25 თებერვალს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის გამო ორი ყოფილი პოლიციელი – მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლაში, რაც გამოიხატა მოწმის, ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით, ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. თუ მსგავსი დანაშაული პირის მიერ ჩადენილია არაერთგზის, მას 3–დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა პოლიციელებმა, მაიზერ ლიპარტელიანმა და ლევან ლობჟანიძემ საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, ზურაბ მიქაძის მსგავსად, შეცვალეს ჩვენებები და განაცხადეს, რომ რობაქიძესა და მის თანხმლებ პირებს 2004 წლის 24 ნოემბერს, რობაქიძის კვლელობის ღამეს იარაღი ნამდვილად ჰქონდათ, რამდენიმე კვირის წინ კი აცხადებდნენ, რომ ისინი უიარაღოდ იყვნენ და პოლიციელები მათ უმიზეზოდ გაუსწორდნენ. ლიპარტელიანმა და ლობჟანიძემ 2004 წლიდან დღემდე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.
რა და როგორ მოხდა რეალურად, ყველა პოლიციელმა იცის, იმანაც, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში და მანაც ვინც არ მონაწილეობდა. For.ge იმ პერიოდში საპატრულო პოლიციაში არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთ ყოფილ პოლიციელს ესაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა ხდებოდა რობაქიძის მკვლელობის პერიოდში საპატრულო პოლიციაში?
- იმ პერიოდში მთაწმინდის რაიონის საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი, რობაქიძის საქმე იმდენად გასაიდუმლოებული და ტაბუდადებული იყო, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ყველა პოლიციელს ეკრძალებოდა. თუ ვინმეს რამის თქმა უნდოდა, ამას მხოლოდ ჩურჩულით თუ მოვახერხებდით, რათა ხელმძღვანელობიდან ვინმეს არ გაეგო, რომ ჩვენ რობაქიძის საქმეზე ვლაპარაკობდით. სიმართლე იმთავითვე ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა ლაპარაკის უფლება არავის არ ჰქონდა.
ეს სიმართლე რა იყო?
- ეს სიმართლე ის იყო, რომ უდანაშაულო ადამიანი იმ ადამიანის მსხვერპლი გახდა, რომელსაც პოლიციელობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა - იარაღთან მოპყრობის გამოცდილება.
რა ინფორმაცია გაქვთ, რეალურად რა ხდებოდა?
- მანქანა, სადაც რობაქიძე იჯდა, სხვა ეკიპაჟმა გააჩერა. ბაშალეიშვილი სხვა ეკიპაჟში იყო, რომელიც გადამღებ ჯგუფს ატარებდა. ყოველდღე ასეთი ორი ეკიპაჟი მორიგეობდა ხოლმე. როდესაც რაიმე ფაქტი ხდებოდა, მაშინვე რომ მისულიყვნენ გადასაღებად. როდესაც პატრულ-ინსპექტორმა დახმარება გამოიძახა, ეს ეკიპაჟი, სადაც გადამღები ჯგუფი იჯდა, წავიდა დასახმარებლად. მისვლისთანავე მოხდა გასროლა, და ბაშალეიშვილის მიერ გასროლილი ტყვიით დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. გაუვარდა თუ მიზანმიმართულად ესროლა, ეს მხოლოდ თვითონ იცის. მის გვერდით მყოფნი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს გასროლა მოხდებოდა, იმდენად მოულოდნელი იყო.
ითქვა, რომ ბაშალეიშვილი ნასვამი იყო, ესეც არავინ არ იცის?
- ესეც არავინ არ იცის, რადგან ასეთი ფაქტი ექსპერტიზით უნდა იყოს დასაბუთებული, ასეთი შემოწმება კი იმ პერიოში არავის ჩაუტარებია. ამიტომ ამისი თქმა, ნასვამ მდგომარეობაში იყო თუ არა, მტკიცებულების გარეშე შეუძლებელია.
როგორც თქვენ ამბობთ, გადამღები ჯგუფი იქ იყო და მაშინვე დაიწყო გადაღება?
- დიახ ბაშალეიშვილის ეკიპაჟს თან ახლდა გადამღები ჯგუფი, იმწუთასვე გადმოვიდა ოპერატორი და მაშინვე დაიწყო გადაღება.
იმ კადრებზე, რაც გურამ დონაძემ გაავრცელა, ასახულია რობაქიძის გარდაცვალების მომენტი, გასროლა არ ჩანდა...
