ოპოზიცია ნოკდაუნშია, ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკური „ტრუკი“ გაუთამაშა, რომ თუ გონს დროზე არ მოვიდნენ, ალბათ, ადგილობრივი არჩევნებისთვის უკვე მოგუდულები იქნებიან. „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ისინი პუნქტებში მოცემულ ყველა დეტალის შესრულების პირობას დებენ და ამბობენ, რომ ბონუსად ადგილობრივი არჩევნებისთვის ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ამატებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობის 40%-მდე მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას გადახედავენ. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, ჯერჯერობით უცნობია ამას ხელისუფლება რა ფორმით გადაწყვეტს.
„ოცნების“ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუკი ოპოზიცია ხელმოწერაზე უარს იტყვის, მაშინ დასავლეთის მხრიდან მთელი ზეწოლის და პასუხისმგებლობის ტვირთი მათთზე გადავა. 15 მაისს აქციისთვის ხალხის მოსაგროვებლად რეგიონებში გასულ ოპოზიციას მოსახლეობისთვის იმის დამატებით ახსნა მოუწევს, მოცემულ დოკუმენტს ხელს რატომ არ აწერენ?
მანამდე კი დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.
ევროკავშირის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მივესალმებით „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას და ვხედავთ, რომ ეს არის ნიშანი სურვილის, კვლავ ჩაერთონ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა მიშელმა 1 მარტს საქართველოში ვიზიტის დროს პირადად შედგენილი ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, რომელიც წარადგინა ელჩმა კრისტიან დენიელსონმა 30 მარტს.
ამ უწყვეტი დიალოგის ინკლუზიური ხასიათი აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები სწრაფად მივიდნენ კომპრომისამდე, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ქართველი ხალხის ინტერესებისა და ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის“.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას კრისტიან დენიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით აშშ-ში ვიზიტად მყოფი ირაკლი კობახიძე ეხმიანება.
„ჩვენ ვერ გამოვიტანთ დეტალებს იმ საუბრების, რომელიც პარტნიორებთან შედგა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა ამ კონსულტაციებიდან, რომელიც შედგა. ახლა ოპოზიციაზეა ჯერი, ისინი თამაშობენ ქართულ თამაშს თუ რუსულ თამაშს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
დოკუმენტის პირველივე თავი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას ეხება, სადაც ერთ-ერთი ქვეპუნქტია ის, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენებზე დაკავებულებს ამნისტიის კანონი შეეხოთ, რაც, ნაწილობრივ, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობაცაა, თუმცა, არა რურუასი, რაც ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის პრინციპულ საკითხად რჩება. ესეც რომ არა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ დოკუმენტის ხელმოწერაზე ცალსახა უარს იმიტომ ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებაზე გარანტიები ვერ მიიღეს, განსაკუთრებით კი 40%-იანი კომპონენტი დაიწუნეს.
ნაკლებად ხისტები იყვნენ შეფასებებში ოპოზიციის სხვა ნაწილში, სადაც თალაკვაძის შეთავაზებას ბოლომდე კომპრომისს ვერ არქმევენ და მხოლოდ ის შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ამერიკაში მყოფ ირაკლი კობახიძეს პარტნიორები მკაცრად დაელაპარაკნენ. აქ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერიც და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული გზავნილებიც დაიწუნეს, თუმცა ამასთან ისიც თქვეს, რომ საკითხს განიხილავენ, გუნდშიც და ერთმანეთშიც და ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ის, რაც ცალსახად არ მოსწონთ, თვითმმართველობებზე „ოცნების“ გარანტირებული უპირატესობაა.
„ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ, რომ კომპრომისული ნაბიჯი ამერიკელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე მიიღეს, ამის არგუმენტად სოზარ სუბარი ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ დიპლომატებთან შეხვედრაზე მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ისედაც საუბრობდა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დროს გიორგი რურუას შესახებაც იყო საუბარი. მათ შორის, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ იყო საუბარი გიორგი რურუას ე.წ. სამაჯურის პირობით გათავისუფლებაზე.
„მე, უბრალოდ, გაგიზიარებთ, არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაც მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო, ე.წ. უდო იყო განხილული, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი... მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ შემოთავაზებული იყო. დოკუმენტში ჩაწერილი არ ყოფილა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება „ოცნებამ“ იმიტომ კი არ მიიღო, რომ მმართველ გუნდს ეს უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ იმუშავა სათანადოდ.
„ძალიან სწორად მიდის ყველაფერი. დამერწმუნეთ, რომ დღეს თალაკვაძე რომ გამოვიდა და გააკეთა ეს განცხადება, იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ასე უნდოდა, იმიტომ, რომ სწორედ ჩვენმა არგუმენტაციამ და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. თქვენ პირველად მოისმინეთ მათი სიტყვიდან, რომ ისინი რაღაც მექანიზმზე უკვე საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ „ოცნებამ“ საკამოდ სწორი და კარგი ნაბიჯი გადადგა, რომლის მეშვეობითაც პასუხისმგებლობის ტვირთი ოპოზიციაზე გადავა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მაშინ მას საზოგადეობისთვის და დასავლეთისთვის კიდევ უფრო მეტი ასახსნელი ექნება. მეორე მხრივ კი, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციამ მონაწილეობაც რომ არ მიიღოს, „ოცნებას“ მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერს.
დოკუმენტზე ხელისუფლების ხელმოწერის შემდეგ, ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საერთოდ აღარ იქნება. ოპოზიცია ამის მოთხოვნას ვეღარც გაბედავს. ახლა, მთავარია, ხელისუფლებამ გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების გზა იპოვოს, რათა ეს კოზირიც ოპოზიციას ხელიდან გამოაცალოს. რაც შეეხება 15 მაისის აქციას, ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა კიდევ უფრო გაუჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი ოპოზიციის მოთხოვნებს საერთოდ ყურსაც აღარ ათხოვებს.
