„თუ გახარიას მიზანი იქნება „ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირება, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება“

„თუ გახარიას მიზანი იქნება „ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირება, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება“

გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას არ ჩქარობს, კონსულტაციებს მართავს საზოგადოების წევრებთან, ასევე დაგეგმილია აქვს შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან. იგი გუნდთან ერთად საზოგადოების წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება. გუნდის პრეზენტაციის ადგილი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გახარია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი თბილისის მერობისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ გახარიას საპარლამენტო გუნდმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა.

მმართველ პარტიაში ყოფილ პრემიერს ძლიერ კონკურენტად არ განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას რეიტინგს პარტია „ქართული ოცნება“ განსაზღვრავდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ექს–პრემიერი ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერ იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არასწორია და როდესაც პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმა ასე იწყება, გაგრძელებაც ასეთი იქნება.

„სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, ამომრჩევლის რომელ ნაწილს უმიზნებს გახარია, მაგრამ უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ გახარიას მიზანი იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გადაბირება, მისი პოლიტიკური მოსავალი მიზერული იქნება. უმრავლესობის წევრის განცხადებით, გახარიას პიროვნული რეიტინგი იმ მრავალი ფაქტორიდან გამომდინარეობდა, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერისა და პრემიერ–მინისტრის მიმართ.

„სასურველია, რომ საქართველოში იყოს ისეთი პარტია, რომელსაც ექნება უნარი, პოზიტიური დღის წესრიგის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. რეიტინგის პირდაპირი კონვერტაცია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის, რამდენად რეალური იქნება, დრო გვაჩვენებს. ვფიქრობ, თუ მისი პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, პარტიების მიერ მიტოვებული ამომრჩევლის ხმების მოზიდვა, მას როგორც პოლიტიკურ პარტიას, გარკვეული წარმატების პერსპექტივა ექნება.

თუ მისი მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება. ის პიროვნებები, ვინც გადავიდნენ გახარიასთან, მასთან პიროვნულად იყვნენ დაკავშირებულები და რაღაც ვალდებულებები გააჩნდათ“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დეპუტატი შალვა კერესელიძე უკვე ოპოზიციური ფლანგიდან პასუხობს მმართველ გუნდს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ იყო მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მისი გამარჯვება მთლიანად „ოცნების“ დამსახურებაა.

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში აიღო. ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი. საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, მაგრამ ისეთი რეიტინგული, რიგორიც გახარიაა, არც ერთი არ ყოფილა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გახარია დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს ვერ ითამაშებს, თუმცა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გახარია არა მარტო ოპოზიციას წაართმევს მომხრეებს, არამედ მმართველ პარტიასაც. პოლიტოლოგი გახარიას მხარდამჭერების იმ დიდ პროცენტს გულისხმობს, რომელთაც, სოციოლოგიური კვლევით, არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც ოპოზიცია.

„კითხვა – შეძლება გახარიას გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა? – პასუხი მარტივია, გახარიას ეს შეუძლია და როგორც ვხედავთ, სიტუაციაც აიძულებს. როგორც ვხედავთ, მას უკვე მმართველი პარტიაც უტევს და ოპოზიციაც. აქედან გამომდინარე, მას სხვა გზა არც აქვს, უნდა დაიკავოს მესამე პოზიცია, რომ ერთიც მოიგერიოს და მეორეც. თავისუფლად შეუძლია დაიკავოს მესამე პოლიტიკური ძალის ადგილი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე ადრეა ლაპარაკი იმაზე, დაიკავებს თუ არა მესამე პოლიტიკური ძალის ადგილს გახარია. მისი თქმით, ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიტიკაში აქტიურად აპირებს შემოსვლას, მაგრამ რა პოზიციაზე იქნება, ეს ამ ეტაპზე არ ვიცით.

