ირინე იმერლიშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებამოსილებას ართმევს

ირინე იმერლიშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებამოსილებას ართმევს

მმართველი გუნდი ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილებათა წრეს დღითიდღე უვიწროებს. მომავალში, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციისა და საიდუმლოების ვადის გაგრძელების, ასევე მისთვის გრიფის მოხსნის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.

კერძოდ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაიმიჯნება და საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებას დღეს ქვეყნის პირველი პირი იღებს, მთავრობის კომპეტენციაში გადავა.

კანონის დღეს მოქმედი ნორმით, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებისა და საიდუმლოების დაცვის საქმეში, პრეზიდენტს შემდეგი უფლებამოსილებები აქვს - ამტკიცებს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ.

ამას გარდა, დღეს, პრეზიდენტი ამტკიცებს - იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა. ასევე პრეზიდენტი განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სახელმწიფო კანცელარიაში.

ამასთან, კანონის დღეს მოქმედი ნორმით, პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს წყვეტს. ქვეყნის პირველი პირი დღეს ასევე უფლებამოსილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით კი, ზემოთაღნიშნული და კანონით დადგენილი უფლებამოსილებებიდან პრეზიდენტს რჩება შემდეგი - დაამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ და ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასცენ. ზემოთაღნიშნული სხვა უფლებამოსილებები კი, მთავრობის კომპეტენციაში გადადის.

რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციისა და საიდუმლოების ვადის გაგრძელების, მისთვის გრიფის მოხსნის, ასევე კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის მხრივ პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ეს მთავრობას გადაეცემა.

კერძოდ, კანონის დღეს მოქმედი რეგულაციით, ინფორმაციის და საიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, პრეზიდენტს საიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს. ასევე დღეს პრეზიდენტი უფლებამოსილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით, მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას გრიფი მოხსნას.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონი იმასაც ადგენს, რომ კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის წესდება ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, ასევე საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები, რომლებსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს.

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების კუთხით, კანონში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას შესაბამის პირზე თავდაცვის მინისტრი გასცემს, ხოლო ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება.

ასევე სადღეისოდ სწორედ პრეზიდენტის წერილობითი განკარგულებაა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მიეცეს.

გარდა ამისა, სხვა სახელმწიფოსთვის ისეთი ინფორმაციის, ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, ან წინასწარ არის გასაიდუმლოებული აღნიშნული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიძლება მხოლოდ პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების, ან პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.

იმერლიშვილის წინადადებით კი, ყველა ზემოთაღნიშნული უფლებამოსილება მთავრობას გადაეცემა.

პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებს, საექსპერტო წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.

for.ge-სთან საუბარში, სამხედრო ექსპერტმა, ბესო ალადაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ცვლილებების მომზადება გამოწვეულია გარკვეული სახის დოკუმენტებზე წვდომის უქონლობით.

„ინიციატივით - თუ რა იცვლება არ ვიცი, თუმცა, იმაში პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ - ამ ნუსხის განმკარგავი პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი. ვარაუდი მაქვს, რომ მთავრობის კომპეტენციაში ამის გადატანა გამოწვეულია გარკვეული სახის დოკუმენტებზე წვდომის უქონლობით. ჩვენ რასაც ვხედავთ, ამის ქვემოთ საკმაოდ დაპირისპირებული პოლიტიკა მიმდინარეობს და ეს გამოდის ხოლმე შედეგის სახით, ან გარკვეული იმპულსებით. როგორც ეს დაცვის სამსახურთან დაკავშირებით მოხდა, მაგრამ დაცვის სამსახურის საკითხი კიდევ უფრო სიღრმისეული პრობლემა იყო. როგორც ჩანს, ცვლილებების მომზადება იმის გამო მოხდა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ზოგადად გარკვეულ დოკუმენტებთან წვდომის პრობლემა აქვთ და ისინი იმისთვის მოქმედებენ, რომ ამ დოკუმენტებზე პირდაპირი გასვლა ჰქონდეთ - ან გასაიდუმლოებაზე, ან გრიფის მოხსნაზე“, - აცხადებს ალადაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეების გასაჯაროება უნდა მოხდეს.

„არ ვიცი, ამის გაკეთება რამდენად სასწრაფო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც პოლიტპატიმრების საქმეების გასაჯაროება მოხდეს. ეს ძალიან პრინციპული საკითხია და მაქვს ინფორმაცია, რომ საქმის გახსნაზე ყოფილ პოლიტპატიმარს ვახტანგ მაისაიას უარი მოუვიდა. თუ არ ვცდები, უარი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოუვიდა“, - აცხადებს ექსპერტი.

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის საფუძველზეც დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. ირინე იმერლიშვილის ინიციატივის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში, სწორედ ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებით გადავიდა.