2005 წლიდან, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მედიასაშუალებების და სატელევიზიო გადაცემების დახურვა დაიწყო, რევოლუციური ეიფორიის ტალღაზე საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავდა და ხელისუფლებაც რიხით და სიამაყით მისდგა იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას ქვეყნის უბედურებად წინასწარმეტყველებდნენ.
შემდეგ ეტაპზე იმ საინფორმაციო საშუალებების ჯერი დადგა, რომლებიც სამაუწყებლო ლიცენზიებს ფლობდნენ და რომლებშიც საინფორმაციო პოლიტიკას ნაციონალური მოძრაობის პიარტექნოლოგები უშუალოდ ვერ ახორციელებდნენ. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, ტელეკომპანია “202”, რომელიც შპს “ტვ 33-ის” ლიცენზიით მაუწყებლობდა, ტელეკომპანიები” “ობიექტივი”, “ევრიკა”, “მეცხრე არხი”, “ევროპა”, “მზე”, “პირველი სტერეო” ერთი მეორეს მიყოლებით გადადიოდა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ზოგ შემთხვევაში მედიამფლობელები “კეთილი ნებით” თმობდნენ ძვირადღირებულ ლიცენზიას ან საკონტროლო პაკეტს, კეთილი ნების უქონლობის შემთხვევაში კი მოქმედებდა სხვადასხვა ძალადობრივი სქემები, მაგალითად, ტელეკომპანია “ევროპის” ოფისს თავს დაესხნენ სოდის ფორმიანი თანამშრომლები, გაიტაცეს სატელევიზიო აღჭურვილობა და ტელეკომპანია “ალანიის” ოფისში შეზიდეს. “ევროპის” დამფუძნებელი კი წლების განმავლობაში იძებნებოდა (შეწყვეტილია თუ არა ძებნა დღეისთვის, ჩემთვის უცნობია). “ევროპის” დახურვის ოფიციალური მიზეზი კი ის იყო, რომ ტელეკომპანიამ რამდენიმე დღით შეაჩერა მაუწყებლობა ანძაზე არსებული დაზიანების გამო, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გაუქმების საკმარის საფუძვლად მიიჩნია.
ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო ჩარევით დაიხურა ისეთი გადაცემებიც კი, რომლებიც პრინციპულად არ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და მოკრძალებული დოზით ცდილობდნენ პროფესიული ბალანსის შენარჩუნებას. ტელეეკრანებიდან გაქრნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც ადრე ინფორმაციის სანდო წყაროებად იყვნენ მიჩნეულნი (თუმცა, ზოგიერთი მათგანი ნაციონალური მოძრაობის საინფორმაციო პოლიტიკის ურცხვ სახედ გარდაისახა). მთელი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა პროპაგანდის მექანიზმად ჩამოყალიბდა, მთელი საინფორმაციო სივრცე ერთი და იგივე ლექსიკური და ვიზუალური ხელწერის მქონე, მრავალთავიან რუპორად გარდაიქმნა.
ამით ხელისუფლება დაუფარავად ამბობდა, რომ ქართული მედია მდარე ხარისხის პროდუქციას ქმნიდა და მედიის შევიწროვება ხარისხის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამიტომ ქართული საზოგადოება აღშფოთებულიც იყო ხელისუფლების საქციელის გამო, მაგრამ იმავე დროს, უხერხულად პასიურიც ხელისუფლების კეთილშობილური გეგმების წინაშე.
ამის მიზეზი უდავოდ ის იყო, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ისეთი საერთაშორისო პოლიტიკური სურათის შექმნა, რომელიც უმრავლესობას უჩენდა ვალდებულების გრძნობას, ფერად-ფერადი წარმატებების მოლოდინში თვალი დაეხუჭა და მოეთმინა მტკივნეული ქირურგიული მანიპულაციები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მედიის მართვაში. თითქოს არავის სურდა თეთრი ყვავის როლში ყოფნა, როცა არ არსებობდა მკვეთრად გამოკვეთილი საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრობლემებთან მიმართებაში. ამასთან ერთად, უკვე ხელში ჩაგდებული და პროპაგანდის იარაღად გარდაქმნილი მედია არსებული პოლიტიკური კონტექსტის გამყარების საშუალება იყო.
