საქართველოს ექს-პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში საკუთარი ექვსეული შექმნა. „ოცნების“ ყოფილ პირველ ნომერს თან გაჰყვნენ - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.
„გახარიას ექვსეულმა“ პარლამენტის სასესიო დარბაზში მმართველი გუნდის ადგილები გაათავისუფლეს და ოპოზიციის ადგილზე გადაინაცვლეს.
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თუმცა, მმართველი გუნდის წევრი გიორგი ხელაშვილი ექს-თანაგუნდელს არ ეთანხმება. როგორც მან for.ge-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, პარტიიდან ვინც წასასვლელი იყო, უკვე წავიდა.
რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის, „ქათული ოცნების“ იმ 6 დეპუტატის გადაწყვეტილება, რომლებმაც ექს-პრემიერთან გიორგი გახარიასთან გადაინაცვლეს და პარტია დატოვეს?
- მოულოდნელი არ იყო, აღნიშნულ საკითხზე ინფომაცია, ასე თუ ისე, არსებობდა. უბრალოდ, მოულოდნელი იყოს ის, რომ წინასწარ შეტყობინების გარეშე, წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთეს. ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.
ცნობილი იყო, რომ ექს-პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ თქვენ რამდენად გქონდათ ინფორმაცია, რომ პარტიის ჩამოყალიბებას და გუნდის შექმნას ასე მალე აპირებდა?
- პოლიტიკაში რომ ბრუნდებოდა, ამაზე თავად გააკეთა განცხადება. თუმცა, როდის ან ვინ იქნებოდა მის გვერდით ნამდვილად არ ვიცოდი.
აწ უკვე თქვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან არ იცოდით?
- ზოგიერთი ჩვენი გუნდის წევრი გიორგი გახარიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მათთვის უკეთესია და უფრო ახლოს დგას ბატონი გახარიას ლიდერობა, ამიტომ მმართველი გუნდისგან დისტანცირება გადაწყვიტეს. მაგრამ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის იდეური ან პოლიტიკური პლატფორმა, რომელზეც ისინი გადავლენ. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი ერთგულების ნიშნით არის გადადგმული.
ხომ არ არის მოსალოდნელი რომ მათ სხვებიც გაჰყვნენ და ექვსეული გაიზარდოს?
- ვფიქრობ, ვინც წამსვლელი იყო, უკვე წავიდა.
ბატონო გიორგი, თქვენი თანაგუნდელი დიმიტრი სამხარაძე „გახარიას ექვსეულს“ მოუწოდებს, რომ მაჟორიტარობაზეც თქვან უარი და ახლიდან მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე?
- ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტია, ვინც მმართველი გუნდი დატოვა. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ხელახლა იბრძოლონ, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. თუმცა, იურიდიულად ეს არ ევალებათ.
გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გაგადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. თქვენთვის თუ არის ცნობილი, უკვე თქვენი ყოფილ თანაგუნდელების პოზიცია მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და რამდენად იზიარებენ ექს-პრემიერის მოსაზრებას?
- მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რომ იმ ექვსმა დეპუტატმა, რომლებმაც „ოცნება“ დატოვეს, ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეწყვეტას ხმა მისცეს. ეს არის, რაც ვიცი. სამწუხაროდ, მათ თითქმის არ ვიცნობ. ერთადერთი მიშა დაუშვილს ვიცნობ და მისგან არ გამიგონია რაიმე განსაკუთრებული წინააღმდეგობრივი მოსაზრებები.
ბატონო გიორგი, თანაგუნდელებს არ იცნობთ, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოხვედით?
- კი, მაგრამ ზოგს უკეთესად ვიცნობ, ზოგს არა. ეს ჯგუფი არის ის, ვისაც ძალიან კარგად არ ვიცნობ, მიშა დაუშვილის გარდა.
თქვენთვის „უცხო“ ექს-თანაგუნდელები ახალ პარტიას ქმნიან. თვითმართველობის არჩევნები მოდის და რამდენად იქნებიან ისინი კონკურენტები, როგორც „ოცნებისთვის“, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის?
- „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიაა, რომელთან ერთადაც ბატონი გახარია პოპულარული იყო. ახლა, დაველოდოთ და ვნახოთ, მას რამდენად შეუძლია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის რღვევები და პარტიაში კახა კალაძის ძალაუფლება დასუსტდა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თბილისის მერმაც დატოვოს პარტია და თვითმმართველობის არჩევნების დროს კალაძე-გახარიას ტანდემი ვიხილოთ?
- მსჯელობას ვერ დავიწყებ. ამ წუთისთვის ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ერთიან გუნდად რჩება, რა თქმა უნდა, ამ მცირე გუნდის გარდა. არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული საშიშროება იდგეს ჩვენს წინაშე.