"საქართველოში აქამდე რა დემოკრატია იყო, ჩვენც კარგად ვიცით"

ორიოდე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ევროპარლამენტის და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტის ვერმიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ჩავარდნა არასოდეს მომხდარა.

„რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით. ევროკავშირის რადარზეც არ ვიყავით, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ წელს, ვილნიუსის სამიტზე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში განვხილულიყავით, როგორც ევროკავშირის პოტენციური წევრები, მაგრამ ამ დოკუმენტის მიღებაზე ქართულმა მხარემ უარი თქვა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს მას ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, ვიქტორ დოლიძემ და გია ვოლსკიმ უპასუხეს და აღნიშნეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა.

ვიქტორ დოლიძემ განმარტა, რომ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ვენასა და ბრიუსელში იმყოფებოდა. 21-22 თებერვალს ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა, ხოლო 25-26 თებერვალს ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა და ორივე ამ შეხვედრას ვიქტორ დოლიძე წარმატებულს უწოდებს. საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო ზამთრის სესია, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ამ სესიაზე გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს საგაზახფულო სესიისთვის, რომელზეც უკვე იმ წლის რეზოლუციის მიღება ხდება.

„მინდა გითხრათ, რომ პოზიტიურად წარიმართა, როგორც ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრა. ჩვენ შევხვდით კონფლიქტების მოგვარების ცენტრის დირექტორს, ბატონ ადამ კობიერანსკის, ასევე ეუთოს გენერალური მდივნის სამდივნოს პრაქტიკულად ყველა მაღალჩინოსანს, ვინც საქართველოს საკითხებით არის დაკავებული, მათ შორის, უსაფრთხოების, სამხედრო - პოლიტიკური, კონფლიქტების მოგვარების თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ერთხმად იყო აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა და კონფლიქტების მოგვარების პრინციპი, მათ შორის დეოკუპაცია. ასევე ყურადღება გამახვილდა ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ნატო - საქართველოსა და ნატო - ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებს შევეხეთ. შევხვდით ასევე ევროკავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტ ქვეყანას, რომელსაც, ჯერჯერობით, 6 თვის განმავლობაში ირლანდია წარმოადგენს“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ეუთოს წლევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის წარმომადგენლებთან, ხოლო თავად ვიქტორ დოლიძეს არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა ეუთოს გენერალურ მდივან, ლამბერტო ზანიერისთან. ბრიუსელის შეხვედრასაც ვიქტორ დოლიძე პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, გარდა მრავალმხრივი შეხვედრებისა, ქართულ დელეგაციას ცალ-ცალკე შეხვედრები და არაფორმალური სადილები ჰქონდა სხვადასხვა ფრაქციებთან, მათ შორის, "სოციალ-დემოკრატებთან", "ლიბერალ-დემოკრატებთან" და "ევროპის სახალხო პარტიასთან". დოლიძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა, მაგრამ მისი თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ შიდა უთანხმოება იყო ქართულ დელეგაციაში. აქვე დეპუტატი ამბობს, რომ ასეთ ფაქტებს წერტილი უნდა დაესვას, რადგან დესტრუქცია ძალიან ცუდია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ევროკავშირთან მიმართებაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. დოლიძე განმარტავს, რომ ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მიუხედავად ამ დოკუმენტის არმიღებისა, ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველოს წინსვლა გრძელდება.

„ამ შეხვედრებზე დადასტურდა, რომ ვილნიუსის ლიტვის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმება დასრულდება. ყოვლისმომცველი, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც ასევე დასრულების პროცესშია, სულ რამდენიმე თავია ღიად დარჩენილი, მაგრამ პროცესი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამას მოსდევს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მოგეხსენებათ, ქალბატონმა მასლტრომმა სამოქმედო გეგმა ქართულ მხარეს სულ ახლახანს, თბილისში ყოფნის დროს გადმოსცა“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

რაც შეეხება საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და მასზე მისაღებ რეზოლუციას, ამაზე განმარტებები, ქართული დელეგაციის წევრმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. მან დეზინფორმაცია უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ჩავარდნასთან დაკავშირებით.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამასთანავე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის შესახებ ცუდი ინფორმაციის მიწოდება, მისი ცუდი მხრიდან წარმოდგენა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი და ვფიქრობ, 19 აპრილის დაანონსებული აქციის სათაური, თუ ლოზუნგიც ნათლად მეტყველებს ამაზე. უპირველეს ყოვლისა, ყველა საკითხზე, რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, საპარლამენტო კომიტეტმა აბსოლუტურად და ცალსახად დადებითი პოზიცია გამოხატა და ისურვა, რომ საქართველოს ეს წარმატებული სვლა, მიმდინარე წელს ვილნიუსში დასრულდეს და იქ ხელი მოეწეროს ევროკავშირში ჩვენს ასოცირებულ წევრობას“, - ამბობს გია ვოლკსი.

