ნაციონალებმა ახალციხის რაბათში საფიხვნო მოიწყვეს

ნაციონალებმა ახალციხის რაბათში საფიხვნო მოიწყვეს

ნაციონალებმა რაბათის ციხეში ჩასვლას საეჭვოდ მოუხშირეს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ რაბათი არის მათი საქმეების უკვდავსაყოფი ძეგლი. For.ge-ს „ქართული ოცნების“ ახალციხის ყოფილი მაჟორიტარი ისტორიკოსი გურამ კუტალაძე ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ ნაციონალების მხრიდან რაბათის ციხის ამ სახით რესტავრაცია ქართული კულტურის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

- თვითონ ამ ციხის აგება ამ სახით, როგორიც ახლა არის და რაც პრეზიდენტის ბრძანებითა და აკვიატებით განხორციელდა, კულტურის წინაშე დანაშაულია. ისტორიული თვალსაზრისით, ძეგლი განადგურდა, არქეოლოგია დასამარებულია. ნაციონალები დაუდევრად მოექცნენ  ძეგლს, რომელსაც ჰქონდა ისტორიული ღირებულება, დღეს კი ეს ღირებულება აღარ აქვს.

. რესტავრაციის შემდეგ რა მივიღეთ?

- ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იმ მხარეში, უნახავს რაბათის ციხე, მისთვის ნათელია, რომ ეს იყო ისტორიული ღირებულების მქონე ობიექტი. თვითონ ახალციხე, ახალქალაქი მე-9-10 საუკუნისაა. ციხეც ამ დროიდან უნდა იყოს აგებული, მაგრამ ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სამშენებლო ფენები, სხვადასხვა ეპოქა იყო და რუსების მიერ ახალციხის აღებამდე ფუნქციონირებდა. იქ იჯდა ფაშა, იქ იყო საფაშო სახლი და ადმინისტრაცია თურქული იყო, რომელსაც გურჯისტანის ვილაიეთის საფაშო ერქვა. რუსების მიერ ახალციხის აღების შემდეგ რაბათის ციხემ ფუნქცია დაკარგა და ისტორიული ღირებულების ძეგლად დარჩა. მახსოვს, საბჭოთა პერიოდში მის ერთ ნაწილში სამხედრო ლაზარეთიც იყო მოწყობილი. იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი და მას თავისი ღირებულება ჰქონდა. ალბათ, დღესაც არის ეს მუზეუმი, უბრალოდ, მე იქ უკვე აღარ ავსულვარ. სანამ ნებისმიერი არქიტექტირული ძეგლის რეკონსტრუქცია დაიწყება, არქეოლოგიური თვალსაზრისით, ტერიტორიის დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს, გააჩნია, ობიექტის მოცულობას. მით უფრო, რაბათი ძალიან მასშტაბური და დიდი ობიექტია. ამ დროს მასზე წლები კი არა, ერთი საათიც არ დაუკარგავთ. პირიქით, მაშინ ყოველდღიურად იქ გახლდით და მაქვს ინფორმაცია, ვანო მერაბიშვილი როგორ იშორებდა სპეციალისტებს, მეცნიერებს და იძახდა, მომაშორეთ, წაიყვანეთო. ზოგიერთს სულელს უწოდებდა, ზოგს - უფრო უარესადაც, სკაბრეზული გამოთქმებით მოიხსენიებდა და ასე თვითნებურად შექმნეს რაღაც საშინელება.

ახალციხელი ისტორიკოსები, არქეოლოგები ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებით რას ამბობენ?

- აქაურ უნივერსიტეტში არიან კარგი სპეციალისტები, თუმცა აქ არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც მიჯაჭვულნი გახლავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პრაქტიკულად, ახალციხეში არაფერი შეცვლილა, ვანო მერაბიშვილი დაბრძანდება, შემოკრებილი ჰყავს თავისი დასი და სხვადასხვა საკითხებს წყვეტენ. ისინი ფიქრობენ რევანშზე და აქ არის ამ რევანშისტების ერთ-ერთი ბუდე, სხვა მრავალ ბუდეთა შორის.

