ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის ჩამოყალიბება აქტიურად მიმდინარეობს და მასთან უკვე „ქართული ოცნების“ იმ წევრების გადაბარგების პროცესი დაიწყო, რომლებიც მის კადრებად ითვლებოდნენ. ხელისუფლებას ექვსმა დეპუტატმა, გახარიას მსგავსად, მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ბრიფინგით გააკეთეს. პარტია დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯრევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.
მართალია, ამაზე მედიაში საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა „ოცნებისთვის“ ეს მაინც სიუპრიზი აღმოჩნდა, რამაც მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ყოფილ თანაგუნდელს და ერთ დროს პარტიის ნომერ პირველ ფიგურას დაუპირისპირდნენ და ღიად მის გაკრიტიკებასაც არ მოერიდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გადადგომის მთავარი მიზანი არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ინტერესები ყოფილა. მედიაში კვლავ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გახარიამ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დეპუტატის გადაბირება შეძლოს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ღიად პოლიტიკურ ველზე უკვე მეორედ გამოჩენილ ყოფილ პრემიერს ბევრ საქმეზე პასუხის გაცემა მოუწევს. მის მიმართ კითხვებია, 20 ივნისის აქციის დარბევაზე, პანკისში მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაზე, ხორავას საქმეზე, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, ეკონომიკურ პრობლემებსა და პანდემიაზე, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაზე და ნიკა მელიას საქმეზე.
IRI-ს კვლევის რეიტინგების მიხედვით, რომლისთვისაც გამოკითხვები ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობის დროს ჩატარდა, მას 65% აქვს და პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ანალიტიკოსების ნაწილმა და თავად „ოცნებამაც“ ეს რეიტინგი არა მხოლოდ გახარიას მიაწერა, არამედ ჩათვალეს, რომ ეს პარტიული რეიტინგიც იყო და მისი პირადი რეიტინგი უფო მცირეა. თუმცა for.ge-სთვის სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ გახარიას პარტიიდან და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისი რეიტინგის ხელახლა შემოწმება მოხდა და ის პოლიტიკოსებს შორის ახლაც პირველ ადგილს იკავებს. ამიტომაც ყოფილ პრემიერს პოლიტიკაში შემოსასვლელად კარგი დრო აქვს შერჩეული. თუმცა, ახლა მთავარია, რა გუნდით და გეგმით ბრუნდება.
„ქართული ოცნებიდან“ უკვე წასულმა ექვსმა დეპუტატმა კი მედიისთვის საკმაოდ სააინტერესო მესიჯები გაახმოვანეს. მაგალითად, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ამიტომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ქვეყანაში არსებულ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს დასრულებას აპირებენ.
„ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმისა და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი კი „ქართული ოცნების“ შეცდომებზე საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ შეცდომას სწორედ 20 ივნისს ასახელებს, როდესაც გავრილოვი პარლამენტის სავარძელში ჩაჯდა.
„ოცნების“ ყოფილი წევრი ასევე ამბობს, რომ ამ შეცდომისთვის „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ის ასევე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძია ივანიშვლის პროექტი არ არის და ისინი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებენ.
„შეცდომა იყო 20 ივნისის დღეს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში დაჯდომა. ბუნებრივია, ეს იყო პარლამენტის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ძალიან სამართლიანი პროტესტი საზოგადოების და ამ შეცდომასთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პოლიტიკურმა ძალამ, არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.
რაც შეეხება ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პროცესებში ინტეგრირებას და ამ მოცემულობის რადიკალიზებით და რადიკალიზმით გაჯერებული პოლიტიკური სივრციდან საქმეზე ორიენტირს, ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც პარტიის მშენებლობის პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და შესაბამისად, წარვუდგენთ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმას, პროგრამას და ჩვენს საპარლამენტო მანდატს მივმართავთ მათი საჭიროებების მაქსიმალურად გადაჭრის მიზნით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრის დიმიტრი სამხარაძის განცახდებით, ჯობია ამ ექვსმა დეპუტატმა მანდატები დატოვონ და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. აჩვენონ საზოგადოებას, რომ მათ მანდატები არა „ქართული ოცნების“ მეშვეობით მიიღეს, არამედ პრადად მათი დამსახურებაა. დიმიტრი სამხარაძე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგი სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. მისი აზრით, ამ ადამიანებს ავიწყდებათ, როცა 20 ივნისის მერე გახარიას 0% ჰქონდა რეიტინგი, პარტიამ „დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“.
„ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას“, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ „სხვის“ მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე, კაცური ასეა. ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს, (წერტილი)“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
დეპუტატების ამ განცხადებას კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მას ძნელად წარმოუდგენია, როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ ისინი ოპოზიციურ პარტიად.
„მე მგონია, რომ ბევრი მიმართულებით არათანმიმდევრულობაა გამოვლენილი მათი გუნდის მხრიდან, რაც უკავშირდება პრინციპში, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებს, თუნდაც იმ საკითხებს, რომელსაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეული კითხვები. ჩემთვის არ არის გასაგები, როგორ შეიძლება ეს ოპოზიციური პარტია იყოს ბატონი გიორგი გახარიას ლიდერობით, მაშინ როდესაც ის სულ ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და წარმმართველი იყო სახელმწიფო პოლიტიკის. ძნელად წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მას არ მიაჩნია, რომ დეპუტატების წასვლით „ქართული ოცნებისთვის“ უმრავლესობის შექმნის პრობლემა დადგეს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გარშემო ბევრი კითხვა არსებობს და უნდა თუ არა, მას ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს. ის პრემიერ-მინისტრი იყო და ასახსნელი აქვს, როგორც ეკონომიკური პრობლემების ასევე, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად რა გააკეთა. ხუხაშვილი ამბობს, რომ არსებობს კიდევ კონკრეტული მძიმე მოვლენები, როგორიც 20 ივნისია, რომელზეც საზოგადოების მხრიდანაც მოეკითხება. ასე რომ, ის ორმხრივი პოლიტიკურ ცეცხლში მოხვდება. თავდასხმა, როგორც „ოცნებიდან“ ასევე „ნაციონალებისგან“ იქნება.
„ორივე პარტიისთვის გიორგი გახარიას ახალ ამპლუაში გამოჩენა მიუღებელია, ამიტომ მას ცეცხლის ფრონტი ორივე მხრიდან მოელის. ეს სიმწვავე არაერთ ახალბედა პოლიტიკოსს საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. მით უმეტეს გახარიას მიმართ საზოგადოებაში ნდობა და განწყობა მაღალია. არა მხოლოდ აირაის კვლევების მიხედვით, არამედ სხვა კვლევებითაც, რომელიც უკვე მისი პრემიერობიდან წამოსვლის შემდეგ არის გაკეთებული და იქაც მას საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს - პოლიტიკოსებს შორის ისევ პირველ ადგილს იკავებს. ეს კვლევა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი და არ მგონია ასე ღიად გასაჯაროვდეს.
თუმცა ეს არის საზოგადოების მხრიდან ე.წ. მოლოდინის რეიტინგი და არა მისი პოლიტიკური მონაცემები. გახარიას მიმართ მოლოდინი მაღალია, მაგრამ ეს გახარიას პიროვნებიდან გამომდინარე არ არის. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ამომრჩევლის დიდი სეგმენტი არჩევანის გარეშე არის დარჩენილი და ამ ორპოლუსიან გარემოში ალტერნატივას ეძებს. გახარიას გარდა სხვა ვარიანტი არ ჩანს და შესაბამისად, მოლოდნი მაღალია. ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, გახარია როგორ ტაქტიკას აირჩევს და ამ მოლოდინს რა ფორმით გაამართლებს. ეს საკმაოდ მყიფე მოლოდნია, ამიტომაც საზოგადოების იმედგაცრუების საფრთხე არსებობს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება კითხვას - ვისი კონკურენტი იქნება გიორგი გახარია პოლიტიკაში უკვე ღიად გამოჩენის შემდეგ და ვის უნდა შეექმნას ყველაზე დიდი დისკომფორტი, ხუხაშვილი ამბობს, რომ ის პირველ რიგში პატარა პარტიების სერიოზული კონკურენტი იქნება. მათ ხელიდან შანსი გაუშვეს, რათა საპროტესტო ელექტორატის აკუმულირება თავიანთ სასარგებლოდ მოეხდინათ. მათ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და ნაციოანლების ორბიტაზე აღმოჩნდნენ.