- იმ კადრებზე, რაც გავრცელდა, ყველაფერი ძალიან ცუდად არის წარმოჩენილი. იქ ჩანს 20 ეკიპაჟი და როდესაც რობაქიძის გარდაცვალება მოხდა, იქ მხოლოდ ორი ეკიპაჟი იყო. როდესაც უკვე 20 ეკიპაჟია მოსული, რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო და სწორედ მისი გარდაცვალების ფაქტმა გამოიწვია დანარჩენი ეკიპაჟების გამოძახება.
თუ ეს უბედური შემთხვევა იყო ან პოლიციელის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, არ შეიძლებოდა, რომ პოლიციელს პასუხი ეგო და გადაცემა „პატრულს“ არ გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულ ყაჩაღთა ჯგუფთან შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი ბოროტმოქმედი გარდაიცვალა?
- ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო. მისი მოსვლისთანავე პოლიცია საერთოდ გარდაიქმნა. შეიქმნა და საერთოდ ახალი უწყება -საპატრულო პოლიცია, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი პიარისთვის სჭირდებოდა. შეგვიძლია გადავხედოთ ხელისუფლების მაშინდელ გამოსვლებს, ყველა ამბობდა, რომ შეიქმნა ყველაზე საუკეთესო, ახალი სამსახური, რომელსაც საპატრულო პოლიცია ჰქვია.
ბატონ გურამ დონაძეს დავალებული ჰქონდა, საპატრულო პოლიციისთვის როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, შეექმნა ყველაზე ბრწყინვალე სტრუქტურის სახელი. ამიტომაც იყო, რომ საპატრულო ეკიპაჟებს გადამღები ჯგუფები დაჰყვებოდა და მათ ყველა მოქმედებას იღებდნენ.
აქედან გამომდინარე, თუ დააფიქსირებდნენ, რომ ამ „მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო საპატრულო პოლიციამ“ მოკლა უდანაშაულო ადამიანი, შელახავდა საპატრულო პოლიციის სახელს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოხდა ფაქტის გაყალბება, იყო ის, რომ საპატრულო პოლიციის სახელი არ შებღალულიყო და ვინმეს არ წამოეძახებინა, თქვენ უდანაშაულო 19 წლის ადამიანი გამოასალმეთ სიცოცხლესო. მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმ ყველაფრისა, რაც ამ უბედურ შემთხვევას მოჰყვა. აქ ბაშალეიშვილიც არავის აინტერესებდა, არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი იქნებოდა პატრულის თანამშრომელი, რომელმაც ეს ჩაიდინა, მთავარია, თვითონ სისტემას არ შელახვოდა სახელი. ნებისმიერ პატრულს გაწირავდნენ, ადამიანებს ოქმის არასწორი შევსებისთვის ერთ დღში უშვებდნენ სამსახურიდან, მაშინ როდესაც ბაშალეიშვილმა ადამიანი მოკლა, ამ ამბიდან 8 თვის განმავლობაში ისევ პატრულად მუშაობდა. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ თუ სიმართლეს იტყოდნენ, მის უწყებას იმიჯი შეელახებოდა.
მუდმივად ხდებოდა ისეთი სიუჟეტების შერჩევა, სადაც ხაზგასმული იყო პატრულის დადებითი საქციელი, დაკარგული ბავშვის პოვნა, საოჯახო კონფლიქტის მოგვარება და ა.შ.
ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა დონაძე, რომელიც მინისტრის შემდეგ პირველი კაცი იყო, საპატრულო პოლიციის უფროსი თუ სამმართველოების უფროსები, რასაც დონაძე იტყოდა, ყველაფერს ისე აკეთებდნენ - მას ჰქონდა გადამწყვეტი ხმის უფლება.
როგორ ფიქრობთ, ეს გაუფრთხილებლობა შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიციელის მხრიდან?
- შესაძლოა, რადგან საპატრულო პოლიცია რომ შეიქმნა, ბუნებრივია, კადრები არ არსებობდა და სამსახურში მიიღეს ძირითადად ყველა, ვინც ამისი სურვილი გამოთქვა. სამარშრუტო ტაქსებიდან ჩამოსვეს მძღოლები და ბაზრობებიდან წამოიყვანეს ხალხი. მერე ამათ თავიანთ ძველ თანამშრომლებს აჭერინებდნენ.
