გიორგი ბარათელისთვის ბრალის დამძიმება გაუჭირდებათ, თუ საქმე ობიექტურად წარიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა 1 მარტს დაიწყო. ბარათელის უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა ბარათელს ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენების ბრალდებას მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ მოუხსნის, რადგან ბრალდების პოზიცია სუსტია.
ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის არსებითი განხილვა, საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა 1 მარტს დაიწყო. პროცესს გიორგი ბარათელიც ესწრებოდა. ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ტელეარხებს უშუამდგომლა და მოსამართლემ მათ სამწუთიანი გადაღების უფლება მისცა.
ტელეკამერების დარბაზიდან გასვლისთანავე პროკურორმა ილია ხარძიანმა შესვენების გამოცხადება მოითხოვა - “შესავალი სიტყვისთვის მზად არ ვარ, 20-წუთიან შესვენებას ვითხოვო“. ეს შუამდგომლობა ბარათელის ადვოკატმა გააპროტესტა - არასერიოზული შუამდგომლობაა, 20 წუთში მომზადება ვის გაუგიაო. მოსამართლემ ადგილზე თათბირით პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორი ილია ხარძიანი არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი და ბრალდებულ ბარათელის საქმის დეტალებს შესანიშნავად იცნობს. მეტიც, გარკვეული დოკუმენტები მისი შედგენილია და ბუნებრივია, ხელსაც ის აწერს. ამასთან, პროცესის დაწყებამდე ათი წუთით ადრე, ის დარბაზის წინ, ბრალდების მხარის მოწმეებთან (ორთაჭალის N1 საპყრობილის თანამშრომლებთან) ერთად იდგა და საუბრობდა. შესავალი სიტყვა თუ მზად არ ჰქონდა, თავი საქმეში ჩარგული ხომ უნდა ჰქონოდა?!
ჩვენი აზრით, პროკურორმა შესავალი სიტყვის მოუმზადებლობა უბრალოდ, მოიმიზეზა. შესვენების გამოცხადების მოთხოვნა კი რეალურად ვიდეოკამერების დანახვით გამოწვეულმა დაბნეულობამ განაპირობა - პროკურორმა ვეღარ გაიგო როგორ მოქცეულიყო, რა ექნა, რა ეთქვა.
ასე იყო თუ ისე, პროცესი ზუსტად პირველ საათზე განახლდა. შესავალ სიტყვაში პროკურორმა საქმის დეტალები იმგვარად წარმოაჩინა, იფიქრებდით, ეს რა ნიჭიერი ადამიანი ყოფილა, ასე მოკლე დროში როგორ გადააბულბულა სქელტანიანი საქმეო. პროკურორი ხარძიანი მოიქცა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს იქცეოდნენ ხოლმე ქვეყანაში გამეფებული უსამართლობით გათამამებული პროკურორები - მან თეთრზე თქვა შავი და პირიქით - შავზე თეთრი, რაზეც ბარათელის დამცველისგან და თავად ბარათელისგან შესაბამისი პასუხიც მიიღო.
ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ საქმის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან მისი განმარტებით ბრალდება უნდა ემყარებოდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას და არა ილუზიურ წარმოდგენებს.
საქმე იმაშია, რომ მტკიცებულებათა ჩამონათვალი პროკურორმა ხარძიანმა იმგვარად წარმოადგინა, თითქოს ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბარათელის ბრალი. არადა, პირიქითაა - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების წისქივილზე წყალს არ ასხამს. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული ის, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს - იქ არ წერია, რომ ბარათელმა თანასაკნელს ზურგში ე.წ. შტირი ჩაარტყა.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის შესავალი სიტყვა ძალიან მოკლე იყო. მან საქმის შეწყვეტა მოითხოვა, რაც ასე ახსნა - “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ბარათელის ბრალეულობას უტყუარად დაადასტურებს. ექსპერტიზა რომ ჩატარდა, ეს არ ნიშნავს ბარათელის ბრალეულობის დადასტურებას. აქამდე გამოძიება საპატიმროს დერეფანში გადაღებული ვიდეოფირით აპელირებდა, რაც ექსპერტიზამ გააბათილა. ბრალდება უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და არა ილუზიურ წარმოდგენებს“.
ბრალდებულმა ბარათელმა პროკურორს მიმართა - წინა პროცესზე აკრძალული ნივთის დაგდებაზე ლაპარაკობდით და მეუბნებოდით, ხალხს მოვიყვან და პირზე დაგაყენებო. ახლა აკრძალული, მჩხვლეტავი თვისებების მქონე საგნის შერჭობაზე საუბრობთ და რა ხდებაო?! ამის გაგონებაზე პროკურორს ჩაეღიმა. მან პროცესზე ბრალდების ოთხი მოწმე წარმოადგინა - ორთაჭალის N1 საპატიმროს ადმინისტრაციის თანამშრომლები: რამაზ ხუციშვილი, ივანე ჩარგაზია, მიხეილ დარბაიძე, ფრიდონ ნადირაძე.
მოსამართლემ უთხრა, დღეს მხოლოდ ერთი მათგანის დაკითხვას შევძლებ, რადგან ეს ჩემი დარბაზი არ არის, აქ მალე სხვა სხდომა უნდა დაიწყოსო. პროკურორმა ხარძიანმა ბრალდების ოთხი მოწმიდან დარბაიძე შეარჩია.
ეს ის დარბაიძეა, რომელიც ირწმუნება - ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს “შტირი“ დერეფანში, ვიდეოკამერის წინ ორჯერ ჩაარტყა, “შტირი“ იქვე დააგდო, შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა - მიშა ძმაო, ეს აკრძალული ნივთი შერჭობამდე ნახევარი საათით ადრე, ტუალეტში დავამზადეო!
მას შემდეგ, რაც დარბაიძეს პროკურორმა და ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ კითხვები დაუსვეს, გიორგი ბარათელი წამოდგა და მოწმეს მიმართა - შენ თვითონ დაინახე ვინმეს რაიმე აკრძალული ნივთი, რომ შევურჭეო? კი, დავინახეო, - თქვა დარბაიძემ. ბარათელის მეორე კითხვა ასეთი იყო - ძირს დაგდებული აკრძალული ნივთის აღებას დაესწარი, ზედ ჩემი თითის ანაბეჭდები არისო?
ამაზე რა ჩაილუღლუღა მოწმე დარბაიძემ ვერ გავიგეთ, მაგრამ როცა საქმის დეტალებს გავეცანით, იქ ვერ ვნახეთ მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ე.წ. შტირზე ბარათელის თითის ანაბეჭდი.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაინტერესდა რით შეეძლო დარბაიძეს იმის დასაბუთება, რომ ბარათელი გაენდო და “შტირის“ დამზადების ადგილი გაუმხილა. აღმოჩნდა, რომ დარბაიძეს, არც პატაკი ჰქონდა შედგენილი და ამის შესახებ, არც ზემდგომებისთვის განუცხადებია. ანუ ეს ამბავი დარბაიძეს დოკუმენტურად არ გაუფორმებია (ალბათ, მხედველობიდან გამორჩათ).
მოწმე დარბაიძის დაკითხვა ნახევარი საათი გაგრძელდა. წინ კიდევ 15 მოწმეა დასაკითხი. სასამართლო პროცესი 18 მარტს, 12 საათზე განახლდება.