78 დასავლელი ხელოვანი პუტინს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნისთან ექიმი დაუშვას

78 დასავლელი ხელოვანი პუტინს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნისთან ექიმი დაუშვას

ფრანგულმა გამოცემამ Le Monde გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც კულტურის სფეროს დასავლელი მოღვაწეები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სამედიცინო დახმარებაზე წვდომა უზრუნველყოს.

წერილს ხელს აწერს 78 ხელოვანი, მათ შორის არის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი, მსახიობები ბენედიქტ ქამბერბეჩი, ჯუდ ლოუ და დევიდ დუჰოვნი, ჯგუფ Radiohead-ის ლიდერი ტომ იორკი, მწერლები ჯოან როულინგი, სალმან რუშდი, ელიფ შაფაქი და ნილ გეიმანი, მხატვარი არტ შპიგელმანი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ხუთი ლაურეატი: სვეტლანა ალექსიევიჩი, ჯონ კუტზეე, ჰერტა მიულერი, ლუიზა გლიუკი და ორჰან ფამუქი.

„ალექსეი ნავალნის აღენიშნება მძიმე ნევროლოგიური აშლილობის კლინიკური ნიშნები, რასაც მოჰყვება წელის მუდმივი ტკივილი და კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. მას აქვს ძლიერი ხველა და მაღალი ტემპერატურა. ნავალნი ითხოვს, რომ ის ექიმმა მოინახულოს და უმკურნალოს. ეს რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა. მას შემდეგ რაც მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, 30 მარტს ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო.

მოგმართავთ, რათა ალექსეი ნავალნიმ დაუყოვნებლივ მიიღოს კომპეტენტური სამედიცინო კონსულტაცია და მკურნალობა, რასაც ის სასწრაფოდ საჭიროებს და რისი უფლებაც აქვს, როგორც რუსეთის მოქალაქეს. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა და კანონის გარანტმა, თქვენ ამ უფლების განხორციელება უნდა უზრუნველყოთ“, - ნათქვამია ღია წერილში.

5 აპრილს რესპირატორული დაავადების ნიშნების გამო, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელი კოლონიის სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს.