ხელისუფლება დედაქალაქიდან დევნილების უკანონო გასახლების ახალ ტალღას იწყებს. უახლოეს ხანში გამოსახლების საფრთხე თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ ასეულობით ოჯახს ემუქრება. მთავრობა იმ „დათმობაზეც“ კი არ მიდის, რომ დევნილები შობა-ახალ წელს სახლებში შეხვდნენ.
სააახალწლოდ შენობების დატოვების ბრძანება თბილისის კომპაქტური ჩასახლების 30-მდე ობიექტში მიიღეს. იძულებით გადაადგილებულები ხელისუფლებას დევნილთა გამოსახლების პროცესის შეჩერებისკენ და ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტი აქციები გაიმართება.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას „დევნილების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში“ ადანაშაულებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალასანიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები მიცკევიჩის ქუჩასა და ბაგებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
„დადასტურებით შეიძლება, ითქვას, რომ ხელისუფლებამ დევნილებს მართლაც „წინასაახლაწლო სიურპრიზი“ გაუკეთა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, დევნილების გადაადგილება ნებაყოფლობით განხორციელდეს. გარდა ამისა, მათი საცხოვრებელი ფართი ძველზე გაცილებით უკეთესი უნდა იყოს. რაც მთავარია, საზოგადოებამ ზუსტად უნდა შეაფასოს ის ცინიკური დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება წინასაახალწლოდ დევნილების მიმართ იჩენს“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, საკრებულოში ვიქტორ დოლიძის თაოსნობით სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული. „ეს ჯგუფი შეიკრიბება და სასწრაფო წესით მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ამ დევნილებისთვის დახმარების აღმოჩენა“, – დასძინა ალასანიამ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას „დევნილების მოტყუებაში“ ადანაშაულებს. როგორც ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, „დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა და სრულიად გაუსაძლისი გახდა“.
„ხელისუფლების ცინიზმისა და არაადამიანური დამოკიდებულების გამო სოხუმიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ლტოლვილთა სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. გარდა ამისა, უკვე სამი თვეა, ამავე სამინისტროს წინ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფი პრობლემის გადაწყვეტას ამაოდ ითხოვს.
ეს მაშინ, როდესაც დევნილებთან მიმართებაში ხელისუფლების მიერ ღიად დეკლარირებული მთავარი მიზანი მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით გაპიარებული დევნილთა განსახლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მხოლოდ განცხადებად დარჩა. დევნილებთან მიმართებში ხელისუფლების ერთადერთი აქტიური სამუშაოები მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების კუთხით მიმდინარეობს“, - განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კომპაქტური ჩასახლების 11 ობიექტში ხელისუფლებამ დევნილებს საცხოვრებელი ფართის ორ კვირაში დაცლის კატეგორიული მოთხოვნით წერილები დაუგზავნა და დასაცლელად კიდევ 36 ობიექტი მზადდება.
„ხელისუფლება დევნილებს ისევ ატყუებს, როდესაც აცხადებს, რომ დევნილებისთვის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართები მზადაა და რეალურად ბავშვებს, ინვალიდებს, მოხუცებსა და ქალებს თავშესაფარის გარეშე ტოვებს. მან დევნილები მაშინაც მოატყუა, როდესაც მათ ფოცხოეწერში „კეთილმოწობილი“ საცხოვრებელი შესთავაზა.
ხელისუფლების მიერ ამ უკაცრიელ სოფელში იძულების წესით ჩასახლებული 20 ოჯახიდან უმეტესობა გაუსაძლისი პირობების გამო უკან გამოიქცა და დღესაც თავშესაფრის ძიებაშია“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელმა, რომლის შეფასებით, „აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ზრუნავს“.
ყოლბაიას თქმით, „სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება - დევნილები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს, ამავდროულად კი, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში უნდა დააკმაყოფილოს და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს“.
გარდა ამისა, როგორც ყოლბაიამ განაცხადა, „ყველასთვის ცნობილია სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადება სახლების რეაბილიტაციისთვის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გამეფებულ კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხებით ამ დრომდე არცერთი შესაბამისი სრუქტურა არ დაინტერესებულა და სახალხო დამცველის საკმაოდ მძიმე ბრალდებებს არც ადექვატური რეაგირება მოჰყოლია“.
