საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე მზადდება, უფლებათადამცველთა გაერთიანება ჩიორა თაქთაქიშვილის, მაკა მეტრეველისა და მაგდა ანიკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის უკანონოდ მიღების საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
უფლებათადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა რომ კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მოწოდებული დასკვნებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად მილიონ ლარს ურიცხავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს, აგრეთვე მაგდა ანიკაშვილსა და დავით ბაქრაძის მეუღლეს მაკა მეტრეველს.
ეს თანხები მიდიოდა „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების“ ფონდში, სადაც ეს პირები მუშაობდნენ. აღნიშნული თანხების მიღება ხდებოდა შემდეგი სქემით: ფინანსთა სამინისტრო 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების ანგარიშზე რიცხავდა წლიურად მილიონ ლარს, შემდგომ ეს თანხა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიდიოდა ორგანიზაცია „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების“ ფონდში.
2011-2012 წლებში კი, როცა ფინანსთა სამინისტრო წლიურად მილიონ ლარს ამჯერად უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს ურიცხავდა, ეს უკანასკნელი ამ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას ურიცხავდა“, - განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე განმარტებით, განათლებისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ასრულებდნენ ტრანზიტის ფუნქციას, არ ხდებოდა ფონდის მიერ ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა, არ არსებობდა ინფორმაცია აღნიშნული თანხების ხარჯვის შესახებ და „მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიერ უსაფუძვლოდ ხდებოდა ფაქტობრივი ხარჯების აღიარება“.
მჟავანაძის შეფასებით, წინა ხელისუფლების ქმედებები აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, „სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლების დარღვევა, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივი უფლებების გადამეტებას გულისხმობს“ - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მჟავანაძის ამ განცხადებას დავით ბაქრაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ არა მის მეუღლეზე, არამედ სხვა მაკა მეტრეველზეა საუბარი.
მჟავანაძის განცხადებას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი, მაგდა ანიკაშვილიც გამოეხმაურა და იგი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ საუბრობენ ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ ფონდის საქმიანობაზე, იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებოდა ამ ფონდში გადაწყვეტილებები და ვის რა ფუნქცია და როლი ჰქონდა. ფონდის საქმიანობა დაარსების დღიდან იყო გამჭვირვალე. ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსები იყო სრულიად ღია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო მონაწილეობა. გადაწყვეტილებებს კი სამეთვალყურეო საბჭო კენჭისყრის საფუძველზე იღებდა“, - აცხადებს ანიკაშვილი.
როგორც მაგდა ანიკაშვილი ამბობს, საუბარი იმაზე, რომ რაიმე ხდებოდა ფარულად, რომ თანხა ვინმეს ანგარიშზე, მით უმეტეს პირად ანგარიშზე ირიცხებოდა, არის არაკომპეტენტურობა.
„შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ის, რომ საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია და ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ის, რომ აქ იყო რაიმე ფარული და კერძო პირები იღებდნენ თანხას ან მე ან ვინმე ან სხვა აბსურდია“, - აცხადებს ანიკაშვილი.
როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მაკა მეტრეველი დავით ბაქრაძის მეუღლეა.
„ჩვენ ეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით გავავრცელეთ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მაკა მეტრეველი არის დავით ბაქრაძის მეუღლე და ეს გაშიფრულიცაა დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, თუ ბაქრაძეს პრეტენზია აქვს ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტთან უნდა გაარკვიოს და არა ჩვენთან, რადგან ჩვენ ვეფუძნებოდით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რაც შეეხება მაგდა ანიკაშვილის განცხადებას, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ხდებოდა, როცა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებდნენ, ეს ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელია ჩემთვის, რადგან იმ დასკვნაში წერია, რომ მათ ვერავითარი ანგარიშები ვერ წარმოადგინეს ამ თანხის ხარჯვის შესახებ და გაუმჭვირვალედ ხდებოდა თანხების ხარჯვა და ეს არ არის ჩვენი სიტყვები. როდესაც ის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს, ისაუბროს სხვა მიმართულებით და როდესაც პროკურატურას ჩვენ ამ მასალებს გადავცემთ, იქ ამტკიცოს ვინ რა დაწერა და თქვა არასწორად. მათ პროკურატურას უნდა უმტკიცონ თავიანთი სიმართლე და არა საზოგადოებას“,- აცხადებს მჟავანაძე.
როგორც მჟავანაძე ამბობს, მისთვის გასაკვირი იყო, როდესაც მაგდა ანიკაშვილის განცხადებები მოისმინა, დავით ბაქრაძეც აქტიურად ჩაერთო პოლემიკაში, ხოლო ჩიორა თაქთაქიშვილმა საერთოდ ხმა არ ამოიღო, რის გამოც მჟავანაძე ასკვნის, რომ თაქთაქიშვილს ხმა არც ამოეღება.
მჟავანაძეს ეჭვი გაუჩნდა, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილი ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს მართლაც არ პასუხობს. For.ge-მ სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ როგორც ჩანს არ სურს ამ თემაზე საუბარი ან სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ელოდება, რომ პასუხი ერთობლივად მოიფიქრონ.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმ ფაქტის გარდა, რაზეც მჟავანაძემ ისაუბრა, შაშკინის მინისტრობის პერიოდში, შესაძლოა, კიდევ ბევრი საინტერესო ფინანსური „ატკატები“ აღმოაჩინონ.
For.ge-ს წყაროს ცნობით, არსებობდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც შაშკინის მინისტრობის პერიოდში მისი სამინისტროებიდან ფინანსდებოდა.
ამის გარდა, ძალიან მარტივად არის მოსაძიებელი შაშკინის მინისტრობის პერიოდში გაცემული პრემიების ოდენობა. არსებობს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების გარკვეულ ჯგუფს თვეში რამდენჯერმე სახელფასო ანგარიშებზე ერიცხებოდათ დიდი რაოდენობის პრემიები. ამ თანამშრომლებს გარკვეული თანხა საჩუქრად რჩებოდათ, დანარჩენი გაცოცხლებული ფული კი ხელმძღვანელობასთან მიჰქონდათ.
თანამშრომელთა ეს ნაწილი შაშკინს სამინისტროდან სამინისტროში დაჰყვებოდა, ხოლო ბოლოს თავდაცვის სამინისტროში აღმოჩნდა დაბანაკებული.
For.ge-ს წყაროს ცნობით, ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, თანამშრომელთა დიდ ნაწილს არ სიამოვნებდა, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ხელმძღვანელობის ინსტრუქციებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
საქართველოს პროკურატურას თავისუფლად შეუძლია დღესაც სამინისტროებში მომუშავე თანამშრომლებისგან უფრო დაწვრილებით მიიღოს ინფორმაცია, ვისთან მიჰქონდათ სახელფასო ბარათებიდან მიღებული თანხები. ასევე საინტერესოა, სად იყრიდა ეს თანხები საბოლოოდ თავს, მინისტრებთან, თუ მათაც სადმე მიჰქონდათ, უფრო ზევით.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ფული სხვა სამინისტროებშიც ირეცხებოდა, თუმცა ყველა მინისტრს თავისი, განსხვავებული მეთოდები ჰქონდა. რაკი ამ შემთხვევაში უფლებადამცველების მხრიდან სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროებზე იყო საუბარი, საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ სქემის შესახებაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისათვის. დანარჩენი კი, ალბათ, უკვე პროკუტატურის უნარსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული.