვებ-გვერდი გახლდათ, დეპეშის ორიგანალზე ბმული არც აქ არის, ისევე როგორც არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციის სინამდვილეს არშემდგარ რუსულ-თურქულ ომზე. 

ამავდროულად, პორტალ Zavtra-ზე, ისევე როგორც ბევრ სხვა (მაგრამ არა ყველა) საიტზე, მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან თითქოს 2009 წელს მისცა „საინფორმაციო სააგენტო PirWeli-ს.

„რუსეთ-საქართველოს ომის დროს თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შეეყვანა, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ შესძლებდა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – განაცხადა ამ ინტერვიუში მერაბიშვილმა. მედიაში არც ქართულ და არც რუსულ ენებზე ჯერ-ჯერობით მსგავსი ციტატის სიზუსტის, ან ზოგადად მისი არსებობის დადასტურებაც კი ვერ ხერხდება.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ აშკარა მტკიცებულების არ არსებობის მიუხედავად, ყოველთვის შესაძლებელია ის, რომ დეპეშა რომელსაც ყველა ეს საიტი იმოწმებს მართლაც არსებობს. თუკი ეს მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს რომ რეგიონის გეოპოლიტიკური ბალანსი, რომელიც დიდი ხანია რაც აირია, იმაზე მეტადაა შეცვლილი, ვიდრე ამას ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს და ანკარას და თბილისს შორის პატრონ-კლიენტის ურთიერთობები მტკიცედ ჩამოყალიბდა. 

მაგრამ თუკი ეს ასე არ არის? ამ ჭორის გავრცელება (ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის სრულყოფილი მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ჭორია) შეიძლება თავის თავად უკვე რაღაცას ნიშნავდეს. კერძოდ, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რუსულენოვანი მედია სისტემატიურად (შესაძლოა გაუცნობიერებლად, ან პირიქით გაცნობიერებულად) იმ იდეის პროპაგანდას ეწევა, რომ რუსეთს და თურქეთს შორის კონფლიქტი გარდაუვალია. რუსეთის დიდი ხნის სამხრეთელი მეტოქე თურქეთი დღეს იმ ერთადერთ რეგიონალურ ზესახელმწიფოდ რჩება, რომელსაც აქვს განვითარების ისეთი დიაპაზონი, რომელსაც ევრაზიასა და შუა აზიაში რუსეთის ჰეგემონიასთან სერიოზული დაპირისპირება შეუძლია. რუსული მედიისთვის, რომლის დიდი ნაწილიც ძველებურად მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, უცხო არ არის სახელმწიფოს კარნახით მეზობლებისადმი ნეგატიური განწყობის გაღვივება ან ჩაცხრობა. ბევრ ავტოკრატულ ან ავტორიტარულ რეჟიმებში ეს სტანდარტული პრაქტიკაა და გარკვეულწილად (თუმცა გაცილებით შეზღუდული ფორმით) ის საქართველოსაც ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ აშკარად მეტი გამჭვირვალობა და პლურალიზმია. 

ასეთ შემთხვევაში, სტატიები სადაც საუბარი რუსეთ-თურქეთის ომის საფრთხეზეა ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა მართლაც ამის დამადასტურებელი დეპეშა. თუკი ის არსებობს, ეს იმას ნიშნავს რომ თურქეთმა საქართველო, განსაკუთრებით კი ავტონომიური აჭარა, რომელზეც თურქეთი ფორმალურად ერთგვარ კონტროლს ინარჩუნებს 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თავის რეგიონალურ სისტემაში ჩართო როგორც მისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, თუმცა თუკი ასეთი დეპეშა არ არსებობს, მაშინ ის თუ როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია რუსული ინტერნეტ-მედიის წამყვან გამოცემებში, ასევე ნაკლებად პოპულარული საიტებით, შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეები თურქეთს რუსეთის უპირობო მტრად მიიჩნევენ, რომელთან ბრძოლისთვისაც მზადებაა საჭირო.

ყველა შემთხვევაში, ამ პატარა არასანდო წყაროებით გამყარებული სტატიის გამოქვეყნება, შეიძლება ამ ისედაც არასტაბილურ რეგიონში ახალი ცვლილებების მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცეს. ეს ის თემაა, რომლისთვისაც თვალის მიდევნებაც აუცილებელია, რადგან მან შეიძლება იმ ბარომეტრის როლი შეასრულოს, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ როგორი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას უახლოეს წლებში.
[foreignpress.ge]