კიდევ ერთი, რისი აღნიშვნაც მინდა, შემთხვევის ადგილზე ნებისმიერი კამერა გარდა საპატრულო სამსახურის კამერისა, არ დაიშვებოდა და ვერავინ გადაიღებდა გადაცემა „პატრულის“ გადამღები ჯგუფის გარდა. ანუ ვერსია, რომ თითქოს ვიღაცამ გადაიღო, 9 წელი მალავდა და ახლა გამოაჩინა, უბრალოდ, არარეალურია.
ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა აღნიშნა კიდეც, რომ ისინი იყვნენ შემთხვევის ადგილას, იღებდნენ შემთხვევის ადგილს, შემდეგ მივიდა დონაძე, გადამღები ჯგუფი გაიხმო უკან, რომლებიც ნახევარი საათი მანქანაში ელოდებოდნენ. ნახევარი საათის შემდეგ დონაძემ გამოიძახა ოპერატორი და ხელახლა გადააღებინა ყველაფერი, თუმცა დონაძე ამას უარყოფს...
- კადრებში ჩანს ძალიან ბევრი პოლიციელი და უამრავი საპატრულო მანქანა. ლოგიკურად, 7-8 ეკიპაჟის შეგროვებასაც კი დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. მით უმეტეს, მოვიდეს მთავარი სამმართველოს უფროსი, ოცმეთაური, რაიონის პოლიციის უფროსი, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
ისინი, რომლებიც მონაწილეობდნენ რობაქიძის საქმეში, არ ვიცი, რის გამო, დროთა განმავლობაში ყველა თანამდებობებზე დაინიშნა. ვფიქრობ, ხელმძღვანელობამ იმიტომ დაიახლოვა, რომ მუდმივად ეკონტროლებინათ მათი განწყობები.
როგორ ფიქრობთ, ახლა ამ ფირის გავრცელებას რა მიზანი ჰქონდა?
- როდესაც პოლიციელი გქვია და ასეთი ფირი ჩაგივარდება ხელში, არ შეიძლება ის ტელევიზიით გაუშვა. ის ჯერ პროკურატურაში უნდა მიიტანო და თუ გადაწყვეტენ, რომ საზოგადოებისთვის ამისი ჩვენება შეიძლება, მხოლოდ მაშინ უნდა გავიდეს ტელევიზიით. როცა, ჯერ ხალხს აჩვებნებ და მერე პროკურატურაში მიგაქვს, როგორც ჩანს, იმისთვის გჭირდება, რომ ხალხში სხვა განწყობა შექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს ფირი რომელიღაც თანამდებობის პირს რაღაცისთვის ჰქონდა შენახული. ვერავინ ვერ გადაწერდა ამ ფირს და ვერც ერთი ოპერატორი ვერ შეინახავდა. პატრულსა და გადამღებ ჯგუფს მუდმივად ცვლიდნენ, რომ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა არ გასჩენოდათ და მუდმივად ერთმანეთი ეკონტროლებინათ. ასე რომ, გამორიცხული იყო, ვინმეს ფირი სადმე გაეტანა.
ირაკლი ფირცხალავას ბრალს რაში ხედავთ?
- ვერც ირაკლი ფირცხალავა და ვერც ვინმე სხვა ვერაფერს ვერ გადაწყვეტდა, როცა დონაძე იყო. მას ამ საქმეში არანაირი ბრალი არ მიუძღვის გარდა იმისა, რომ ის იარაღი, რაც თითქოს ამ ბიჭებს ჰქონდათ, აღწერა და თავისთან, პოლიციის შენობაში შეინახა. თუ მან იცოდა და დარწმუნებული ვარ იცოდა, რომ ჩადებული იყო, ასე არ უნდა მოქცეულიყო...
ვინ მოიტანა ეს იარაღი იცით?
- როგორც ითქვა, სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა ადგილებიდან...
თვითონ საპატრულო პოლიციაში რა ტიპის დავალებები მოდიოდა?
- ზოგჯერ მოდიოდა დავალება, რომ არავინ არ დაგვეჯარიმებინა, ქუჩაში თუ იდგა ვინმე, მოგვეყვანა იმ ადგილამდე სადაც მიდიოდა, რომ ხალხს დაენახა, აი, ნახეთ, როგორი პოლიცია გვყავს. დროდადრო ასეც ხდებოდა, უცებ გაიცემოდა ბრძანება და ყოფილა, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთი საჯარიმო ქვითარიც კი არ გამოწერილა.
