81 წლის ნიკოლაი ხაშიგი 1932 წელს დაიბადა სოხუმში. ზუსტად ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიქტატორმა სტალინმა აფხაზეთს სსრკ-ის სრულუფლებიანი რესპუბლიკის სტატუსი ჩამოართვა და საბჭოთა საქართველოს რეგიონად აქცია. დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით აფხაზეთს დიდხანს არ უსარგებლია.
1936 წლის ბოლოს, ლავრენტი ბერიამ, კავკასიის რეგიონის იმჟამინდელმა ლიდერმა და მოგვიანებით, სტალინის სადისტური საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელმა, პოპულარული აფხაზი ლიდერი ნესტორ ლაკობა თბილისში, თავის სახლში სადილად დაპატიჟა. ლაკობა მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით – ასეთი იყო ოფიციალური ვერსია, თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ სტალინის ყოფილი თანამებრძოლი მოწამლეს.
როდესაც 1937 წელს რეპრესიები დაიწყო, აფხაზეთის მთელი მთავრობა დააპატიმრეს და განაჩენი გამოუტანეს საჩვენებელ სასამართლო პროცესზე. საბჭოთა არქივების გახსნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბერიამ მათი დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის ბრძანება სასამართლოს დაწყებამდე გასცა. კოლექტივიზაციის პროცესი აფხაზეთში განსაკუთრებულად სასტიკად წარიმართა. საბჭოთა პუბლიკაციები იმას ამტკიცებდნენ, რომ აფხაზები ქართული წარმომავლობის იყვნენ.
„ასეთი ძალმომრეობა, ასეთი დამცირება, ასეთი ძალადობა, ასეთი გენოციდი“, იხსენებს ხაშიგი. „ჩვენს ხალხს მანამდე არაფერი ასეთი არ გადაუტანია“.
ამ კონტექსტში, მეორე მსოფლიო ომი ამოსუნთქვა იყო, მაგრამ 1930 წელს დაწყებული საქმე, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაგრძელდა. იმ მომენტისთვის ხაშიგი უკვე უფროს კლასებში სწავლობდა.
„1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, აფხაზური სკოლები დაიხურა და იძულებითი ასიმილაცია დაიწყო“, ამბობს ის. „ჩვენი ბავშვები, ჩვენ ქართულს ვსწავლობდით და ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდით აფხაზური“.
როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ძველმა წყენამ ზედაპირზე იწყო ამოსვლა.1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და აფხაზ სეპარატისტებს მათ ბრძოლაში შემოუერთდათ კავკასიის სხვა განაწყენებული ხალხების – ჩეჩნების, ჩერქეზების, ოსებისა და კაზაკების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, აფხაზებს აქტიურად უჭერდა მხარს რუსული ჯარი. დაახლოებით 8,000 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 240,000 ეთნიკური ქართველი აფხაზეთიდან გამოაძევეს.
2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობა რუსეთმა და ორიოდე სხვა ქვეყანამ აღიარა. საქართველო და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აცხადებს, რომ რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ხაშიგიც უიმედოდ უწოდებს აფხაზეთს „რუსეთის კოლონიას“.
უცნაური სასაზღვრო პოლიტიკა, მასობრივი დეპორტაცია
1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებულმა კონფლიქტებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ტერიტორიაზე იფეთქა. ამ ეთნიკურ კონფლიქტებს, რომელიც გაამწვავა 60 წლით ადრე წარმოებულმა საბჭოთა პოლიტიკამ, „სტალინის ეპოქის შენელებული მოქმედების ნაღმები“ უწოდეს.
ეს კონფლიქტები, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე ტერიტორიების დახლართულ ნარევს მოედო, ბევრი თვალსაზრისით იმ ნაციონალური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხშირად სასტიკად ატარებდნენ ცხოვრებაში თითქმის 30 წლის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირს სათავეში სტალინი ედგა.