„ქართული პარტია“ დევნილების მიმართ რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვს და ამ მოთხოვნით დევნილთა აქციას შეუერთდება. როგორც „ქართული პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ხელისუფლების მხრიდან დევნილების მიმართ განხორციელებული ქმედებები საკუთარ მოქალაქეებთან გამოუცხადებელი ომის ტოლფასია“.
„სააკაშვილის რეჟიმი გამოუცხადებელ ომს თანამოქალაქეების, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის წინააღმდეგ განაგრძობს. ხელისუფლება იწყებს დედაქალაქიდან დევნილების უკანონო გასახლების ახალ ტალღას იწყებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ძალისხმევით, ცოტა ხნით იყო შეჩერებული“, - აცხადებენ "ქართულ პარტიაში".
მათივე ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოსახლების საფრთხე თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ ასეულობით ოჯახს ემუქრება.
„მმართველი რეჟიმი იმ „დათმობაზეც“ კი არ მიდის, რომ დევნილები შობა-ახალ წელს სახლებში შეხვდნენ. ხელისუფლება ცდილობს, ერთხელ უკვე დევნილი ადამიანები რაც შეიძლება, სწრაფად აქციოს ხელმეორე დევნილებად“, - აცხადებენ პარტიაში.
ამასთან, „ქართული პარტია“ ოპოზიციურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ დევნილთა მხარდამჭერ აქციაში და მათ მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
„ქართული პარტია“ ასევე მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას საქართველოში და მის პარტნიორებს - დანიის ლტოლვილთა საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, „აიძულონ სააკაშვილის ხელისუფლება, შეწყვიტოს რეპრესიები და ძალადობა დევნილების მიმართ“.
მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ ხელისუფლებას დევნილთა „სამარცხვინო“ გამოსახლების პროცესის შეჩერებას სთხოვს და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესის შესახებ დიპლომატიური კორპუსისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.
„თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, რომლის მიხედვით, მათ ახალ წლამდე შენობები უნდა დატოვონ. ამ დევნილებს ჩასახლებას გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში, ლესიჭინეში და ფოცხოეწერში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში, ნარაზენში, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში და აბაშის რაიონის სოფელ აბაშისპირში ჰპირდებიან. მაინტერესებს, რა ხდება იმ ჩინოვნიკის გულში, ვინც დევნილებს საახალწლოდ სახლიდან გამოყრას უპირებს?!“ - განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ „ჩვენ თვითონ“ ამასთან შეგუებას არ აპირებს და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქციების გამართვას გეგმავს.
„სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ იმ ჩინოვნიკს, ვინც ნანა ფიფია დაწვა. ფიფიას მკვლელობის შედეგი პროკურატურის დუმილი და ტელეკომპანიების მიერ დევნილებისა და კობა სუბელიანის მხიარული შეხვედრების გაპიარებაა“, - განაცხადა დავითაიამ.
ამასთან, „ჩვენ თვითონ“ არა კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის, არამედ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
დავითაიამ ის ფაქტიც გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სწორედ დევნილთა საკითხზე ორჯერ დაიბარეს და არცერთხელ არ მისულა. „პრემიერს უბრალოდ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა“, - დასძინა მან.
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებების ობიექტებიდან მათი გამოსახლების შეჩერების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, თბილისის მერს, კათოლიკოს-პატრიარქს, ნორვეგიის საელჩოსა და გაერო-ს უმაღლეს კომისარიატს ღია წერილით მიმართა.
როგორც „პირWელს“ „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თანათავმჯდომარემ დიმიტრი ომანაძემ განუცხადა, დევნილები თბილისში ალტერნატიული ფართების გამონახვამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დევნილების გამოსახლება ტაშკენტის #5, #7, ყაზბეგის #25, სამღერეთის #13, კანდელაკის #12, მიცკევიჩის #29, ზუბალაშვილების #42, ქერჩის #3, გურამიშვილის #17, #64, ქეთევან წამებულის #71, ყიფშიძის 34, უშანგი ჩხეიძის #8, ასევე თბილისის ზღვასა და სტუდქალაქში კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტებიდან იგეგმება.