საქართველოს, ერთი შეხედვით, ექსცენტრიკულმა ხელისუფლებამ გამძაფრებული საერთაშორისო ყურადღების და მძლავრი საზოგადოებრივი აქტიურობის პირობებში ვირტუოზულად მოახერხა მისთვის საჭირო უკანასკნელი სამაუწყებლო ლიცენზიის ხელში ჩაგდება. ტელეკომპანია “იმედის” დახურვა ყველაზე რთული ამოცანა იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამას ორი უმთავრესი მიზეზი ჰქონდა:
2. ტელეკომპანიას ჰქონდა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
“იმედი” რომ ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდებოდა და ამისთვის მზად იყო უპრეცედენტო ნაბიჯები გადაედგა, ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ბატონ პატარკაციშვილს “იმედის” სანაცვლოდ შპს “საქართველოს რკინიგზას” სთავაზობდა. მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ტელეკომპანია “იმედის” არსებობა ხელისუფლებას უკიდურესად გაურთულებდა საარჩევნო წარმატების პიარტექნოლოგიებით დასაბუთებას და განმტკიცებას.
ნოემბრის დღეებში მთავრობის სასახლესთან მინავლებული აქციის დარბევით ხელისუფლებამ ტელეკომპანია “იმედის” გააქტიურება გამოიწვია, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტის მზარდი ტალღა. ხელისუფლებამ ტელეკომპანია ხელოვნურად აქცია მადესტაბილიზებელ ფაქტორად, რაც შემდეგ გამოიყენა ტელეკომპანიაში შეჭრის საფუძვლად. მშვიდ, წყნარ გარემოში ვერანაირი მწვავე საინფორმაციო სიუჟეტის გამო “იმედში” სპეცრაზმი ვერ შეიჭრებოდა, ვერც აღჭურვილობას გაანადგურებდა და ვერც იმ პროცესს დაუდებდა სათავეს, რის შედეგადაც ტელეკომპანია ხელისუფლების კონტროლს დაექვემდებარა.
ხელისუფლებას ყოველი მედიასაშუალების კონტროლი კონკრეტული მიზნებით სჭირდებოდა. ისევე, როგორც გარკვეული დოზით დემოკრატიული იმიჯის დასასაბუთებლად სჭირდებოდა თავისუფალი მედიის არსებობაც, ოღონდ მკაცრად შემოსაზღვრული ფინანსური და სივრცითი არეალით.
მაგრამ, ან პოლიტიკური მოტივებით რატომ უნდა დაიხუროს პრესა.გე, ერთი შეხედვით, რიგითი საინფორმაციო ვებგვერდი, რომელსაც არ აქვს არც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების, არც რევოლუციური სულისკვეთების გენერირების რესურსი, რაზეც ზოგადად მგრძნობიარეა ხელისუფლების რეცეპტორები?
ამ ვებგვერდის საშუალებით საქართველოს შესახებ ინფორმაციას იღებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების უდიდესი ნაწილი, ის ადამიანები, ვის საქართველოში დაბრუნებასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება. ნახევარი მილიონიდან მილიონამდე (ვერ დავაზუსტებ) დასავლეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების ფოკუსჯგუფს, რათა მიიზიდოს თავის სამშობლოში, სადაც ნამდვილად არის მისი ბუნებრივი ცხოვრების პირობები.
ანუ, საქართველოში დაბრუნებულ ყოველ 100 000 მოქალაქეს საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის შემოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, გაიზრდება საპროცესო შეთანხმებებით “დასაბეგრი” რესურსებიც. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ემიგრანტების დაბრუნების საკითხი საკმაოდ მომხიბლავია.
ახლა, ვიზების გამარტივების და ლტოლვილების სამშობლოში მასობრივად დაბრუნების პერსპექტივის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებაში შესაძლებელია ვინმეს ასობით მილიონი ევროს შემოდინების მადა აღეძრას, ასეთ შემთხვევაში, იმ ვებგვერდის დახურვა, რომელიც ამ პროცესში გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მხოლოდ ტექნიკის საქმეა. სამწუხარო ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებამ მედიაზე ძალადობისგან დაცვის მექანიზმი ჯერჯერობით ვერ შეიმუშავა.