ვწერდი: “ისტორიამ გვაჩვენა, რომ საქართველოში პოსტმოდერნის ეტაპზე მოცურავე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის კვლავ აცოცხლებს ტრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ამოუწურავ ნაყოფიერებას. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილში განსხეულებულია მოდერნისტულ-ტოტალიტარული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასობრივ-ჰეროიკულობა (იხ.პატრიოტთა ბანაკები)“.
ახლა ვაპირებდი ჩვენი რეალობის ილუსტრაცია პლატონის გამოქვაბულის მითის მაგალითზე დამესურათხატებინა და რას ვხედავ: პრეზიდენტმა დამასწრო და მთავრობის სხდომა (ან ხსდომა, რომელიც გინდათ – აირჩიეთ) მოაწყო გამოქვაბულში.
ცნობილია რომ ჩვენი პრეზიდენტი დიდი მოყვარულია დავით აღმაშენებლისა და ყველაფერში ბაძავს ამ დიდ მეფეს.
ჰოდა, საყოველთოდ ცნობილია (ან, უფრო ზუსტად, მგონი სრულიად უცნობია) ის, რომ დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა პლატონის კითხვა. თუ მემატიანეს დავუჯერებთ (და არავითარი საფუძველი არ გვაქვს რომ არ დავუჯეროთ), ერთხელ დიდი მეფე ისე გართულა პლატონის კითხვით, რომ კინაღამ მტერთან შებრძოლების მომენტი გამოჰპარვია.
ჰოდა, ჩვენს პრეზიდენტსაც ყვარებია პლატონის კითხვა. და სადაა საუკეთესო ადგილი პლატონის წასაკითხად? რასაკვირველია, გამოქვაბულში! რატომ? ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, გამოქვაბულები, სარდაფები და, საერთოდ, ანდერგრაუნდები საუკეთესო ადგილია ფილოსოფოსთა წასაკითხად.
არავინ მოვა და არ დაგიწყებს ლაზღანდარობას: მითხარი ერთი, რას ბლატაობს ეგ ჟორაო (ჰეგელს ვგულისხმობ) ან რაზე აწუწუნებს შენ მტირალა სურენასო (კირკეგორზე ვლაპარაკობ). მოკლედ, იკითხე გამოქვაბულში და იგულავე.
ახლა, როდესაც პრეზიდენტმა გამოქვაბულები ისევე გააჩირაღდნა, როგორც თბილისის ქუჩები, ჩავალ მღვიმეში და ვიკითხავ და ვიკითხავ.
განსაკუთრებით, პლატონს წავიკითხავ, რამეთუ სწორედ პლატონს აქვს შექმნილი ყველაზე ცნობილი თხზულება გამოქვაბულის შესახებ.
განთქმულ ნაშრომში „სახელმწიფო“ ფილოსოფოსი თავის აზრს ასე ანვითრებდა: წარმოვიდგინოთო – იტყოდა პლატონი – გამოქვაბულში სკამებზე მიჯაჭვული ადამიანებიო (პრომეთე არ იგულისხმება). თანაც, უბრალოდ მიჯაჭვულნი კი არა, ისე დაბმულები, რომ მხოლოდ წინ შეუძლიათ იყურონო. ანუ მხოლოდ გამოქვაბულის კედელს ხედავენ და მეტს არაფერსო.
ვინმეს მათთვის რომ ეთქვა, ადამიანის ჩრდილებს გარდა კიდევ ნამდვილი ადამიანებიც არსებობენო, გამოქვაბულის მიჯაჭვული მკვიდრები უბრალოდ შეშლილად ჩათვლიდნენ. იმას, რომ გამოქვაბულის გარეთ რაღაც საერთოდ არსებობს, და მეტიც – იქ მზეც კი ანათებს, გამოქვაბულის მკვიდრნი უბრალოდ ვერ გაიაზრებდნენ.
პრობლემა მხოლოდ იმაშია, როგორ მიაღწიონ ამას.
საკმარისია გავაკონტროლო მედია და ყველას დავაჯერებ, რომ ჩრდილები ერთადერთი რეალობაა. გამოვა ერთი აჩრდილი ჟურნალისტი, აიღებს მოდელირებულ ინტერვიუს აჩრდილ რესპოდენტიდან, მერე მეორე აჩრდილ – ჟურნალისტი იგივეს იზამს, მერე მესამე… და ბოლოს, იმ აჩრდილსაცავის შემხედვარენი, რომელსაც ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ჰქვია, ვეღარავინ ვეღარასდროს გავიგებთ, რომ აჩრდილების გარდა სინამდვილეც არსებობს.
ვეღარ გავიგებთ იმიტომ, რომ ამას ვეღარავინ გვეტყვის, ვინაიდან აღარ ექნება ამის სათქმელი ენა. მარტო სიტყვების დეფიციტი კი არ გაჩნდება, ამის სათქმელად საჭირო გრამატიკაც აღარ იქნება. იქნება მხოლოდ საშუალება, მთელი ცხოვრება სტალაქტიდებზე მოციალე ფერადოვანი პროჟექტორების აჩრდილების ყურებისა.
პროცესი, რომელიც ჩვენთან მიდის, და რომელსაც ხელისუფლების ყმა მედია ნერგავს, შეიძლება დავახასიათოდ, როგორც ჩვენი საზოგადოების მარტორქიზაციის პროცესი.
მშვიდ ობივატელურ ქალაქში მოულოდნელად მარტორქა გაჩნდება. ქალაქის მკვიდრნი ამ მარტორქას თვდაპირველად დაბნეულები და ერთგვარად შეშინებულები უყურებენ. შემდეგ ნელ–ნელა ეჩვევიან. ირკვევა, რომ მოქალაქენი, უბრალოდ, იქცევიან მარტორქებად. და ამას არავინ აპროტესტებს, ლამის სიამოვნებთ კიდეც.
მაგრამ როდესაც მთელი ქალაქის მარტორქიზაცია (ერთი სიტყვაა!) მოხდება, მასში მაინც მეამბოხე ადამიანი იღვიძებს: “დე მოხდეს, რაც მოსახდენია! თავს დავიცავ! სადაა ჩემი თოფი! ერთი ყველას წინააღმდეგ!... მე უკანასკნელი ადამიანი ვარ და მე ბოლომდე ადამიანად ვრჩები! არ დაგნებდებით“.
ხელისუფლების კონტროლირებადი მედია ჩრდილებისა და მარტორქების მაპროდუცირებელი ამაზრზენი კონვეიერია. შედიან ადამიანები და გამოდიან მარტორქები (ან აჩრდილები).
ამ აჩრდილებსა და მარტორქებს ისინი ქმნიან, ვინც ადამიანთგან პირველნი იქცნენ აჩრდილებად და მარტორქებად. მათ დეფორმირებულ ცნობიერებას სურს გამოქვაბულები ჩრდილებით აივსოს, ხოლო მიწისზედეთი – მარტორქებით.
გამოუვათ? ვინ იცის… ისე კი, მგონი ადამიანობა სჯობს.