"ნასედკის" აღსარება

„ახალაია მავალებდა, მეთქვა, რომ პატრიარქი და მეუფე იობი გადატრიალებას ამზადებდნენ“, - ამ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა და აკონკრეტებს, თუ როგორ დაავალა მას მეგრულად მოსაუბრე ბაჩო ახალაიამ ყინწვისის საქმეზე ბრალდებულზე ზეწოლა, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა „ეღიარებინა“, თითქოს ეკლესია ამბოხს ამზადებდა

კერძოდ, თურმე პატრიარქი ამარაგებდა მათ რუსეთიდან ჩამოტანილი იარაღით, ამბოხის მოწყობის შემდეგ კი საქართველო ეკლესიური მმართველობის ქვეშ ექვსი თვის განმავლობაში იქნებოდა. ამ აღიარების მოსაპოვებლად ჯოლოხავას სიკვდილის პირას უნდა მიეყვანა ყინწვისის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პატიმარი და ამით „სვაბოდას“ მოიპოვებდა. თუ გოდერძი ჯოლოხავა ამას ვერ შეძლებდა, მაშინ მას დანას მისცემდნენ და ამ იარაღით ადვილი იყო ურჩი პატიმრის ლიკვიდაცია, გაგუდვა ან თავის ჩამოხრჩობის იმიტაცია. ჯოლოხავა იმასაც აცხადებს, რომ ახალაიას შეთავაზებას დათანხმდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევში, მას მოიშორებდნენ. 

უფრო მეტიც, ჯოლოხავას თქმით, ბაჩო ახალაია იმასაც ამბობდა, რომ აღნიშნულ პატიმარზე ზეწოლა მათთვისაც არ იყო პრობლემა, მაგრამ იმას უფრთხოდნენ, რომ იმ პატიმარს პირი „არ დაეღო“.   

ამასთან, გოდერძი ჯოლოხავა ამტკიცებს, რომ ბაჩანა ახალაია სასულიერო პირებზე თავდასხმასაც გეგმავდა და ახორციელებდა კიდეც, რაშიც პატიმრებს იყენებდა. სამაგიეროდ, დავალების შემსრულებელ პატიმარს ან ათავისუფლებდნენ, ან სასჯელს უნახევრებდნენ. ჯოლოხავა იმასაც ადასტურებს, რომ მსგავსი შეთავაზებით ახალაიამ მას პირადად მიაკითხა ციხეში და საუბრისას პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო-მასალაც აჩვენა. ამასთან, დაემუქრა, რომ მასაც იგივე ბედი მოელოდა, როგორც იმ პატიმრებს, ვინც მის მოტყუებას შეეცადა.

„ვიდეოში ვნახე, პატიმარს როგორ აუპატიურებენ, ასევე, პარკით გუდავდნენ, სანამ გული არ წაუვიდოდა და მერე ისევ აფხიზლებდნენ, შიშველს წიხლებით ზემოდან ედგნენ, მოტყუება არ მოინდომო, თორემ ასეთ დღეში ჩაგაგდებთო“, - აცხადებს ჯოლოხავა.

სწორედ ასე შეიტყო გოდერძი ჯოლოხავამ ბაჩო ახალაიასგან, რომ მეუფე იობის ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯოლოხავა, როგორც მნიშვნელოვანი მოწმე, უკვე შეხვდა იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს.

For.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია ჯოლოხავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამიტომ ყინწვისის საქმის გამო დაკავებულ პირებს ესაუბრა.

ყინწვისის საქმეში ბრალდებული მთავარი პირი ნიკა გოგუაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ეს თემა აბსოლუტურად უცნობი და გაუგებარია, რომ თურმე ნაციონალებს სურდათ პატრიარქის და მეუფე იობის რაღაცანაირად ჩართვა ამ თემაში. რეალურად, გამოძიებისა და დაკითხვების დროსაც, როცა ნიკა გოგუაძეს ჰკითხავდნენ ან აწამებდნენ, მაშინაც კი არც ერთი შეკითხვა არ დასმულა არც მეუფე იობის, მით უმეტეს, პატრიარქის შესახებ.

