ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვართან სიტუაცია დაუყოვნებლივ განმუხტოს.
„რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს, სიტუაციის დეესკალაცია უნდა დაიწყოს და ერთადერთ ქმედით გზას უნდა დაუბრუნდეს - მოლაპარაკებების პოლიტიკურ გზას“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, წითელი ხაზების გადაკვეთის შემდეგ პოლიტიკური გზები ნაკლებად რეალური იქნება და რუსეთისთვის შედეგების დადგომა გარდაუვალი გახდება.
დღეს ესტონეთის,ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.