ქართული პოლიტიკის გროტესკული სცენარი

ქართული პოლიტიკის გროტესკული სცენარი

ევროკავშირის მესამე ცდა და შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი, რომელსაც შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწეროს. ახალი 5-პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა, წერია, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით, ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, - ნათქვამია მედიატორ შარლ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას გადაეცა.

უკვე ცნობილია, რომ დიდი ალბათობით, ამ მოცემულობით დოკუმნეტს ხელს ევროპელები და ნაციონალები ხელს არ მოაწერენ. დანარჩენმა პარტიებმა ხელმოწერაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვეს. დასავლეთმა უკვე განაცხადა, რომ ესაა საბოლოო დოკუმენტი, რომლის ხელმოწერითაც ან ქვეყანაში არსებული პოლიტკური კრიზისი განიმუხტება, ან კიდევ ყველაფერს ხელიდან გავუშვებთ.

ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ საბოლოო პასუხი უცნობია, თუმცა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრემიერის ჯანმრთელობის და პარტიის თავმჯდომარის ქვეყანაში არყოფნის გამო ჯერჯერობით უმრავლესობის სხდომის დანიშვნა და მსჯელობა ვერ მოხდება. როგორც კი ამის საშუალება იქნება, საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილებას ამცნობენ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფასილიტატორების ჩართულობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ.

„მესამე ცდა! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოების პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შემოთავაზება მიღებულ იქნება ყველა მხარის მიერ. კომპრომისებზე წასვლა საქართველოს გულისთვის არის სიძლიერე. ქართველები იმსახურებენ სრულ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს“, - წერს „ტვიტერზე“ ვიოლა ფონ კრამონი.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მოვლენები, როგორც არ უნდა განვითარდეს და საბოლოოდ შედგება თუ არა შეთანხმება, ევროპას საქართველოს დაკარგვა არ უნდა და ჩვენს შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. ზაქარეიშვილის თქმით, იმდენად ბევრი რესურსი აქვს ევროკავშირს საქართველოს განვითარებაში ჩადებული, რომ ასე ადვილად ფარ-ხმალს არ დაყრის.

 ხედავენ, რომ უკვე ფსკერზე ვართ, ამიტომ ყველანაირ ვარიანტს გვთავაზობენ იმისთვის, იქნებ გადავრჩეთ. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამდენს ვერ ვხვდებით და პროცენტების დონეზე ვაჭრობა მიდის. ანალიტიკოსი „ოცნებას“ ურჩევს, რომ 3%-ზე ვაჭრობა აღარ დაიწყოს, რადგანაც ადგილობრივი არჩევნებისთვის გამარჯვების შანსი აქვს. ამიტომაც დაამტკიცოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს 48% რეალურად აიღო.

„ევროკავშირის მხადაჭერა მართლა გამაოგენებელი და უპრეცედენტოა. საქართველოს ევროპისგან მსგავსი მუხტი და გვერდით დგომა არასდროს უგვრძნია. უდიდესი მადლობა შარლ მიშელს, რომელიც ამდენს ცდილობს და ფიქრობს, იქნება რამე შეგვაგნებინოს. ევროპას საქართველოს დაკარგვა არ უნდა, ამიტომ ყველა ვარიანტს ეძებენ და ამუშავებენ. თუ ეს დოკუმენტიც ჩავარდა, რა თქმა უნდა, გულაცრუება იქნება, მაგრამ იმდენი რესურსი აქვთ საქართველოში ჩადებული, ბოლომდე ხელს მაინც არ ჩაიქნევენ.

ნდობის მომენტი მაქსიამლურად ამოვწურეთ და ახლა ისინი ჩვენს მაგივრად მუშაობენ. სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ, იქნება ამ შეუგნებელ ხალხს რამე შეაგნებინოთო. საქართველოს დაკარგვა ენანებათ. იმდენი ინვესტიციები აქვთ დემოკრატიის განვითარებაში ჩადებული, რომ ასე მარტივად ხელებს ვერ ჩამოუშვებენ. ახლა ისინი ფაქტობრივად, ჩვენს მაგივრად მუშაობენ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გადარჩენაზე ფიქრობენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ახლა ვითარება ისე დაიწრიტა, რომ ევროპა ყველანაირად ცდილობს მხარეები დააახლოვოს. ამიტომ ოპოზიციის გზავნილები დადებითია და წესით, საერთო ნიშნულამდე უნდა დავიდნენ. ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ დუმილს იმით ხსნის, რომ მათ გუნდში უნდა მოილაპარაკაონ. არც იმას გამორიცხავს, გარკვეულ რეკომენდაციებს ბიძინა ივანიშვილისგანაც ელიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილს გამზადებული რეცეპტები აქვს. ის ყველას მოუსმენს, დისკუსიაში შევა. გაიაზრებს ყველას პოზიციას, დოკუმენტს ხელი რატომ უნდა მოაწერონ ან არ მოაწერონ. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას იტყვის.

