მოძრაობა ოპოზიციურ ფლანგზე- არ არის გამორიცხული „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უახლოეს მომავალში დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ორივე პარტიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს მოლაპარაკება უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე. მათ განცხადებებს „ქართულ ოცნბაშიც“ დადებითად ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიაში განაცხადა, რომ ის მომავალ კვირაში ელოდება „მოჯადოებული წრის გახსნის მექანიზმს“ და თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება და აღნიშნა, რომ პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ შეთანხმების წერტილამდე დროულად უნდა მივიდნენ.
„ნამდვილად შეთანხმებისკენ სვლა, ჩემი აზრით, უნდა გვინდოდეს ყველას და ეს უნდა ქართულ საზოგადოებას. მეორე, მათ მოვუწოდებ, იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია. მესამე, იქ, სადაც ობიექტურობა იქნება, მე ყოველთვის მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ შევეცდები, ყველა ოპოზიციური პარტია და პარტნიორები დავითანხმო გადაწყვეტილებაზე. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან საკითხების ნაწილი. ხუთივე საკითხი უნდა იყოს და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. გუშინდელი განცხადება გავაკეთე არა მარტო ქვეყნის შიგნით აუდიტორიისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის. ერთი, რომ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის და მეორე, ვთქვი, რომ უსასრულოდ ეს პროცესი ვერ გაიწელება და დროულად სჭირდება გადაწყვეტა ამ სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ამის გამო, შესაძლოა, თაკო ჩარკვიანმა ვაშაძესთან ერთად შექმნილი ბლოკი დატოვოს. ტოვებს თუ არა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ბლოკს, ამაზე მან for.ge-სთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძესთან ერთად მიიღებს და ჯერჯერობით ამაზე დაზუსტებით საუბარი მედიასთან არ შეუძლია.
„ამ გადაწყვეტილებას მე და გიორგი მივიღებთ. ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა. ამიტომ, ჯერჯერობით, მედიასთან რამე კონკრეტულზე საუბარი არ მსურს“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
მისივე თქმით, ის ყოველთვის პოლიტიკოსების მოქმედებას ელის და რამდენჯერაც ვაშაძემ თქვა, რომ არ შედის პარალმენტში, არ შესულა. ჩარკვიანი ამბობს, რომ მას ისევ ის აზრი აქვს, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, პარლამენტში არ შევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. მისი თქმით, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. ეს გეგმა არის გაკოტრებული და სწორად ხედავს ამას გიორგი ვაშაძე და სხვა მისი კოლეგებიც, ვისაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშინვე დაეთანხმენ ამ პირობებს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამ ხალხმა სიმართლე თქვეს და ეს სიმართლე დასაფასებელია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„იქნება ეს ვაშაძე თუ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში გულწრფელი პოზიცია არც ერთი პარტიიდან არ ისმის, არ ვიცი, აქვს თუ არა პერსპექტივა მოლაპარაკებებს ასეთ პირობებში, თუმცა კრიზისის განმუხტვისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, მოლაპარაკებაა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, როგორი კომპრომისისთვის არიან დღეს მზად მხარეები.
„ის ხუთი პუნქტი ხომ სხვადასხვა ფორმატში ჩვენთან დენიელსონის მიერ, რამდენჯერმე გვქონდა წარმოდგენილი, გვქონდა ბოლო ვერსიაც, რომელიც იყო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ასევე იქნა დაწუნებული ორივე მხარის მიერ და მართლა არ ვიცი, ეს მხარეები როგორი კომპრომისისთვის არიან დღეს მზად, განსხვავებით ორი კვირის წინანდელი მოლაპარაკებისგან“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა უნდა შეიცვალოს დენიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ისეთი, რომელიც ორივე მხარეს გახდის მზად, რომ მოაწეროს ხელი.
რაც შეეხება „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებებს, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, კომუნიკაცია იყო და „გირჩი“ თავის გადაწყვეტილებას კვირას, მხარდამჭერებთან ონლაინშეკრებაზე გაახმაურებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ნაციონალების ორბიტაზე რაც უფრო დიდხანს იქნებიან, საზოგადოებაში მხარდაჭერას მით უფრო დაკარგავენ. ძაბირაძის აზრით, ეს პარტიები პოლიტიკურად რომ გადარჩნენ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ ორბიტას ჩამოშორდნენ. მისი თქმით, აქ საუბარი უკვე „ევროპულ საქართველოზე“ აღარ არის, რადგანაც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნების და ბოლო დროს უგულავა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, ისინი ნაციოანლებთან აფილირებულ პარტიად აღიქმებიან, რამდენიც არ უნდა ეცადონ, მისგან დისტანცირებას ვეღარ შეძლებენ. ამიტომ ანალიტიკოსი ამ სამ პარტიას ურჩევს, რომ რაც უფრო მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათთვის უფრო უკეთესი იქნება.