ამ კონფლიქტებს შორისაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ეთნიკური სომხებით დასახლებულ აზერბაიჯანულ რეგიონში მოხდა; კონფლიქტი რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკა ჩეჩნეთში, მის მეზობელ რესპუბლიკებსა და მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში.
სტალინის პოლიტიკა გულისხმობდა უცნაურ სასაზღვრო პოლიტიკას, მთელი ეთნიკური ჯგუფების გადასახლებას, ეთნიკური რუსების მასობრივ ჩასახლებას სხვადასხვა რეგიონში. ამ პოლიტიკამ შექმნა და გააღრმავა კონფლიქტები, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია იმის გასაგებად, თუ რა ხდება დღეს ევრაზიაში.
საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, ვლადიმერ ლენინისა და სტალინის მმართველობის პირველ წლებში საბჭოთა მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნაციონალიზმი იმპერიული სისტემისთვის დამახასიათებელი სენი იყო. ისინი ცდილობდნენ ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც მულტინაციონალურ ევრაზიულ სივრცეს ერთიან საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფოდ აქცევდა.
„ეს უნდა განხორციელებულიყო ეკონომიკისა და სოციალური საფუძვლების ტრანსფორმაციით, კულტურული საფუძვლების ტრანსფორმაციით, რადგან (სტალინი) ამას დიდ ყურადღებას უთმობდა – სხვადასხვა ეროვნებების სრულ ინტეგრირებას ერთ სოციალისტურ სახელმწიფოში“, ამბობს სტივენ ბლანკი, აშშ-ის სამხედრო კოლეჯის ეროვნული უსაფრთხოების პროფესორი, ავტორი წიგნისა, რომელიც სტალინის ბიოგრაფიის იმ პერიოდს ეძღვნება, როდესაც ის ეროვნებათა საქმეების სახელმწიფო კომისარი იყო. „ეს პოლიტიკა მთლიანად ეფუძნებოდა იმ რწმენას, რომ ცენტრალიზებული, სოციალისტური სისტემის შექმნა მოაგვარებდა ეროვნულ პრობლემებს“.
ტერი მარტინი, ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსული და ევრაზიული კვლევების დევისის ცენტრის დირექტორი და თანაავტორი წიგნისა „ეროვნებათა სახელმწიფო: იმპერია და ნაციონალური პოლიტიკა ლენინისა და სტალინის ეპოქაში“, ამ აზრს ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ საბჭოთა მმართველებმა პრობლემები თავიდანვე შექმნეს, რადგან საზღვრები ზუსტად ეთნიკური ხაზების გასწვრივ გაავლეს იქ, სადაც ეთნიკური იდენტობა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო.
„თუ მათ შექმნეს პირობები ეთნიკური კონფლიქტებისთვის, მათ ეს პირობები შექმნეს იმით, რომ ზედმეტად ზუსტად გაავლეს საზღვრები“, განაცხადა მან. „მათ 1920-იან წლებში საზღვრების გარშემო დიდი ეთნიკური მობილიზაცია გამოიწვიეს. ადამიანები ცდილობდნენ მიეღოთ გარკვეული საზღვრები და ცდილობდნენ იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური იდენტობა არამდგრადი იყო, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში, სხვადასხვა ხალხებს მათი ეთნიკური იდენტობა მიეღოთ და არა სხვა ერისა. (დღეს) არსებულ ეროვნებებს შორის, იმ დროს ბევრი ჯერ ჩამოყალიბებულიც კი არ იყო“.
მარტინის თქმით, როდესაც სტალინის ერა მოძველდა და საბჭოთა კავშირი შევიდა ინტენსიური, ცენტრალიზებული ეკონომიკური მოდერნიზაციის ფაზაში, ეროვნული პოლიტიკა შეიცვალა.
„1930-იან წლებში გაჩნდა იდეა, რომ რუსეთი უპირველესია თანასწორთა შორის“, ამბობს ის. „და ეს იდეა ფორმალიზებულ იქნა ისეთი დევიზით, როგორიცაა „ხალხთა მეგობრობა“. ამ სამეგობროში რუსეთი უფროსი ძმა და დომინანტური მოთამაშე იყო“.