„ცხადია, მინიშნება იყო 6 დეპუტატის გადასვლა ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ოპოზიციური მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, მაგრამ რა ნაშას დაიკავებს, ჩვენ არ ვიცით. ორივე არის მოსალოდნელი „ქართულ ოცნებას“ გაუწიოს ოპონირება, რომელსაც საკმაოდ მხარდამჭერები ჰყავს და ამავდროულად -  ოპოზიციასაც, რომელსაც ჰყავს ამომრჩეველი, მაგრამ შედარებით ზომიერი, რომლებიც ნაცების მხარეს არ არიან და შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგნენ. აი, ამ ნაწილში უნდა ვეძებოთ გახარიას ადგილი. ქადაგიშვილმა სწორედ ეს თქვა, თუკი შეეცდება ჩვენ წაგვართვას ამომრჩეველი, ეს წარუმატებელი იქნებაო. თვითონ გახარია რასაც ფიქრობს, ეს დღე–დღეზე გამოჩნდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

IRI–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2–26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა –მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. შეგახსენებთ, რომ გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. პრემიერობიდან წასულ გახარიას სახელს უკავშირდება ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი საქმეები – ნამახვანჰესი გარშემო განვითარებული მოვლენები, მათ შორის დავითგარეჯის საქმის გაყინვა.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მმართველ გუნდს და გახარიას ურჩევს, რომ ხმების გაყოფაზე საუბრის ნაცვლად, იმაზე იფიქრონ, როგორ გადაწყვიტონ ის პრობლემა, რომელიც თვითონ შექმნეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

„ეს არის ჩემი რჩევა. კვლავ პოლიტიკურ ხიბლში არიან და ვერ ხვდებიან, რომ ტემპი და ატმოსფერო შეიცვალა. ვერანაირად ვერ ხერხდება ძველი მეთოდებით პრობლემების განმუხტვა. არის მცდელობა, რომ პროტესტი რუსეთს მიაწებონ. ასე არ გამოვა. გახარია, რომელიც წავიდა თანამდებობიდან, მან მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას. ამიტომ, სანამ განმარტება არ გაუკეთებია ამ თემაზე, მანამდე თავის პოლიტიკურ მომავალზე მაინცდამაინც დიდ იმედებს არ უნდა ამყარებდეს. თანავუგრძნობ გახარიას თანამოზრეებს, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. რაც უნდა ილაპარაკონ, არის ნამახვანჰესის საქმე, არის კითხვები და ამ კითხვებზე პასუხისმგებლობას იზიარებს პატივცემული გახარია, ქალბატონ თურნავასთან და ბატონ დავითაიასთან ერთად. პასუხისმგებლობას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან სწორედ სააკაშვილის დროს იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მთელი პოლიტიკური სპექტრი არის პასუხისმგებელი. ამიტომ, რაც ნაკლებად ილაპარაკებენ იმაზე, ვინ, ვის გაუყოფს ხმებს, მით ნაკლებად გააღიზიანებენ ხალხს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ლაზი ამათ შორის წააგებს ის, ვინც სტრატეგიას ყოფილი თანაგუნდელების ლანძღვაზე და კინკლაობაზე ააგებს. ამისგან თავის შეკავება იოლი არ იქნება, მაგრამ რომელიც მოახერხებს, ის გაიმარჯვებს. ძმის მაგინებელს პატივს არ სცემენ.
3 წლის უკან
ლაზი გამოქვეყნდა იგორ კვესელავას სტატია ( ბმული სადაც ნათქვამია რომ, გახარიას პარტიის ფორმულა იქნება “ოცნების დასასრული, იმედი, რწმენა, საქმე, წერტილი”
გახარიას ჯერ თითონ არაფერი უთქვამს და საიდან მოდის ეს სლოგანი, უცნობია, მაგრამ "ოცნების დასარულის" ხსენება გახარიასათვის დაუბადებლად დასასრულის ტოლფასი იქნება. აი, "პოლარიზაციის დასარული" კი სულ სხვა საქმეა.
3 წლის უკან