ევროპარლამენტში გამართულ პერფორმანსს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველი გუნდი რადიკალური გეგმების წახალისებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ პირების მხარდაჭერა, რომლებმაც კანონი დაარღვიეს ან სისხლის სამართლის დანაშაულში არიან მსჯავრდებულები, ლობისტური საქმიანობის და კორუფციის შედეგია.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გამართული პერფორმანსი შესაძლოა "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარი იყოს, რადგან მათ ყველაფერი განსხვავებული სძულთ.
"ეს შეიძლება გაუგებარი იყოს პროპაგანდისთვის, რადგან ყველაფერი განსხვავებული მათ სძაგთ და სძულთ. თუმცა, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ტყვეებზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე, რა თქმა უნდა, ევროპელი კოლეგები ყოველთვის სოლიდარულები არიან და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა დაკავებული პირების ფოტოებით გამოსვლა ევროპული ფასეულობების დაცინვაა.
"ეს უბრალოდ დაცინვაა ევროპული ფასეულობების, როდესაც ამ ადამიანების სურათებით გამოდიან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ იდეოლოგიით, ამ დაპირისპირებით მიიყვანეს იქამდე, რომ თუ შენ პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელს აწევ, ფიზიკურად შეეხები, მაშინ შენ დაცული იქნები ევროპისგან. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა დაუფინანსეს და ჰეროიკულ ნაბიჯად უქციეს. ადამიანების ასეთ დონემდე მიყვანა დიდწილად იმ ადამიანების სინდისზე და მათ პოლიტიკურ საქმიანობაზეა, ვინც ამათ აფინანსებს, აქეზებს და ამ იდეოლოგიას ამკვიდრებს. შემდეგ, როდესაც კანონი იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც მათ ქვეყნებში მოქმედებს პასუხს გასცემს, მერე ამბობენ, რომ თურმე პოლიტპატიმრები არიან ისინი. ეს არის სწორედ ის, რაც ევროკავშირის ნდობას საქართველოს მოსახლეობაში ამცირებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.