ნაკლები სისხლით
ისტორიკოსები დღესაც კამათობენ სტალინის ეპოქის ბევრი საბედისწერო გადაწყვეტილების გამო. განვიხილოთ მთიანი ყარაბაღის მაგალითი, აზერბაიჯანის ცენტრში მდებარე ეს რეგიონი სომხებით არის დასახლებული. პოლ გობლი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის მრჩეველი საბჭოთა კავშირის ეროვნებათა საკითხებში, ამბობს, რომ ეს რეგიონი აზერბაიჯანს ერთი მიზნით გადაეცა – მოსკოვს უნდოდა განემტკიცებინა არბიტრის როლი ერევანსა და ბაქოს შორის.
მარტინის აზრით, თურქულენოვანი აზერბაიჯანისთვის რეგიონის გადაცემა გადაწყდა იმიტომ, რომ ჩაეშოშმინებინათ მეზობელი თურქეთი იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი გეოპოლიტიკურად მოწყვლადი იყო.
რუსი ეთნოგრაფი ანატოლი იამსკოვის აზრით კი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ მწყემსებს შეძლებოდათ მაღალმთიან და დაბლობში მდებარე საძოვრებზე საქონელი გაერეკათ თავისუფლად და რესპუბლიკის საზღვრები არ გადაეკვეთათ.
როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების ლოგიკა, ფაქტია, რომ ყარაბაღი კავკასიაში ცხელ წერტილად რჩება და განსაზღვრავს ურთიერთობას კავკასიის ქვეყნებს შორის (და მათ ურთიერთობებს რუსეთთან) მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.
ასითივე კონფლიქტებმა ქართულ რეგიონებში – აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში, დააზარალა ქვეყნის პოსტსაბჭოთა განვითარება. იგივე ითქმის მოლდოვის რეგიონზე, დნესტრისპირეთზე და რუსეთის მოუსვენარ ჩრდილოეთ კავკასიაზე.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯა ამ კონფლიქტების მოგვარებაზე 1994 წლიდან, მას მერე, რაც ის მუდმივმოქმედ ორგანიზაციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებმა, რომლებიც სტალინის მიერ ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმების შედეგია, ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით ათასი დევნილად აქცია და შეიწირა ბევრი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსი, მარტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლა მაინც ნაკლებად სისხლიანი და ძალადობრივი იყო, ვიდრე ბევრი სხვა იმპერიის დაშლა.
„თუ შეადარებთ ამას ბრიტანეთის იმპერიის დაშლას ინდოეთში, ერთი კითხვა გაგიჩნდებათ? რატომ მოხდა ყველაფერი ასე მშვიდად?“ კითხულობს მარტინი. „თუ, როგორც მე ერთხელ ვთქვი ეს კონფერენციაზე, შევადარებთ რუსეთის იმპერიის დასასრულს ყაზახეთში და საბჭოთა კავშირის დასასრულს ყაზახეთში, ისევ ასეთი კითხვა ჩნდება – რატომ წარიმართა ყველაფერი ასე მშვიდად ყაზახეთის რესპუბლიკაში?“
მაგრამ ასეთი არგუმენტი ვერაფრით დაამშვიდებს ლუდმილა გუსარიოვის მსგავს ადამიანებს.
1992 წელს ის სოფელ კოჩიერში (Cocieri) მასწავლებელი იყო. ის დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე ცხოვრობდა, სოფლის მცხოვრებლები დნესტრისპირეთის სეპარატისტებს ებრძოდნენ. ამ ბრძოლებში დაიღუპნენ მისი ქმარი და ბიძა.
„დედაჩემიც დაიჭრა ამ კონფლიქტის დროს“, ამბობს ის. „ისინი ორი მიმართულებიდან გვბომბავდნენ და გვესროდნენ. როცა ერთი მიმართულებიდან შეწყვეტდნენ ცეცხლს, მეორე მიმართულებიდან იწყებდნენ სროლას“.
foreignpress.ge