ამასთანავე, მისი თქმით, შეთანხმება ყველა პუნქტზე მიღწეულია დევნილებთან დაკავშირებით, სამშვიდობო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოდგენს. გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ შეხვედრების პარალელურად ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან მიმდინარეობდა იუსტიციის სამინისტროს, ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს კონსულტაციები სავიზო მიმოსვლის თემებზე და ეს პროცესიც წარმეტებით დასრულდა.

გია ვოლსკის განცხადებით, იყო მხოლოდ ერთი მუხლი, რომლის გამოც ვერ იქნა მიღებული დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ 29 მუხლზე შეთანხმება მიღწეული იყო.

„ეს ერთი მუხლი შეიცავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერი ზოგიერთი ევროპარლამენტარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა საკითხი, რომელიც 8 თებერვლის მოვლენებს შეეხება, იქნება გამოძიებული და საერთაშორისო საზოგადოებას ამ გამოძიების შედეგებზე სათანადო ინფორმაცია მიეწოდება“, - აღნიშნავს გია ვოლკსი.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარესთან ყველა საკითხზე მოლაპარაკება წარმატებულად დასრულდა, მაგრამ უბრალოდ ამ ერთმა მუხლმა დელეგაციას არ მისცა საშუალება, რომ ეს მოლაპარაკებები ფორმალურად, ქაღალდზე გადაეტანა, ეს იყო და ეს და გია ვოლსკის შეფასებით, ჩავარდნაზე საუბარიც კი ზედმეტია. იგი კომენტარს აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ, გიორგი კანდელაძის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან ხისტ ქმედებებს. გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან იყო დათმობის მცდელობაც, როდესაც საუბარი იყო მუხლის ფორმულირებაზე. კერძოდ, დეპუტატის განმარტებით, გიორგი კანდელაკი ითხოვდა, რომ რეზოლუციაში ჩაწერილიყო, თითქოს 8 თებერვალს ქართულმა პოლიციამ სათანადო არ იმოქმედა და თითქოს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ხორიელდება პოლიტიკური ზეწოლა, ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას და საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე მიდის ზეწოლა მათი მმართველი გუნდის მხარეს გადმობირების მიზნით. ვინაიდან ამ ჩანაწერის გაკეთებაზე უარი ითქვა, სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა რეზოლუციის მიღება.

ვიქტორ დოლიძე კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მმართველმა გუნდმა ისიც კი შესთავაზა, რომ რეზოლუცია იმ სახით ყოფილიყო მიღებული, რაზეც შეთანხმება მოხდა ევროკავშირთან, ანუ ეს ერთი სადავო მუხლი არ ჩაწერილიყო მასში, მაგრამ ნაციონალებმა ამაზე უარი თქვეს და სწორედ ამიტომ ჩავარდა ამ დოკუმენტის მიღება. აქვე დეპუტატი დასძენს, რომ ევროპარლამენტის მწვანეთა, სოციალ-დემოკრატების და ლიბერალ-დემოკრატების ფრაქციებმა ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით წარმოადგინეს სწორედ ის წინადადებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოზიციებს სრულად ემთხვეოდა, ხოლო „ევროპის სახალხო პარტიამ“ ისეთი წინადადებები წარმოადგინა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს იზიარებდა.

„აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო. არის ასეთი დეპუტატი, კირილოვი (ბულგარელი, სოციალ-დემოკრატებიდან), რომელმაც თქვა - „საქართველოში აქამდე რა დემოკრატია იყო, ჩვენც კარგად ვიცით. დღეს, როდესაც ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლობის მე-15 შეხვედრა იმართება, წარმოდგენილია ქართული ოპოზიციაც და მას საშუალება ეძლევა, საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს.“ ამით მე მგონი ძალიან ბევრი რამ იყო ნათქვამი. ამიტომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის გიორგი კანდელაკი, გიორგი ვაშაძე და თუნდაც მიხეილ სააკაშვილი. მთავარი არის ის, რომ ვეროკავშირთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და პროცესი წინ მიიწევს“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.