საპარლამენტო უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეების დანიშვნა არასწორად მოხდა.
„კონსტიტუციით დადგენილია სტანდარტი, რა შემთხვევაში ინიშნება მოსამართლე თანამდებობაზე. გამოკვლეულია და ჩანს, რომ ამ ორი მოსამართლის (ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურის) დანიშვნისას არ იყო დაცული ეს მოთხოვნები. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მათ დანიშვნაზე თანხმობა მისცა, მათ შორის, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზეც უნდა იყოს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, არაუფლებამოსილი პირი დამტკიცებულიყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე“, - აცხადებს ბესელია.
აქვე იგი ასკვნის, რომ საქმე გვაქვს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან, კერძოდ, არაუფლებამოსილი პირების მოსამართლეებად დანიშვნასთან. ბესელიას განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ასეთ შემთხვევაში, ამ მოსამართლეების გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გადაიხედება.
„დღეს ვერ გეტყვით, გახდება თუ არა ეს საკითხი კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი, მაგრამ, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება“, - ამბობს დეპუტატი.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ ხმალაძე კი აცხადებს, რომ უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად დანაშაულზე წასწრება საჭირო არ არის. მისი თქმით, კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება განხორციელდეს. ესენია პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მინისტრები.
„კონსტიტუციაში ასევე განმარტებულია იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძვლები. ეს საფუძვლები შეიძლება, იყოს აღნიშნული თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობა. თუ პარლამენტის წევრთა 1/3 მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ან მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები შეიმჩნევა, უნდა დაასაბუთოს, ხელი მოაწეროს და პარლამენტში შეიტანოს მოთხოვნა იმპიჩმეტის პროცედურის დაწყებაზე. შემდეგ ეს მოთხოვნა უნდა გადაეგზავნოს საკონსტიტუციო, ან უზენაეს სასამართლოს იმის მიხედვით, თუ რა ქმედებაზეა საუბარი, ან ორივეს ერთად. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და დაწეროს დასკვა, თუ ერთ-ერთმა მაინც დაადასტურა, რომ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა დააღვია კონსტიტუცია, ან ჩაიდინა დანაშაული, პროცესი პარლამენტში გაგრძელდება, დაინიშნება სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება. შემდეგ პარლამენტი ამ პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს. პრეზიდენტის შემთხვევაში მის თანამდებობიდან გადაყენებას 100 ხმა სჭირდება, სხვა შემთხვევაში 76 ხმა. ამდენად დანაშაულზე წასწრება აუცილებელი არ არის“, - განაცხადა ხმალაძემ.
გახდება თუ არა მოსამართლეების გიგაურისა და ალავიძის თანამდებობაზე დანიშვნა კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საფუძველი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალაპარაკდნენ, ალბათ, ბევრზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ კოტე კუბლაშვილი გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა, ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც არის და სწორედ ამ უწყების მიერ არიან ზემოთხსნებული მოსამართლეები თანამდებობებზე დანიშნულები. თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიალური ორგანოა და მისი გადაწყვეტილების თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სამართლებრივი ნონსენსია, თუმცა, როგორც ჩანს, შესაძლოა, კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებაზე მას პირადად მოუწიოს პასუხისგება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მერაბ ტურავა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში წერია ორი გარემოება, რის გამოც შეიძლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოხდეს. პირველი არის კონსტიტუციის დარღვევა, ხოლო მეორე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა.
„როგორც მე მოვისმინე, კუბლაშვილი აპელირებას აკეთებს იმაზე, აქვს თუ არა მას სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულთან მიმართებაში რაც არ უნდა გამოიკვეთოს, ერთი რამ ფაქტია - კონსტიტუციის 86-ე მუხლში წერია, მოსამართლე შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. კუბლაშვილი კი არის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეც და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. როგორც მე გავეცანი საქმის მასალებს, 2009 წელს ბესარიონ ალავიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. 2012 წელს კი მოსამართლედ მაია გიგაურიც დაინიშნა“, - აცხადებს მერაბ ტურავა.