„ლელოს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება ისაა, რომ ნაციოანლების ორბიტას ჩამოშორდნენ. მათი საქმეა, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან, რა უნდათ და რას აკეთებენ, მათი როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენისთვის მით უფრო უკეთესი იქნება. თუმცა გიორგი ვაშაძემ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ის პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს და დენიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერს, მას იქ ძალიან რთული ვითარება შეექმნება. ძალიან გამიკვირდება ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანი მასთან ბლოკში თუ დარჩება. ვაშაძეს არჩევანის გაკეთება მოუწევს, დაკარგოს რეიტინგი, ელექტორატი, სამომავლო პერსპეტივა, ან ჩარკვიანი შეინარჩუნოს. ან კიდევ პირიქით, ჩარკვიანის გამო უარი თქვას საკუთარ ელექტორატზე, რომელსაც დიდად მისი ნაციონალებთან თანამშროლობა არ ხიბლავს“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, დასავლეთიდან ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე და ხელისუფლებაზე იმდენად დიდია, რომ შეთანხმებას წინ არაფერი უდგას, თუ ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკაში დარჩენას აპირებენ. ძაბირაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებაზე სიტყვას არავინ ძრავს და მის არალეგიტუმრობაზე არ ლაპარაკობენ. დასავლეთიდან რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგიდან მოხსნილია. ხოლო ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს და პოლიტიკურად უფრო მეტი გამჭრიახობა ჰქონდეს, რურუა და მელია უკვე გათავისუფლებულები იქნებოდნენ. მისი აზრით, ციხეში მყოფი მელია უფრო ფიგურაა, ვიდრე გარეთ. მას დაპატიმრებულს პოლიტიკურად მეტი ფასი აქვს და ხელისუფლება ამას უნდა მიხვდეს.
„ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ხელისუფლება თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და დენიელსონის დოკუმენტში ნახსენებ რეფორმებსაც გაატარებს, ის დასავლეთიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს. ხოლო ქუჩაში რომელი ოპოზიციაც დარჩება, როგორც დასავლეთიდან, ასევე საზოგადოებიდან სრულიად მარგინალიზებული იქნება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ საბოლოოდ რაღაცა შეთანხმება მოხდეს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ თუ გიორგი ვაშაძეს პოლიტიკაში პრაგმატული გეგმები აქვს, ის „ნაციოანლურ მოძრაობას“ უნდა გაემიჯნოს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ განსაკუთრებით მან დისტანცირება მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული ხუშტურებისგან უნდა შეძლოს. იმოქმედონ ისე, რა რეკომენდაციასაც ნეიტრალური არბიტრები და ვექტორები აძლევენ. ვაშაძე თუ სააკაშვილის ყურისგდების მაგივრად, პარლამენტში შევა და იქ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს დაიცავს, ის როგორც პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა გადარჩება. სხვაგვარად ყოველდღიურად მას საკუთარი ამომრჩეველი ემიჯნება.
„კვლევებმაც აჩვენა, რომ საზოგადოება პარლამენტის ბოიკოტირების მომხრე არ არის. ხალხს საქმის მკეთებელი პოლიტიკოსები უნდა. ამიტომ ვაშაძემ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ხუშტურებისგან დისტანცირდეს და საქმეს მიხედოს. ჯერ კიდევ მაქვს ფრთხილი მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ 36 დეპუტატიდან, რამდენიმემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს, ისევე როგორც „ევროპული საქართველოდან“. როგორც ეს „პატრიოტთა ალიანსის“ გამსვლელი სიის შემდგომმა კანდიდატებმა გააკეთეს. თუ ევროპელებში და ნაციოანლებში არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, მათ ევროპელი პარტნიორების მოწოდებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ“, - ამბობს ანალიტიკოსი აბაშიძე for.ge-სთან.
ამის მამა მიშასგან დაჭერას ძლივს გადაურჩა.......მაგრამ კარგად კი გააატყავეს.....
ეს დეგენერატი კიდევ მიშას დაკრულზე დადის...................მოკლედ ახალგაზრდა კარიერისტია, პლიუს მაზოხისტიც