ანუ, ნაციონალები რაბათში ჩამოდიან და მსჯელობენ ცალკეულ საკითხებზე?

- რაბათში ჩამოდიან, რადგან მათი ილუზორული წარმოდგენით, ეს არის მათი საქმეების უკვდავსაყოფი ძეგლი.

რამდენად ხშირად სტუმრობენ რაბათს?

- ხშირად ჩამოდიან. ამას წინათ აბასთუმანში გახლდნენ, იქ შეიკრიბნენ. ახლა ახალციხეში ჩამოვიდნენ. როცა მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი, პირდაპირ ვეხვეწებოდი ნაციონალების მაჟორიტარს, ჩიტაშვილს, ერთხელ მაინც გამოსულიყო ტელედებატებში. თუმცა ერთხელაც არ გამოჩენილა ტელევიზიით, ახლა ხომ ხედავთ, ლამის ტელევარსკვლავად ჩამოაყალიბეს. მთელი უბედურება ის იყო, რომ რაბათში არსებული ბიზნესი - ეს იყო ნაძალადევი პროექტი. ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა ადამიანების ჩამოყვანა, მოჰყავდათ სკოლების, საბავშვო ბაღების თანამშრომლები.

როგორც ვიცი, ძალით მიჰყავდათ ეს ადამიანები.

- რასაკვირველია. თუმცა არ დავმალავ, იყო ცალკეული შემთხვევა, როცა თავისი ნებით ვიღაცები ჩამოვიდნენ, რათა ენახათ, მართლა ასეთი იყო თუ არა რაბათი. უკანა გზაზე კი უკვე იმედგაცრუებულნი საუბრუბდნენ იმ უბედურებაზე, რაც აქ დახვდათ.

და რა იყო ეს უბედურება?

- თითქოს, ეს იყო რესტავრაცია, მაგრამ ამათ ააგეს არაქართული არქიტექტურის ძეგლი და არა მგონია, ეს იყოს რომელიმე ქვეყნის არქიტექტურის გამოხატულება.

არც თურქული არქიტექტურის გავლენაა?

- არა, ბოლო პერიოდში მუზეუმის ქვის წარწერების ფონდის საცავი იყო აქ, ასევე, ყოფილი მეჩეთი და თურქულმა მხარემ მის რესტავრაციასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა, რადგან ისტორიული ღირებულების გარკვეული ნაწილი ამ ძეგლსაც დააკარგინეს, მოშალეს რაღაცები და ისე არ გააკეთეს, როგორც ამას თურქული მხარე ითხოვდა. მოკლედ, თვითნებურად ჩაერივნენ. ასე რომ, პრეტენზიები ძალიან ბევრია. პირველ რიგში, ის, რომ ისტორია გაანადგურეს, ობიექტიც გაანადგურეს, მეორეც, მიიღეს ხელოვნური პროექტი, რომელსაც არ ჰქონდა ეკონომიკური დასაბუთება, ტურისტული ღირებულება დაკარგულია  და ინფრასტრუქტურის შექმნას ხელოვნურად შეეცადნენ. წარმოიდგინეთ, ახალციხეში სულ რაღაც ათი ათასამდე მოსახლეა, რამდენი უნდა ჩავიდეს იქ, რომ „სვოჩის“ თუ სხვა ბრენდების მაღაზიებში შევიდეს? თანაც, ეკონომიკურად ახალციხე ისევე, როგორც ყველა მხარე საქართველოსი, ძალიან უღონოა.

რაბათის რესტავრაციაზე რამდენი დაიხარჯა?

- მე ახალციხელი არ გახლავართ, უბრალოდ, წლების განმავლობაში ახალციხის უნივერსიტეტში ვმოღვაწეობდი, სანამ ვანო და მისი კლანი არ გამომაგდებდა.

რატომ გამოგაგდეს?