„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და დენიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მსოფლიო ადგილობრივ არჩევნებს აღიარებს. ვადამდელი არჩევნების თემა კი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნება. 15 მაისს ძალიან ცოტა ადამიანი გამოვა, ამიტომ მათ ვურჩევ საკუთარი გადაწყვეტილების მძევლები არ გახდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთის თვალში უკვე დიდი ხანია დისკრედიტირებულია. ისინი არანაირი გმირები და დემოკრატები არ არიან. უბრალოდ, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია ის, ვინც ხელისუფლებაში ხალხის ნებით მოდის. ისინი ხედავენ, რომ მოსახლეობა ქუჩაში არ გამოდის და „ოცნებას“ არ ედავებიან, არჩევნები რატომ გააყალბეთო. მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში დემოკრატიულად მოსვლა არაა მნიშვნელოვანი. დემოკრატია მათთვის ხალხის ნების რეალიზაციაა. ეს ნება კი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და ქუჩის მიტინგები არ არის. ამიტომაც თუ ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, დასავლეთის თვალში ისინი სრულიად მარგინალიზებულ ძალად იქცევიან. დასავლეთი იტყვის, ძლივს მოვიდა საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს გვიწევს და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას იღებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატია თუ არ არის, დასავლეთს ის ეიმედება, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია არაა. მათთვის ქვეყანაში სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია და არა ის დასავლურ დემოკრატიას რამდენად შეესაბამება. არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატია არაა და მათთვის საქართველო ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად გამოიყურება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოდის და არც არავის დევნიან და იჭერენ. ოპოზიცია ჩაფლავებულია, ვერაფერს მიაღწიეს და ამიტომ უკვე როგორც მოიქცევიან, დასავლეთიც ისეთ პასუხისმგებლობას დააკისრებს. თუ ოპოზიცია თბილისს ხალხით გაავსებს, ისინი სახლში კვირების განმავლობაში არ წავლენ და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ, დასავლეთი ამას ანგარიშს გაუწევს. ვერ გააკეთებენ ამას და, მაშინ ჩვენი პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ.
„როგოც იქნა დასავლეთმა ხელების ამოგრეხვის გარეშე საქართველოში ქმედითუნარიან ხელისუფლებას მიაღწია. მით უმეტეს ამას უკვე გიორგი გახარიას ფაქტორი დაემთხვა. ის უკვე ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდება და პოლიტიკური ცენტრი „ქართულ ოცნებაში“ შიგნით გადავიდა და იმედი აქვთ ადგილობრივი არჩევნები გარკვეულ დინამიკას და მიმართულებას მიიღებს, სადაც შეიძლება რადიკალური ოპოზიციის ადგილი აღარც იყოს და ერთი-ორი ახტომის შედეგად ნაციონალები დაბლა თავად ჩამოვარდებიან“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ პატარა პარტიები ნაციონალების გავლენისგან და შანტაჟისგან თავს გაითავისუფლებენ და „გირჩის“ მსგავსად რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივლენ. ბოჟაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მსგავსი გადაწყვეტილება „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ მიიღოს, რადგანაც სხვაგვარად მცირე პარტიები ამომრჩეველს დაკარგავენ, რაც კვლევებიდანაც ნათლად გამოჩნდა. ამიტომაც, თუკი დროზე არ იმოქმედებენ და კიდევ ენმ-ის დღის წესრიგს გაჰყვებიან, მათი პოლიტიკური მომავალი გაურკვეველი იქნება.
„ვფიქრობ, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმება აუცილებლად შედგება. ხელი მოეწერება იმ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონის მიერ იქნა შემუშავებული. ასევე თავად დენიელსონის მესამე ვიზიტსაც არ გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ამის საკმარისი პირობები უნდა არსებობდეს. მათ შორის „ქართული ოცნებას“ არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არიან სხვადასხვა სახის კომპრომისზე წასსასვლელად. მათ ეს უკვე დოკუმენტზე ხელმოწერით დაამტკიცეს.
რა თქმა უნდა, ეს კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს და ე.წ. პოლიტპატიმრების უპირობა გათავისუფლებას არ გულისხმობს. თუმცა არსებობს მექანიზმები იგივე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან მიმართებაში. ეს შეიძლება ამინისტია იყოს კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, რაც მის გათავისუფლებას გამოიწვევს. თქვენ იცით, იგივე რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რომელიც დენიელსონის დოკუმენტში აღარ მოხვდა. მას შემდეგ, რაც ეუთოს დასკვნა გამოქვეყნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არ შევა პარალმენტში, ადასტურებს, რომ მას არანაირი მოლაპარაკება არ აწყობს“, - აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ენმ-ს არაფერში სჭირდება ბარიერის 3%-მდე დაწევა, ამიტომაც საკონსტიტუციო უმრავლესობას არ შექმნის და ამ რეფომების გატარება ვერ მოხდება. ყველამ კარგად იცის ამის ინიციატორი „ოცნება“ იყო და ეს ხელმოწერითაც დაამოწმა, ამიტომაც მთელი წილი პასუხისმგებლობაც ნაციონალებზე მოდის. ბოჟაძის აზრით, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ოპოზიციაზე კიდევ უფრო გაძლიერდება. ხოლო თუ ისინი ხელს დოკუმენტს არ მოაწერენ, დასავლეთის თვალში მარგინალიზებულები იქნებიან.