აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თურქეთში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯის შესახებ შეატყობინა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებიათ.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხცადებენ, რომ თურქეთმა, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება, რადგან ვაშინგტონის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა საბოლოოდ არ დადასტურდა.
13 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა.
„ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ჩვენი სანაპიროს მახლობლად არაფერი ესაქმებათ. ეს უაღრესად პროვოკაციული ღონისძიებაა. ჩვენს სიმტკიცეს ცდიან და ნერვებზე თამაშობენ. არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.