- ჩემი არც პოლიტიკური და არც საუნივერსიტეტო შეხედულებები არ ემთხვეოდა ნაციონალებისას. თბილისშიც ვმუშაობდი, მერე ახალციხეში გადამიყვანეს. როგორც მახსოვს, 36 მილიონზე მეტია რაბათის რესტავრაციისთვის გადაყრილი, რაც წყალს გატანებული ფულია. არადა, ახალციხეს რამდენი რამ სჭირდება.

ადგილობრივები თუ აღიქვამენ, რომ ამდენი თანხა გაიფლანგა ამისთვის?

- რასაკვრველია, ვისაც აზროვნების უნარი აქვს, ამას ხვდება. მაგრამ ჩვენი ყოფის მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ქვეყანაში ფიქრისთვის თავს არავინ იწუხებს. წარმოიდგინეთ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს მხარე სულ რეპრესიების ზონა და სუბიექტი იყო. თურქ-მესხებს რომ ვეძახით ახლა, სწორედ აქ მოხდა მუსლიმანების გასახლება, მათ შორის, უმრავლესობა ქართველი მუსლიმანი იყო, რომელიც სტალინმა გაასახლა. მოგვიანებით ეს დახურული ზონა იყო, სადაც მხოლოდ საშვით შეიძლებოდა შესვლა. პრაქტიკულად, იქაური ადამიანი კანონმორჩილი კი არა, ხელისუფლების მონა იყო, რომელიც აკეთებდა იმას, რაც ხელისუფალს სურდა, მოსახლეობას არავინ არაფერს ეკითხებოდა. თუ საბჭოთა პერიოდში ვიღაცას აზრის გამოთქმის უფლება რაღაც დონეზე მაინც ჰქონდა, ახალციხეში ესეც აკრძალული იყო. ასევე ხდება დღესაც, ადამიანების უმრავლესობა იმ ხელისუფლების მონები იყვნენ.

დავუბრუნდეთ რაბათს. შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ რაბათში მიმდინარეობს ნაციონალების თათბირები?

- რასაკვირველია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ იქაური გახლავთ ვანო მერაბიშვილი. მართალია, ის ახალციხელი არ არის, მათი წარმომავლობა არის უდედან, ახალციხის ახლოს მდებარე სოფლიდან, მაგრამ ცხოვრობენ ახალციხეში. პირადად მომისმენია სადღეგრძელოები და პირადად გახლავართ იმის შემსწრე, რომ თამარის ეპოქის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში თურმე მესხეთს არ ჰყოლია ასეთი ფიგურა და ამოდენა ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც ვანო და ვანოს მომხრეები. ფაქტობრივად, ვანოს მშობლები მართავდნენ ახალციხეში ყველაფერს. ახალციხის უნივერსიტეტის კადრებიც კი ინიშნებოდა ვანოს დედ-მამის მიერ, განსაკუთრებით, აქტიური დედა იყო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალციხე სამცხის მთავრების - ჯაყელების ტახტად ითვლებოდა, რა დროს ვანო მერაბიშვილის შესახებაა საუბარი?

- დიახ, ჯაყელები მოგვიანებით გახდნენ სამცხის მთავრები. რასაკვირველია, ასე იყო, მაგრამ აქ მერაბიშვილის ასე დაწინაურება, ალბათ, ჩვენი მცონარობის და კულტურაში ჩაუხედაობის გამოვლინებაა. 

რაბათში ხომ მესხური დარბაზების ნიმუშიცაა?

- ეს ქალაქის ციხე იყო და ქართული ნაშენია. შეიძლება, რომელიმე დარბაზი  გადმოიტანეს, როგორც მესხური დარბაზი. რაც შეეხება რაბათს, ეს დასახელება ნიშნავს ნებისმიერი ციხის დასახლებას. იქ ქალაქის ძველი უბანია, მაგალითად, გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში რომ ნახოთ, თმოგვის ციხის რაბათიც ასეა, ეს არის დასახლებული ტერიტორია. როგორც ჩანს, არაბულიდან გადასული სიტყვაა და ყველგან, სადაც კი ციხეს თავისი დასახლება აქვს, რაბათი ეწოდება. თუმცა არის ციხეები, რომლებსაც გარშემო დასახლება არ აქვთ.