„გახარიას მთავარი ელექტორატი „ქართული ოცნების“ ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატი იქნება - ის ამომრჩეველი, რომელიც ხმას „ოცნებას“ კი არ აძლევს, არამედ ხმას ანტიმიშას აძლევს. ეს ხალხი ხმას სტაბილურობას და ქვეყანაში მშვიდობას უჭერს. არ ვამბობ იმას და არ შევდივარ თეორიებში, რომ გახარიას და ივანიშვილს შორის რაღაცა გარიგება არსებობს. ეს არის უბრალოდ, ის მოცემულობა, რომ გახარიას პოლიტიკაში ოპოზიციურ ველზე შემოსვლა ივანიშვილს აწყობს და არა უშუალოდ პარტია „ოცნებას“ . ეს არაა ივანიშვილის პროექტი, ასეთ ბანალურ კონსპირაციებში არ შევალ, თუმცა, უბრალოდ, ეს კონფიგურაცია ივანიშვილის ინტერესებში შედის. მას ძალიან კარგად ესმის, რომ პარტიას კობახიძე-თალაკვაძის სახით, ამ სამობილიზაციო ამომრჩევლის შენარჩუნება გაუჭირდება. შესაბამისად, თუ მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანი გამოჩნდება და მის პირად უსაფრთხოებას არ დაემუქრება, რა თქმა უნდა, ურჩევნია, ეს ამომრჩეველი გახარიამ აითვისოს“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ პიროვნული რეიტინგი და საზოგადოებაში არსებული მოლოდინი ერთია, ხოლო მის რეალიზებას გიორგი გახარია სამომავლოდ როგორ მოახერხებს ეს მეორე. ამიტომაც ძაბირაძეს მიაჩნია, რომ წინასწარ მაღალი მოლოდინის შექმნა არასწორია. ის „ოცნების“ და ნაციონალების დაბალანსებას ან ჩანაცვლებას შეძლებს თუ არა, ჯერ რთული სათქმელია. მას საკმაოდ მძიმე გზის გავლა მოუწევს და ამისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოს. ახლა მას აქვს საზოგადოებაში გარკვეული რეიტინგი, რომლის კონვერტირებაც პარტიაზეც უნდა მოხდეს.
„ის 65%-ანი რეიტინგი, რომელიც კვლევებით გამოქვეყნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი რეიტინგია. ის მაშინ ქვეყნის პრემიერი იყო, ამიტომ ცალკე, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი სულ სხვაა. კი ბატონო, თუკი არაოფიციალურად მისი რეიტინგი პრემიერობიდან წასვლის შემდეგაც მაღალია, გასაგებია, მაგრამ მან ეს მოლოდინი თუ არ გაამართლა, მისი რეიტინგი უმალვე დაბლა წამოვა. შეიძლება პიროვნებას რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ ეს პარტიულ რეიტინგზე პროპორციულად არ აისახოს. ახლა არა მარტო გახარიაზე ვსაუბრობთ, არამედ პარტიაზე, რომელსაც მესამე ძალის პრეტენზია უნდა ჰქონდეს. თუმცა ასეთი ამბიცია ყველა იმ პარტიას ჰქონდა, რომელმაც 4%-მდე ხმების რაოდენობა აიღო. ახლა კი, ვხედავთ, მათ რაც დაემართათ. წინასწარ მაღალი მოლოდინის შექმნა სწორი არაა. გახარიას აქვს შანსი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მესამე ძალას ელოდებიან, საკუთარ ელექტორატად აქციოს“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
თუ ვინ იქნება გახარიას ამომრჩეველი და წაართმევს თუ არა ის „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ მას სამი სახის ელექტორატზე მუშაობა მოუწევს. პირველი ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არც „ოცნება“ და არც ნაციოანლები არ უნდა. მეორე - პატარა პარტიების მიერ არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის გამო დაკარგული ამომრჩეველი. ხოლო მესამე იმ ადამიანების კატეგორიაა, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლად ითვლებიან, მაგრამ პარტიის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. მათთვის მთავარი ორიენტირი გახარია და ივანიშვილი იყვნენ. თუმცა მათი პარტიიდან წასვლის შემდეგ „ოცნების“ მომავალი ბუნდოვანი გახდა.
„არ მგონია, რომ გახარია ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდეს. მისი მხრიდან უფრო კონსტრუქციული კრიტიკა იქნება და არ ველი, რომ რამე რადიკალური სახის განცხადებები გააკეთოს. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, მგონია, მას გარკვეულმა ელექტორატმა ეს ფაქტი აპატია ან არ სჯერათ, რომ ბრძანების გამცემი ის იყო. ამიტომაც მისი მხრიდან არ ველი, რომ უფრო დამატებით განცხადებები გაკეთდეს და რამე სიღრმისეულ განხილვაში შევიდეს. მან ეს ამბავი საკუთარ თავზე აიღო და პოზიციების ცვლილებას არ ველი“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მაშინ საერთოდ წადი, დამოუკიდებლად იყარე კენჭი და დაამტკიცე, რომ ადრეც დამსახურებულად მოხვდი მანდ!.. აი, მერე აკრიტიკე და გვაჩვენე, რისი ერთი ადგილიც გაქვს!..