მთავარი პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ ბიზნესის დატერორებაზე და თანხების გამოძალვაზე საუბრობს. კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ გააკეთა. მისი თქმით, საქმე ეხება რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტებს. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული იქნა 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ საქმის ძიების პროცესში დაფიქსირდა ძალზე საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები.
„აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოყოფის შესახებ. კერძოდ გამოიყო ახალციხის რაიონის სოფ. აწყურში 20000კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ამორტიზებული, ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი. აღნიშნული ობიექტი აუდიტის მეშვეობით შეფასდა 14 400 ლარად, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით საწყისი ფასი გაიზარდა 63 000 ლარამდე. აუქციონზე მონაწილე პირად დარეგისტრირდა შპს „ჯორჯიან ინვესტი“, რომლის წარმომადგენელი იყო მირდატ ქამადაძე, ხოლო დირექტორი - ჯუანშერ მაშია,რომელიიც იმ დროს მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში. საბოლოოდ სოფ. აწყურში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, შპს „ჯორჯიან ინვესტმენტმა“ 4 949 500 ლარად შეიძინა, მაშინ როცა საწყისი ფასი 63000 ლარი დაფიქსირდა, ხოლო ვაჭრობაში სხვა პირს მონაწილეობა არ მიუღია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 168 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ეფრაიმ გური (რომელიც შემდგომ მოხსენიებულია, როგორც მყიდველი) ხოლო მინდობილ პირად წარმოდგენილი იქნა გიორგი ჩხეიძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 409 200 ლარად.
გარდა ამისა, ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 753 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო სს „თი-ბი-სი“ ბანკი, რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი ჯანდიერი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ „თი-ბი-სი“ ბანკი, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად.
„ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი - ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვ.მ. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „ბემონი“ (დირექტორი დავით მიმინოშვილი), რომლის წარმომადგენელიც იყო მამუკა ფირანიშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ შპს „ბემონი“, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 1 900 000 ლარად. ახალციხის რაიონის სოფ. წყალთბილაში მდებარე კლუბი ბიბლიოთეკა, საერთო ფართობით 391კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ჯემალ გვარლიანი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ჯემალ გვარლიანი, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად. აღნიშნული ობიექტი გვარლიანმა შემდგომში კვლავ აჩუქა სახელმწიფოს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთანავე, გამოძიების ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 257კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯია“, რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი სურგულაძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 570 000 ლარად.
ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 409 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო კ.ს. „კოწიწაშვილი და კომპანია“, რომლის წარმომადგენელიც იყო ვახტანგ კოწიწაშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 264 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „სამშენებლო კომპანია ოდი“, რომლის წარმომადგენელიც იყო მიხეილ ჩხიტუნიძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ წაუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
„ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე კლუბი სახლი საერთო ფართობით 138 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 5 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „ინსტა ჯორჯია“, რომლის მინდობილი-წარმომადგენელიც იყო გიორგი მეფარიშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული პირი, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად. შპს „ინსტა-ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი ამ პერიოდში იყო პატიმარი. შესყიდული ქონება მან შემდგომ დაუბრუნა სახელმწიფოს. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე ბიბლიოთეკა და მედპუნქტი საერთო ფართობით 186 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 4 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი დავით ანდრონიკაშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და იგი საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.
ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 185 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „ფოთიქალაქ სერვისი“, რომლის წარმომადგენელიც იყო აკაკი შურღაია. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა საჯარო რეესტრში არ გაუტარებია“, - ამბობენ პროკურატურაში.
გამოძიების ინფორმაციით, საერთო ჯამში ზემოაღნიშნული ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9 632 000 ლარი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება კი შეადგენდა 161 000 ლარს. როგორც მასალებიდან იკვეთება, შესყიდვის პროცესში ორი მესაკუთრე იყო პატიმარი (შპს „ჯორჯიან ინვესტმენტის“ დირექტორი ჯუანშერ მაშია და შპს „ინსტა ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი). შემსყიდველთაგან ორმა მესკუთრემ შესყიდული ქონება დაუბრუნა სახელმწიფოს ჩუქებით (შპს „ინსტა ჯორჯიას“ დირექტორი ლევან სიმონიშვილი და მოქალაქე ჯემალ გვარლიანმა).
2013 წლის 22 თებერვლისათვის მოწმის სახით დაბარებული იქნა შ.პ.ს. „ჯორჯიან ინვესტმენტ“-ის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე, დავით ანდრონიკაშვილი და შ.პ.ს. „ინსტა ჯორჯია“-ს წარმომადგენელი გიორგი მეფარიშვილი. ამასთანავე, პროკურატურამ გამოაქვეყნა იმ შენობების ფოტოები, რომლებიც ბიზნესმენებს იძულებით შეაძენინეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შენობების საბაზრო ღირებულება იმის მეათედიც არ არის, რა ფასადაც ისინი ბიზნესმენებმა იყიდეს. ამასთანავე, აუქციონებში მათ კონკურენტები არ ჰყავდათ, მაგრამ მაინც საწყისი ფასიდან ღირებულების ლამის ათჯერ და მეტჯერ გაზრდა ხდებოდა.
For.ge შეეცადა მომხდართან დაკავშირებით თავად იმ პირებს გასაუბრებოდა, რომლებმაც აღნიშნული ქონებები იძულების წესით იყიდეს, მაგრამ ისინი მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ. ერთადერთი, ვისთან გასაუბრებაც მოხერხდა, „ჯორჯიან ინვესტმენტ“-ის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძეა. იგი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაავალა აუქციონში მიეღო მონაწილეობა და ქონება კონკრეტულ ფასად შეეძინა (ანუ რა ფასადაც მოხდა ამ ქონების შეძენა). ხოლო რა წინაპირობები ჰქონდა აუქციონში კომპანიის მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით ქამადაძე არ საუბრობს.
„აუქციონი ახალციხის გამგეობის მიერ 2011 წლის 15 ივლისს ჩატარდა. მე ვიყავი „ჯორჯიან ინვესტმენტის“ წარმომადგენელი, სადაც კანონის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ამ კომპანიას აუქციონში მონაწილეობის უფლება მიეცა. ეს ქონება „ჯორჯიან ინვესტმენტის“ სახელით შევიძინე იმ ფასად, რა ფასიც თქვენთვის არის ცნობილი“, - ამბობს მირდატ ქამადაძე.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი, გივი პაპუაშვილი for.ge-სთან იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ბიზნესმენებს პრაქტიკულად ღირებულების არმქონე შენობების ყიდვას აიძულებდნენ. მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში თავად ეს ბიზნესმენები იყვნენ დაპატიმრებულები, ზოგს ოჯახის წევრი ჰყავდა დაპატიმრებული, რითაც ისარგებლა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს ადამიანები პროკურატურაში დაიბარეს და იმის სანაცვლოდ, რომ მათ ან მათ ოჯახის წევრებს გაანთავისუფლებდნენ, აიძულეს ეს ბიზნესმენები ბიუჯეტში კონკრეტული თანხები შეეტანათ.
„ბიუჯეტში ფულის ჩარიცხვა რომ შეენიღბათ, ამ ადამიანებს უთხრეს, - მიხვალთ ამა და ამ ადგილზე, მიიღებთ მონაწილეობას აუქციონში და შეიძენთ ამ ქონებას. ყველას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, რამდენად უნდა ეყიდა ეს ქონება. ზოგ შემთხვევაში ეს იყო ხუთი მილიონი, ზოგ შემთხვევაში მილიონ ცხრაასი ათასი, ზოგ შემთხვევაში 300 ათასი და ა.შ. ამასთანავე, ეს თანხები ამ ქონებების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტია. მაგალითად, ის შენობა, რომელიც „ჯორჯიან ინვესტმენტმა“ ხუთ მილიონ ლარად შეიძინა, აუდიტმა შეაფასა 5400 ლარად. აუქციონზე ამ ქონების პირველადი ღირებულება 63 000 ლარი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონში მხოლოდ „ჯორჯიან ინვესტმენტი“ მონაწილეობდა, ანუ შეეძლო ეს ქონება 63 000 ლარად შეეძინა, როგორც მოგახსენეთ მან ეს ოქნება ხუთ მილიონ ლარად შეისყიდა“, - აცხადებს გივი პაპუაშვილი.
მისი თქმით, ასე მოხდა სხვა შემთხვევებშიც, აუქციონში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყავდათ და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ამ ქონებას პირველად თანხასთან შედარებით ზოგჯერ ასმაგ ფასად ყიდულობდნენ. სწორედ ამიტომაც დაეჭვდა პროკურატურა, რომ ეს ბიზნესმენების რეკეტი იყო და ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ამასთანავე, პროკურორი აღნიშნავს, რომ მყიდველთა უმეტესობამ ნაყიდი ქონება თავის სახელზე რეესტრშიც კი არ გაატარა, რადგან ეს მათთვის იმდენად არასაჭირო და ღირებულების არმქონე ქონება იყო, რომ არც კი ჩათვალეს საჭიროდ ამ ქონების დარეგისტრირება.
ამრიგად პროკურატურის ინფორმაციით, სახეზეა ბიზნესის ტერორის აშაკარა ფაქტები. გამოძიება ამ საკითხზე გრძელდება, იკითხებიან მოწმეები და უახლეს მომავალში ამ ფაქტს გამოძიება სამართლებრივ შეფასებას მისცემს.