იქნება მდუმარე შეკრება, არ იქნება მიკროფონი, არ იქნება სიტყვით გამომსვლელები – ასეთია მომღერალ გია (უცნობი) გაჩეჩილაძის მიერ დაგეგმილი აქციის შინაარსი, რომელიც დღეს მოძრაობა „საქართველოს მარადისობის დღე“ –ს დააფუძნებს. როგორც აქციის ორგანიზატორი აცხადებს, დღეს, მდუმარე პროტესტს დააფიქსირებენ ის ადამიანები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში მოსახლეობას არ უნახია. გაჩეჩილაძე დღეს ხალხს კითხვით მიმართავს – თუ ვისი ხილვა სურთ საქართველოს პარლამენტში.
„რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ქუჩაში. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ეს ორივეს ეხება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ რაც ხდება. ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან ცუდად აკეთებს ხელისუფლება, ოპოზიციაზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი, ეს არაფერში აღარ ჯდება.
რვა წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციის გამოსვლებს და პროტესტს ვხედავთ. ჩვენ იმ ხალხის რაოდენობა არ გვინახავს, ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩვენ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ყველას უნდა დავანახოთ, რომ სხვა მოცემულობაა. ხალხს საერთოდ არ უწევენ ანგარიშს! ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ხოლო ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული ქვეყანა“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
გაჩეჩილაძის გზავნილების ადრესატია საზოგადების ის ნაწილი, რომელიც უკომპრომისოა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული ოპოზიციური პარტიების მიმართ. გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებული მდუმარების აქცია, რომლის საბოლოო მიზანი არის მოძრაობა „საქართველოს მარადისობის დღე“ –ს დაფუძნება, ასევე ერთ–ერთი მთავარი მოტივია, მრავალწლიანი „ტაიმ-აუტის“ შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნება. არსებული ინფორმაციით ამ მოძრაობის წევრი იქნება ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელთანაც გაჩეჩილაძეს ერთად მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აქვს, თუმცა, იგივე კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში უმცროსი გაჩეჩილაძის და კვირიკაშვილის დაპირისპირებაც გვახსოვს ტენდერების თემასთან დაკავშირებით.
ერთ–ერთი ვინც მდუმარების აქციას უერთდება ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძეა, რომლის განცხადებით, აქციაზე გადის როგორც ერთი მოქალაქე, რომლისთვისაც აუტანელია არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, დაანახებენ ხელისუფლებას და მსოფლიოს, რომ საქართველოს მდუმარე მოსახლეობის დიდი ნაწილი არის უმრავლესობაში.
„ჩვენ ვართ ის უმრავლესობა, ვინც აპროტესტებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში. გია გაჩეჩილაძეს არ უთქვამს, რომ მე შემომიერთდითო, მან თქვა, რომ ერთად დავანახოთ რამდენი ადამიანისთვის არის აუტანელი ეს მდგომარეობა. ჩემი პროტესტის მიზანი არის ერთი – „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ოპოზიციის სრულიად რეალობას აცდენილი, მარაზმატიკული მოქმედებების წინააღნდეგ გამოსვლა და მეორე – ასევე რეალობას აცდენილი და ამ მარაზმატიკული ხელისუფლების მოქმედებები. ხელისუფლების, რომელმაც დაუშვა ის, რაც მოხდა პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით, დაუშვეს ის, რომ დასავლეთს, ლამის, პოლიტპატიმრებად გამოაცხადებინეს უგულავა და ოქრუაშვილი, ამჟამად კი, ჟორიკა რურუა და ნიკა მელია. დაუშვეს არასწორი, არაეფექტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში, სადაც 50 კაცს მისცეს უფლება განუწყვეტლივ ანჯღრიონ სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი დააყენონ საფრთხის ქვეშ. მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ მალე გაიქცეს ამ ქვეყნიდან! აი, ამას ვაპროტესტებ და კიდევ ბევრ რაღაცას - რასაც ვწერ და საჯაროთაც ვლაპარაკობ“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ხალხმა უნდა დაანახოს საზოგადოებას და მათ შორის ევროპის ქვეყნებს, რომ ის პოლიტიკური ბაქჰანალია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, როცა შუა გაკრეფილია, სინამდვილეში ხელოვანურია და მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი ამ ბაქჰანალიის წინააღმდეგია.
