„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოქალაქეების აზრი იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი IRI-ს გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას ამბობს, რომ IRI-ის კვლევაში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა იმ დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს.
„როგორც ცნობილია, უმრავლესობას IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და ამ კვლევებს ოპოზიცია ყოველთვის ენდობოდა. მათ ციფრებს განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ იშველიებდა. NDI-ის კვლევა უფრო მაღალ ციფრს აჩვენებს იმ უკმაყოფილო ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება პარლამენტში უნდა იყოს და მთავარი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს“ - ამბობს გია ვოლსკი.
რაც შეეხება ჩაშლილ მოლაპარაკებებს, ვოლსკი აღნიშნავს, რომ იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული, შეთანხმება მცირე შესწორებით შესაძლებელია, თუ ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება.
მოლაპარაკებების წარუმატებლობაში, ოპოზიციის დანაშაულს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. For.ge-სთან ინტერვიუში, იონათამიშვილი ამბობს, რომ მთავარია საზოგადოებამ დაინახოს და სწორად შესაფასოს არსებული მდგომარეობა.
ბატონო რატი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მცდელობა მხარეები გარკვეულ კონსენსუსამდე მიეყვანა, წარუმატებლად დამთავრდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებშია, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება?
რატი იონათამიშვილი: ამ შემთხვევაში, მთავარი არის ის დამოკიდებულება, რომელიც მხარეებს აქვთ მედიატორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის მიმართ. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, სად არის სიმართლე. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მზად ვიყავით ამ დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა ყოფილიყო, მთავარია მხარეების მხრიდან გადადგმულიყო თანმხვედრი ნაბიჯები. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამ დოკუმენტს ხან „კოჭლი ვერსია“, ხან „ფარატინა ფურცელი“ უწოდა, რითაც, არა მხოლოდ თავისი დესტრუქციული ბუნება აჩვენა, არამედ პირდაპირ თავს დაესხა დასავლელ პარტნიორებს. ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, ვინ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროცესს და ვისთვის იყო მნიშვნელოვანი შეთანხმება და ვისთვის შეუთანხმებლობა.
ხელისუფლება ამბობს, რომ მზად იყო, მცირედი დაზუსტებებით ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, თუმცა, დოკუმენტში არის ისეთი საკითხები, რაზეც ხელისუფლება საეჭვოა წასულიყო, ამით, ფაქტობრივად, სრული კონტროლის მექანიზმს კარგავდა, ანუ, იქნებ დაგვიზუსტოთ, რას გულიხმობდა მმართველი გუნდი ამ დაზუსტებებში?
- მთავარია ის, რომ ჩვენ გამოვთქვით დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობა, რაც ოპოზიციის მხრიდან არ იქნა გაზიარებული. ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა მომხდარიყო დამატებითი მსჯელობა, მთავარი იყო ის, რომ ჩვენ ვცდილობდით მომხდარიყო შეთანხმება, ოპოზიცია კი განაგრძობდა სიძულვილის ენით საუბარს. როდესაც „კოჭლ ვერსიას“ უწოდებ დოკუმენტს, ასეთ ფრაზეოლოგიას იყენებ, ეს არის დისკრიმინაციული ტერმინი, რაც დაუშვებელია.
განაწყენებული ევროპა სანქციებზე ალაპარაკდა, რამდენად რეალურად განიხილავს სახელისუფლებო გუნდი ამ საკითხს?
- ჩვენ, ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილებს. ის, რომ შეთანხმება არ შედგა, რა თქმა უნდა, ჩვენ გული დაგვწყდა, სამწუხაროდ, ეს ოპოზიციას არ ეხება. ამ საკითხს თუ პროცედურულად მივუდგებით, სანქციების დაწესება გამორიცხულია. საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ აქ არ არის სანქციების დაწესებაზე საუბარი, საუბარია მხარდაჭერის შემცირებაზე, რაც ლოგიკური იყო, როდესაც გაჟღერდებოდა მსგავსი გადაწყვეტილებები. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებითაც და მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებისა, პოზიტიურად ვართ განწყობილი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ამ ადამიანებს როგორ გაუხარდებათ, თუკი მსგავსი საკითხები იქნება დღის წესრიგში. ფაქტობრივად, ისინი რასაც აკეთებენ, აკეთებენ სწორედ ამისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ისინი არიან რუსეთის სამსახურში.
ოპოზიციის პოზიციაა - ან ყველაფერი, ან არაფერი. რაში ხედავთ გამოსავალს?
- სწორედ მსგავსი დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს არის ყველაზე დესტრუქციული ქმედება, რაც შეიძლება მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა დააყენონ, ეს არ არის ევროპული სტანდარტი. ჩვენ, მიუხედავად მათი მხრიდან აშკარად რუსული ძალების სამსახურისა, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, პოზიტიურად გადაიჭრება ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ჩააბარებს ამ გამოცდას. ამ რწმენას მე მიღვივებს ის, რომ ერთი მხრივ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება რჩება დასავლური არჩევანის ერთგული.
ხელისუფლება რეგიონებში გასვლას იწყებს, რა ბეგრაუნდით მიდიხართ რეგიონის მოსახლეობასთან, რას ეუბნებით ხალხს? გაზრდილი ფასები, პრობლემები ვაქცინაციის პროცესში, დავიწყებული სოფლის მეურნეობის პროგრამა, ნამახვანჰესი და კიდევ მრავალი სხვა, რისი იმედი აქვს სახელისუფლებო გუნდს?
- ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. უკეთეს შემთხვევაში, ცხადია, მსგავს პასუხისმგებლობას ინაწილებენ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ჩვენთან ოპოზიციის უმრავლესობა დაკავებულია მხოლოდ დესტრუქციით. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიფიქროთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკეთეს ხვალინდელ დღესთან, კეთილდღეობასთან და სოციალურ უსაფრთხოებასთან. ასე რომ, ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები და თვითმმართველობის არჩევნებზე ფოკუსირება არის სწორი და პოზიტიური იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს ხვალინდელ დღესა და პროგრესს.