„ივანიშვილთან მსჯელობა და არგუმენტების დაჭიდება მიდის. ამის შემდეგ რაღაცა პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან. ის ყველას აზრს მოისმენს და ამ დისკუსიაში საბოლოო დასკვნამდე მივა. ასე არაა, რომ მას მზა ფორმულა აქვს. სხვათა შორის ივანიშვილთან კამათი ძალიან საინტერესოა. ყველას გულდასმით უსმენს და არაა ისე თითქოს ის გადაწყვეტილებას ისე იღებს. როგორც წესი, ივანიშვილისგან განსხვავებით, მიხელ სააკაშვილი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. მე მაინც მგონია, რომ მისი დამოკიდებულება ამ დოკუმენტზეც უარყოფითი იქნება. ის იტყვის, რომ არა და მორჩა, ივანიშვილისგან განსხვავებით აზრს არავისაც არ ეკითხება. მგონია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მაინც არ შევა. მას თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს და არაფერს კარგავენ, მათმა ლიდერმა რაც არ უნდა თქვას, მაინც ტაშს დაუკრავენ. სააკაშვილი თავის გადაწყვეტილებას თავად აცხობს, ამას არავის უთანხმებს და პირდაპირ აცხადებს, რა უნდა. გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და შემდეგ თავის ქვეშევრდომებს აცნობებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რათა ყველა ოპოზიციური პარტიის განწყობა და განცხადებები მოისმინოს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. For.ge-სთან ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არც ამ დოკუმენტს მოაწერს, ასევე ეცდება, რომ გვერდით სხვა პარტიებიც ამოიყენოს. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ არაფერი დიდი პროცენტი შეცვლილი არ არის, ამიტომაც ხელისუფლებას ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ უნდა გაუჭირდეს. მისი აზრით, თუ კი ოპოზიციის ნაწილი და „ოცნებაც“ დოკუმენტს ხელს მოაწერენ, ყველაზე მარგინალიზებულ მდგომარეობაში ნაციონალები აღმოჩდებიან, ხოლო დარტყმის ობიექტი დასავლეთის მხრიდან ის გახდება. ამიტომაც პრინციპში, ხელისუფლებისთვის ძალიან მისაღები სიტუაცია შეიქმნება.

„თუ ამ პროცენტებზე ვაჭრობა დაიწყება, ეს სხვა თემაა, მაგრამ არ მგონია, რომ „ოცნება“ ამ 43%-ს ვერ აიღებს. ხელისუფლებამ ხმების ეს რაოდენობაც რომ ვერ აიღოს, მას საკამოდ კარგი დრო ეძლევა 2022 წლამდე იმისთვის, რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს და რეალურად ისევ გაიმარჯვოს. ამიტომ ორივე ვარიანტი მისაღები უნდა იყოს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ თუკი დანარჩენმა ოპოზიციამ ამ დოკუმნეტს ხელი მოაწერა, ის ქუჩაში დარჩება და მისი მარგინალიზება საბოლოოდ მოხდება. „ოცნება“ თუ ხელს არ მოაწერს, ეს მისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან დასავლეთისგან საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოხვდება. თუ არც „ოცნება“ და არც ნაციონალები ხელს არ მოაწერენ, მაშინ არ მგონია, მედიაციის ეს ფორმა ევროკავშირმა ღიად კიდევ გააგრძელოს. შეიძლება ამან უკვე კულისებში გადაინაცვლოს და მოლაპარაკებები დახურულ ფორმტში გაგრძელდეს. ღია საუბრები დახურულად გამოცხადდება, მაგრამ სხვა პროცესი დაიწყება. „ოცნება“ თუ ხელს მოაწერს და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ნაციონალების გარეშე, მაშინ შეიძლება მათ პოლიტიკურად იმხელა დარტყმა მიიღონ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.