თუ რუსეთი ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას განაგრძობს, მზად ვარ შემდგომი ზომები მივიღო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებდი, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პასუხს გავცემდი ჩვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, რადგან არჩევნები წმინდაა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ უცხო ძალა დაუსჯელად ჩაერიოს ჩვენს დემოკრატიულ პროცესში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს სფეროები, სადაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ერთად მუშაობა შეუძლიათ.
„მე ასევე მკაფიოდ განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. შეშფოთება გამოვთქვი რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობის გამო უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში. დავადასტურე, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვლადიმერ პუტინს კატეგორიულად მოვთხოვე, თავი შეეკავებინა ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის ლიდერის თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობებში დეესკალაციის დროა.
„იქ, სადაც რუსეთთან თანამშრომლობა შეერთებული შტატების ინტერესს წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. იქ, სადაც რუსეთი შეერთებული შტატების ინტერესების დარღვევას ცდილობს, ჩვენ ამას პასუხს გავცემთ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხსა და მოკავშირეებს“, - აღნიშნა მან.
15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.