ამან იმუშავა კიდეც, საზოგადოებაში საკმაოდ დადებითი განწყობაა დღემდე...
- არ ვიცი, რამ იმუშავა, მაგრამ მართლაც ნორმალური უწყება ჩამოყალიბდა და დღემდე ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს.
რისთვის სჭირდებოდა სააკაშვილს მაინც და მაინც ასეთი პატრული, იდეაფიქსი იყო, ყველას გაკონტროლება სურდა თუ წესრიგის დასაცავად იყო საჭირო ასეთი ძლიერი პიარ-კამპანია?
- თითოეულ პატრულს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ პატრულის გულისხმიერება წესრიგს ვერ დაამყარებდა. სიმართლე ვთქვათ - ეს განაპირობა იმ შიშმა, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა. ყველას ყველაფრის ეშინოდა, ერთმანეთს არავინ ენდობოდა. იმდენად შეიცვალა ყველაფერი, რომ ცოლს დაურეკავს პატრულში, ჩემი ქმარი საჭესთან მთვრალი ზის და მიშველეთ არავინ არ მოკლასო.
თქვენ როდის გაგათავისუფლეს სამსახურიდან?
- 2011 წლის გაზაფხულზე, იმ მიზეზით, რომ ჩემი შვილი ოპოზიციის ერთ-ერთ მიტინგზე დაინახეს. დამიბარეს და მითხრეს, შენი შვილი ოპოზიციის მიტინგებზე დადის, ალბათ, შენც მის პოზიციაზე ხარ და არ ხარ ღირსი, რომ პოლიციელის ფორმა გეცვასო. მითხრეს, რომ გათავისუფლების თაობაზე პატაკი დამეწერა. ამაზე უარი ვუთხარი, იმავე ღამეს განგაშის ზარით გამომიძახეს და ზურაბ ვახტანგიშვილი და ვახტანგ ქარაია დამხვდნენ, რომლებმაც ძალადობრივი წესით დამაწერინეს პატაკი სამსახურიდან წასვლაზე. დაჭერითაც დამემუქრნენ და ასეთი რაღაც მაშინ მართლაც ხდებოდა.
ბევრი ადამიანი ვიცით, ვინც ამას წინააღმდეგობა გაუწია და მსხვერპლი გახდა. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა, ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდა. იყო ერთი პატრულის თანამშრომელი, გვარად პეტრიაშვილი. მასთან მივიდა ვიღაც და წარუდგა, როგორც ბადრი პატარკაციშვილის გუნდის წევრი. შესთავაზა საპატრულო პოლიციიდან წასვლა და მათ პარტიაში გაწევრიანება. პეტრიაშვილმა ამ ფაქტიდან ზუსტად 5-10 წუთში თავისი პირადი ხელმძღვანელი ჩააყენა საქმის კურსში. მას რატომღაც დააგვიანა ზემდგომებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. საღამოს საპატრულო პოლიციის მთელი გარნიზონი დაგვიბარეს, პეტრიაშვილი ამ გარნიზონის წინაშე გამოიყვანეს, მოღალატე და გამყიდველი უწოდეს, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობდა, გახადეს ფორმა, აგინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და გააგდეს საპატრულო პოლიციიდან. ორ დღეში გაირკვა, რომ ეს ადამიანი არაფერში არ იყო დამნაშავე და დააბრუნეს, ბოდიში მოუხადეს, სამსახურშიც დააბრუნეს და თანამდებობაზეც დანიშნეს, მაგრამ მთელმა გარნიზონმა ხომ დაინახა, რა დაემართა იმ კაცს.
შესაძლოა ეს სწორედ მთელი გარნიზონისთვის გაკეთდა, რომ არავის გაებედა ოპოზიციასთან რაიმე კონტაქტში შესვლა...
- დიახ, წარმოიდგინეთ ამ 600 კაცის გულში რა ხდებოდა, მაგრამ სიტყვის თქმის უფლება არ ჰქონდათ.
მიტინგების დროს ხალხის დარბევასაც ხომ არ გავალებდნენ?
- გვავალებდნენ, ხალხთან ახლოს არ მივსულიყავით, დარბევებს რაც შეეხება, უცებ საიდანღაც მოდიოდა სპეცნაზი, ერთს იტყოდნენ აბა წავედითო და იწყებოდა ყველაფერი. პატრულს ეს არ ეხებოდა, თუმცა თავისი სპეცნაზი პატრულსაც ჰყავდა.