მისი თქმით, 2011 წელს ბესარიონ ალავიძის კანდიდატურა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარედგინა. შესაბამისად, ტურავა ამბობს, რომ კოტე კუბლაშვილის ქმედებებში (როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კონსტიტუციის დარღვევა იკვეთება. კერძოდ, კონსტიტუციის 86-ე მუხლის დარღვევით, კუბლაშვილის ხელმძღვანელობით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი იურიდიული განათლების არმქონე პირი ორჯერ დანიშნა მოსამართლედ. მერაბ ტურავას განცხადებით, ამის გამო პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგელობის ერთ მესამედს შეუძლია კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. შემდეგ კი დასკვნისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კუბლაშვილის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა იკვეთება, შემდეგ მის საქმეს პარლამენტს გადაუგზავნის და საკანონმდებლო ორგანო დეპუტატთა სიითი შემადგელობის უმრავლესობით უყრის კენჭს კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხს.
რაც შეეხება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მეორე შემთხვევას, ანუ თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მერაბ ტურავას განმარტებით, ამ შემთხვევაში დასკვნისათვის მიემართება არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ უზენაესი სასამართლოს პლენუმს. ტურავას თქმით, შესაძლებელია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ამ ორივე შემთხვევის ერთად არსებობა ამისთვის აუცილებელი არ არის.
„ამდენად, იმ დასკვნების საფუძველზე, რომელიც გასცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აკრედიტაციის ეროვნულმა ბიურომ, ასევე იმ დოკუმენტით, რომლითაც დგინდება, რომ ამ მოსამართლეებს მეორადი ფაკულტეტი აქვთ დამთავრებული, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლეებად გამწესებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის 86-ე მუხლი დაარღვია. ეს კი კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საფუძველია“, - ამბობს მერაბ ტურავა.
იგი კომენტარს აკეთებს კოტე კუბლაშვილის ნათქვამზე, რომ კოლეგიალური ორგანოს პასუხისმგებლობა ვერ დაისმება. ტურავას თქმით, არსებობს ე.წ. „კანონზომიერი პირობის“ თეორია, რომლის მიხედვითაც კოლეგიალური ორგანოს ყველა წევრი, მათ შორის, მისი ხელმძღვანელი, ამ ორგანოს მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებაზე აგებს პასუხს.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დადგეს კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რადგან იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც არის და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოსამართლეების გამწესებას უკავშირდება, მთლიანად მას ეკისრება. ამიტომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ თუკი პარლამენტი კანონით გათვალისწინებულ იმპიჩმენტის პროცედურას ზედმიწევნით დაიცავს, კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იქნება მიღწეული.
„მე სწორედ ახლა მოვდივარ უზენაესი სასამართლოდან, სადაც გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომელსაც ყოფილი ვეტერანები მეთაურობდნენ. ეს აქცია სწორედ ბატონი კუბლაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, ვინაიდან ქვეყანაში, რომლის პოლიტიკურმა სისტემამაც შექმნა ის მართლმსაჯულება, რომელმაც შემდეგ 190 პოლიტპატიმარი შვა, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არის გარდაუვალი“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება საჭიროა არა მხოლოდ ამ ორი მოსამართლის გამწესების გამო, არამედ იმის გამოც, რომ მისი ქვემდებარე სისტემის შედეგად ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარია. აქვე ლორთქიფანიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 190 პირი პარლამენტმა უკვე სცნო პოლიტპატიმრად, მაგრამ მათ გარდა კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდება ამ სტატუსის მიღებას და პოლიტპატიმრების რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.
„ჩვენ ხომ საქართველოს კანონით ამნისტიის შესახებ პარლამენტის დადგენილებით მიღებულ პირთა სია (პოლიტპატიმრების სია) დავუქვემდებარეთ კანონის მოქმედებას და რაღა გვიდგას წინ, რომ პოლიტპატიმრებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პასუხისმგებლობა სამართალწარმოების ორგანოს ხელმძღვანელ პირს დავაკისროთ? მე მგონი არავითარი დაბრკოლება ამ მხრივ არ უნდა იყოს. ჩვენს დეპუტატებს ხელი არ უნდა აუკანკალდეთ საიმპიჩმენტო პროცედურის გაწერისთვის“, - ამბობს უფლებადამცველი.