სხვათა შორის, კადრების მიხედვით, ეფექტური ჩანდა ღამით განათებული რაბათი.

- ბოლო ხანს მე არ ავსულვარ რაბათში, რაც მაგათ ამ სახით განახორციელეს რესტავრაცია. რა თქმა უნდა, ეფექტი ექნებოდა - შუქი, განათება, ბუტაფორიული კოშკები. სხვათა შორის, დონ კიხოტის გადაღება მიმდინარეობდა ახალციხესთან და იქაც დადგეს ფანერის ბუტაფორიები, შორიდან ისეთი კარგი სანახავი იყო, მართლა კოშკი გეგონებოდათ. დაახლოებით ასევეა აქაც, ოღონდ ქვით არის აშენებული. ვფიქრობ, შესასწავლია ძველი კედლები, გაუძლებს კი იმ ახალ ნაგებობას, რაც ნაციონალებმა დააშენეს?! თანაც, ხომ იცით, ესენი როგორ აშენებდნენ?! ამავდროულად, ახალი კოშკებიც მიუშენეს.

მოკლედ, ძეგლთადაცვაგამოუვიდათ.

- ძეგლის ნგრევა მართლა გამოუვიდათ. როგორც ვიცი, ახლანდელი კულტურის მინისტრი იმყოფებოდა რაბათში და ყველაფერი დაათვალიერა. არა მგონია, დადებითი აზრი ჰქონდეს ვინმეს, ვინც ერზე, მის წარსულსა და მომავალზე ფიქრობს და ღელავს. ვისაც გული ტკივა, რაბათი განადგურებად უნდა აღიქვას.        

თუ არ ვცდები, რაბათში ეკლესიაც არის.

- აქ ივლიტას სახელობის ეკლესიაა. კომუნისტების დროს აქაურ ეკლესიას ფუნქცია გამოცვლილი ჰქონდა, მაგრამ შეიძლებოდა ამ ძეგლის რესტავრაცია. აქ უფრო კონსერვაცია იყო საჭირო. რამაც ჩვენამდე მოაღწია, იმ სახით უნდა შეგვენარჩუნებინა. მეორე ამბავია, რომ ეს რეგიონი ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელია. თუ არ ვცდები, ახალციხის მთელ რაიონში მოსახლეობის 47% ქართველობაა. ისე, უნივერსიტეტის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე იქ უმრავლესობაში იყვნენ სომხები. საარჩევნო თვალსაზრისით, ეთნიკური უმცირესობა ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების მომხრე იყო. ამიტომ პოლიტიკურად ინერტული რეგიონია.

ალბათ, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარე რაბათი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც იზიდავთ ნაციონალებს?

- რასაკვირველია, ისინი თვლიან, რომ მორჩილი ხალხი მისი მომხრეა. თქვენთვის ალბათ, ცნობილია, ვანოს დედა არის სკოლის დირექტორი, ახლახანს იმ სკოლაში კონფლიქტი მოხდა და ამის შესახებ გაზეთშიც დაიწერა, მოსწავლეს სცემაო. ორი დღის წინ ვნახე „ინფო 9“-ის კადრები და, როგორც წესი, როცა გადაღება მიმდინარეობს, რესპოდენტი უყურებს კამერას, ამ შემთხვევაში კი, ახალგაზრდა გოგონა, სკოლის მოსწავლე საუბრობს და გადაღება ზურგიდან ხდება. ამ გოგონას მხოლოდ ზურგი უჩანს, რადგან ბავშვი შეშინებულია და ჟურნალისტს სთხოვეს, სახე არ აჩვენოთო.

იმის თქმა გსურთ, რომ ნაციონალური შიზოფრენია ახალციხეში დღემდე გრძელდება?

- დიახ, შიში დღემდე არ არის დაძლეული.