„ეს უნდა დამტკიცდეს გამოსული მოსახლოების რაოდენობით. თუ ვიღაცა ამის გამოყენებას შეეცდება, იგივე ნაპირზე აღმოჩნდება გარიყული, რომელშიც გარიყული არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთა წინააღმდეგ გამოდის მოსახლეობის უმრავლესობა. ამიტომ, თუ ვინმეს განზრახული აქვს, რომ ხალხის აღშფოთება გამოიყენოს თავისი მერკანტილური მიზნებისთვის, ეს თავისი თავის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. არაფერი არ იმალება საქართველოში. ზუსტად იმიტომ არის აგრესია მოსახლეობაში. აღარ უნდათ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის ვიღაცას თავი გამოაყენებინონ.
გია გაჩეჩილაძე ერთ–ერთი ორგანიზატორია, რომელმაც თქვა – გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე ნაცების 50 კაცი, რომლებიც ხელისუფლების ხელშეწყობით აზანზარებენ ქვეყანას. ვხედავთ, რომ მედია მათ ხელშია, ატარებენ ამ 10 კაცს ტელევიზიებში და ვითომ ისინი არიან საზოგადოება. თან ის ხალხი დაწანწალებს, რომლებიც ყელში ყავს ხალხს ამოსული, ალერგია და აგრესია აქვს საზოგადოებას. ამიტომ ხალხის ის ნაწილი გავალთ, ვინც არ ვეკუთვნით ამ ავადმყოფურ დიხატომიას. არა–ანალისტები გავალთ, ანალისტები მედიაში დადიან“, –აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ეს ადამიანები ამომრჩეველს სულაც არ ენატრება. მისი თქმით, აშკარაა, რომ გაჩეჩილაძის აქციას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მაგრამ რამდენად პერსპექტულია, ეს კიდევ ცალკე თემაა.
„მოსახლეობა შეიკრიბება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ მისული ადამიანები აუცილებლად პოლიტიკაში ჩაერთვებიან, ან გაჩეჩილაძის მოწოდების გამო გამოდიან. ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, თითქოს პიარია, მაგარამ მე მაინც მგონია, რომ ამ ფორმით პოლიტიკაში შემოსვლას, პერსპექტივა მაინცდამაინც არ აქვს. იმიტომ, რომ გაჩეჩილაძე არ არის ახალი“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ლევან გაჩეჩილაძემ თავისი პოლიტიკური კარიერა 2008 წლის არჩევნებში დაასრულა. საკმაოდ დიდი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. მისი თქმით, პოლიტიკური ქულების გაფლანგვაც ხდება, ხოლო ის ქულები რაც 2007–2008 წლებში ჰქონდა, გაჩეჩილაძემ გაფლანგა.
„მისი თავიდან რეანიმაცია ვერ მოხერხდება. 1%–იან პარტიასაც ვერ შექმნიან. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს ნიჰილისტურად არის განწყობილი, არა თუ არ წავა, არამედ გაჩეჩილაძის პოლიტიკაში დაბრუნება ნიჰილიზმს გააძლიერებს. რაც შეეხება კვირიკაშვილს, თუ ამ შემადგენლობით აპირებს პოლიტიკაში შემოსავლას, ეს ნიშნავს, რომ თუ რამე რეიტინგი აქვს, საბოლოოდ იმასაც დაკარგავს.
კვირიკაშვილს რომ დაეწყო პოლიტიკურ ველზე მოძრაობები, მას მიეწვია გაჩეჩილაძე, მაშინაც კი საკმაოდ რთულად ექნებოდა საქმე, ახლა, როცა პირიქით ხდება, ეს უფრო პირიქით იმოქმედებს კვირიკაშვილის რეიტინგზე, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს და შეიძლება საერთოდ დაემშვიდობოს პოლიტიკას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ აქციას ნამდვილად აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომლის მიზანია ხალხის იმ რაოდენობის შეკრება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს ეტყვის – არას.
„თქვენ არ ხართ ის ხალხი, ვისაც ქვეყნის მოსახლეობა ისევ ანდობს ქვეყნის სადავეებს“ – როგორც ვიცი, ამის თქმაა ამ აქციის მთავარი მოტივი. დანარჩენი, ეს პოლიტიკურად როგორ აღიქმება და როგორ გადაიქცევა, ეს უკვე დროის საკითხია. მათ გვერდით, ცხადია, პოლიტიკოსებიც იქნებიან, ძველებიც, შესაძლოა - ახლებიც, არ ვიცი. ეს ორგანიზატორებზეა დამოკიდებული.
მე ვფიქრობ, რომ იქნება ყველა ასაკის და ყველა კატეგორიის ადამიანი. პირველ რიგში, ალბათ, ის ხალხი იქნება, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ ამის გარდა იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც ბევრი მიზეზიდან გამომდინარე ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ მხარს არც ოპოზიციას უჭერენ. ამიტომ ეს არის ხალხის პროტესტის გამოხატულების აქცია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ნიკოლეიშვილი.