იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო გააკრიტიკა და თურქეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა.
„მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტის საქციელს. ძალიან ვწუხვარ იმ დამცირებისთვის, რომლის გადატანაც მოუწია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მარიო დრაგის თქმით, ისეთ დიქტატორებთან როგორიც ერდოღანია საჭიროა გულწრფელი საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხედვები აქვს ევროკავშირს, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობაც საჭიროა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადების შემდეგ თურქეთში იტალიის ელჩი, მასიმო გაიანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ ნაბიჯით აშკარად გაღიზიანებული დარჩა და მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე განთავსება მოუწია.