ფლანგვა ნაციონალურად - საარსებო დახმარება „უმწეო“ მდიდრებისთვის

ფლანგვა ნაციონალურად - საარსებო დახმარება „უმწეო“ მდიდრებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო მთელი ქვეყნის აქილევსის ქუსლია. ამ უწყებიდან თანხები ისე ორთქლდება, მის კვალს ვერავინ აგნებს, ან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ცნობილი უკანონობის შესახებ. თანხებსაც გააჩნია - საუბარია უმწეოთა დახმარებებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოხელეები ითვისებდნენ. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, მუნიციპალიტეტების და თბილისის მერიის მაღალხელფასიანი თანამშრომლები საარსებო შემწეობას იღებდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ მკაფიოდ განმარტა თუ რატომ შეუჩერდა შემწეობა 5 935 ოჯახს, ხოლო 11 846 ოჯახს კი - შეუწყდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა, ბოლო დროს გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია უმწეოთათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის და შეჩერების ფაქტმა.

მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ აწარმოა დაკვირვება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ არჩევნებს.

2010 წლის მთავრობის 126-ე დადგენილების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან.

აღნიშნული დადგენილების მოთხოვნით და ბაზების შედარების საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, საარსებო შემწეობის მიღება შეეჩერებინა 5935 ოჯახისთვის, 11 846 ოჯახისათვის კი - შეეწყვიტა.

ქინქლაძის თქმით, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბენეფიციარებს შორის, 50 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავალი დაუფიქსირდა 32 ოჯახს, 40-დან 50 ათასამდე ლარზე მეტი - 31 ოჯახს, 20-დან 40 ათასამდე - 392 ოჯახს, 10-დან 20 ათასამდე - 2363 ოჯახს, 5-დან 10 000-მდე კი - 6 147 ოჯახს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. უმწეოებს უფიქსირდებოდათ ბოლო წლებში გამოშვებული ძვირადღირებული ავტომობილები. მათ შორის, 2011 წლის “ლექსუსი” და “ტოიოტა ლენდ-კრუიზერი”. საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბაზაში ფიგურირებს ე.წ. უმწეო, რომელსაც უფიქსირდებოდა, რომ ათეულობით ბინის იპოთეკარია.

ქინქლაძის ცნობით, შემწეობის თანხას იღებდნენ სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები - კერძოდ, პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი, მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები.

ამასთან, ქიქლაძის განცხადებით, ამ დღეებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია და რეალურად მათ მიერ აღებული ხელფასის სახით აღებული თანხა არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, “თბილსერვისში” მომუშავე ერთ-ერთი ქალის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან და შემოსავლების სამსახურის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ქინქლაძემ ჯერ თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა იმ პირების ვინაობა, ვინც ძვირადღირებულ მანქანებს ფლობს და განაცხადა, რომ თუ ეს ფაქტები დადასტურდება და კვალიფიკაციას მისცემს ამას გამოძიება, ეს უკვე გამოძიების საქმეა.

მისივე განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც შეუწყდათ ან შეუჩერდათ საარსებო შემწეობა, არ შეწყვეტიათ და არ შეჩერებიათ სადაზღვევო პოლისის მოქმედება.

საერთოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს ამ უწყებაში სრული ქაოსი და განუკითხაობაა. საარსებო შემწეობის უკანონდ გაცემის ფაქტები 2 წლის წინათ კონტროლის პალატამაც აღმოაჩინა. წლების განმავლობაში პროგრამით სარგებლობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი 430-ოჯახის წევრით. ასევე დაზღვეული იყო 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც ჯამში უკანონოდ გაიცა 3,7 მილიონი ლარი. დაზღვეულთა ბაზაში 3,743 მოქალაქის ჩანაწერი გაორებული იყო.