ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეტარტამენტი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებენ განცხადებებს, რომლითაც ოფიციალურ მოსკოვს შავ ზღვასა და ქეჩის სრუტეში ნავიგაციის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ, - ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს გემების გადაადგილების შეზღუდვა რეგიონში. ჩვენ რეგულარულად გადავაადგილებდით სამხედრო-საზღვაო გემებს შავ ზღვაში და ეს გაგრძელდება. კრემლის გადაწყვეტილება შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის მხოლოდ უკანასკნელი მაგალითია და ეს დაჟინება გავლენას ვერ იქონიებს აშშ-ის გეგმებზე“ - აცხადებს პენტაგონი.
ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი, ოანა ლუნგესკუ კი ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი შეზღუდვები მოსკოვის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის უფრო ფართო სქემის ნაწილია.
„რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მიმდინარე მილიტარიზაცია კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის მთელი რეგიონის სტაბილურობას. რუსეთს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს აზოვის ზღვიდან უკრაინის პორტებისკენ თავისუფალი გადაადგილება და ნავიგაციის თავისუფლება“ - ამბობს ლუნგესკუ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში შეზღუდვები 24 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და რუსეთის ტერიტორიული წყლებთან ახლოს, უცხო ქვეყნების ხომალდების გავლა აკრძალული იქნება.
ქერჩის სრუტე ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებს შორის მდებარეობს. ის შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს.