უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობის ქმედებები იმაზეა მიმართული, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი ესკალაციის უგუნურება გააგებინონ.
„ჩვენ იმ ფაზაში ვიმყოფებით, როდესაც რუსეთმა ყველა არხით რაც შეიძლება მეტი ვერბალური სიგნალი უნდა მიიღოს. გერმანია და საფრანგეთი ამ სიგნალებს აგზავნიან, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ისეთი ფაზა დადგეს, როდესაც შეშფოთების გამოთქმა საკმარისი არ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა საუბარი იმაზე, თუ რა პრაქტიკული დახმარება შეიძლება მიიღოს უკრაინამ, მასშტაბური სამხედრო გამწვავების შემთხვევაში.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.