„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.
„ამერიკისთვის ავღანეთში პოზიციების დატოვება სახიფათოა. უარის თქმა იმაზე, რისთვისაც ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძოდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ გაისად ამერიკა უფრო მეტი ჯარისკაცით დაბრუნდეს იმავე მტერთან საბრძოლველად, სერიოზული შეცდომა იქნება“, - აღნიშნავს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი.
ადამ კინზინგერი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის ავღანეთში ჩართვის „სამუდამო ომად“ დახასიათება არასწორია, ვინაიდან „ამერიკის ავღანეთში ყოფნა აღარ არის იგივე საბრძოლო მისია, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაიწყო“.
„ადგილზე არსებული ვითარების მიუხედავად, ძალების გამოყვანა ძირს უთხრის ამერიკელებისა და ავღანელების მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში გაღებულ მსხვერპლს. ძალადობის მკვეთრი ზრდა და აშშ-სა და თალიბებს შორის შეთანხმების ყველა ნაწილის დარღვევა იმაზე მეტყველებს, რომ თალიბებს არ აქვთ სტიმული სამშვიდობო პროცესში სერიოზულად მიიღონ მონაწილეობა“, - წერს ადამ კინზინგერი.
კონგრესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში ავღანეთში აშშ-ის ყოფნის შენარჩუნება აუცილებელია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„აშშ-ის გასვლის შედეგად დატოვებული ვაკუუმი საშუალებას მისცემს ტერორისტულ ორგანიზაციებს დაბრუნდნენ და გაანადგურონ ის ყველაფერი, რაც გასული 20 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ. ახლა უკან დახევის დრო არ არის“, - აცხადებს ადამ კინზინგერი.
14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
„დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.