„შესაბამისად, ამ ვიღაც ჯოლოგავას განცხადება ჩემთვის სიურპრიზი იყო, ისევე, როგორც თქვენთვის. ჯოლოგავას ნათქვამს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რადგან რეალურად, შეიძლება, ასეც მოხდა, ან შეიძლება, არც მომხდარა. თუმცა იმის გამო, რომ ყინწვისის საქმეში პირველი პირი მე ვიყავი, თუ რამის მობმა უნდოდათ ამ საქმეზე, ისევ ჩემზე უნდა ემუშავათ ამ მიმართულებით, რათა ჩემზეც მოეხდინათ ზეწოლა, რომ ეს მეთქვა. ასეთ რამეს კი ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს ნიკა გოგუაძე. 

ჩვენ ყინწვისის საქმის მეორე მონაწილეს, ჯოლოხავას თანასაკნელ ჯემალ გუნდიშვილსაც ვესაუბრეთ. იგი აცხადებს, რომ ნაციონალები მართლაც ცდილობდნენ ეკლესიის დისკრედიტაციას და ეს არავისთვის უცნობი არ ყოფილა. თუმცა ჯემალ გუნდიშვილი ყოფილი თანასაკნელის ვითომ აღიარებას არადამაჯერებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გოდერძი ჯოლოხავას სკანდალის გამოცხობა სურს.

„ის, რომ მეუფე იობის შესახებ რაღაც დივერსიები ხორციელდებოდა და ასევე, პატრიარქიც არ მოსწონდა ყოფილ ხელისუფლებას, ამას რად უნდა ლაპარაკი?! ეს ისედაც იცოდა მთელმა საქართველომ. უბრალოდ, ჯოლოხავა ასეთ რამეს როცა ლაპარაკობს, მას სკანდალის გამოცხობა სურს. ეს კაცი ვიღაცის ხელშია, ვისაც აწყობს ჯოლოხავასნაირების ლაპარაკი“, - გვითხრა ჯემალ გუნდიშვილმა.

ამასთან, არ დამალა, რომ ჯოლოხავას ალაპარაკება ახალი ხელისუფლებისთვის სახელის გატეხას უნდა უკავშირებს, რაც ისევ ძველი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. კერძოდ, ჯოლოხავა ყველასთვის ცნობილ ჭორებს ილაპარკებს და ამას ვერავინ დაამტკიცებს. შემდეგ უკვე ნაციონალები იტყვიან, თუ ამგვარ მოწმეებს უჯერებთ და ასეთები არიან თქვენი მოწმეები, მაშინ სხვა მოწმეებიც ტყუილებს ლაპარაკობენო.

„დამიჯერეთ, ეგ ადამიანი ცნობილი პროვოკატორია. ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს, ჭორის დონეზე გაგონილი სიმართლეა. მაგალითად, იმასაც იტყვის, რომ დავით საყვარელიძე აწამებდა, მერე ამას ვერ დაამტკიცებს და უკვე საყვარელიძე იტყვის, აი, რასაც ეს კაცი ლაპარაკობდა, ყველაფერი ტყუილიაო და ეს ნაციონალების სასარგებლოდ იმოქმედებს“, - განმარტავს ჯემალ გუნდიშვილი.

ამასთან, არ გამორიცხავს, ახალაიას და სხვებს ჯოლოხავა მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რათა მისგან გარკვეული ინფორმაცია დაეტყუებინა და ამბავი გარეთ გაეტანა, ან იგი მოეკლა და გაეთამაშებინა თვითმკვლელობა. თუმცა ის, რომ იგი ეიძულებინათ, ასეთი ჩვენება მიეცა, აბსოლუტური სიბრიყვეა.

„ეგ კაცი არის ალფონსი, რომელიც ქალების ხარჯზე ცხოვრობდა. ჯერ იმ ქალებს რა ვუთხარი, მას რომ უჯერებდნენ და ის კი მათ ხან ბინას უყიდდა, ხან - მანქანას. მასთან ერთად პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩემთან ერთად საკანში იჯდა სხვა პროვოკატორი, ისიც "ნასედკა" - მალხაზ ქარსელაძე. იმას რატომ არ ახსენებს, რომ ორივეს ერთად ჰქონდათ დავალება, იქნებ, ჩემგან რაიმე დაეტყუებინათ?!“ - კითხულობს  ჯემალ გუნდიშვილი.

ამასთან, საკანში შესვლის პირველ დღეს იხსენებს, როცა ეს ადამიანები ამაყობდნენ, ჩვენ, ძმაო, აქ ქურდული „პალაჟენიე“ გვაქვს დაყენებულიო. ეს მაშინ, როცა გლდანის ციხეში სიტყვა „ქურდის“ ხსენებაზე ძვლებში ამტვრევდნენ. ამ დროს კი ისინი ოფიცრებს  მიმართავდნენ, ქურდების კამერიდან გავალებთ, ჩქარა, ნარდი და რადიო მოიტანეთო.

ამდენად, ჯემალ გუნდიშვილი აცხადებს, რომ, როგორც კი მათი საუბარი გაიგო, მაშინვე  მიხვდა, რომ ესენი  ჩვეულებრივი "ნასედკები" იყვნენ. ამიტომ მათ უთხრა, თქვენ თქვენთვის იცხოვრეთ და მე ჩემთვისო.

„თუ მათ წინააღმდეგობას არ გაუწევდი, დაგიბრიყვებდნენ. ამიტომ ისეთივე უხეში ტონით ვპასუხობდი, როგორც თვითონ ლაპარაკობდნენ. ამის შემდეგ ჯოლოხავა  ჩუმდებოდა და ისევ იწყებდა შემორიგებას. მეტი რომ არავინ გყავს საკანში, მაინც იძულებული ხარ, დაელაპარაკო. ჩემზე არაერთგზის განხორციელებული ცემის შესახებ რომ არაფერი ვთქვა, საკანშიც ხორციელდებოდა ზეწოლა, არც რადიო მქონდა, არც - გაზეთი. სხვებისთვის კი ეს უპირატესობა იყო. სახლში დარეკვა ამიკრძალეს, მეუბნებოდნენ, შვილები გყავს და ფრხილად იყავი“, - აცხადებს ყოფილი პატიმარი.

რაც შეეხება მის დაჭერას, იგი აცხადებს, რომ რეალურად, ეს იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა, რომელიც მათ დააფუძნეს. ამ მოძრაობის დაარსება კი  გულისხმობდა, რომ წესიერ და მორწმუნე ადამიანებს რაიონებში სათემო დარბაზები უნდა შეექმნათ და წინააღმდეგობა გაეწიათ არსებული რეჟიმისთვის, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ფეხქვეშ ეგებოდა.

„დაკითხვაზე სწორედ ამას გვეკითხებოდნენ მე და რამაზ ღვალაძეს, თუ ვინ მოიფიქრა ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის იდეა?! მე ვეუბნებოდი, - მე და რამაზმა. თავის მხრივ, რამაზიც თანამონაწილედ მე მასახელებდა, ეს მე და ჯემალმა მოვიფიქრეთო. ამაზე ცოფდებოდნენ, ეგონათ, ამაში დიდი გენშტაბი იყო ჩარეული. არადა, წესიერი ადამიანისთვის ეს ადვილი მოსაფიქრებელი იყო. ჩვენ ხომ ბოროტებას ვუპირისპირდებოდით“, - აცხადებს „შეიარაღებული შეთქმულების“ ერთ-ერთი უიარაღო ორგანიზატორი ჯემალ გუნდიშვილი.