ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ საზოგადოებრივი სასამართლოს შექმნის აუცილებლობაზე. თუმცა იმ ფონზე, როცა ჩვენი ერი ლმობიერი და კონფორმისტია, საინტერესოა, საზოგადოებრივი სასამართლო განხორცილდება თუ არა და რა შედეგს მიაღწევს?!
ექსპერტ გია ხუხაშვილს თქმით, „პრემიერს აქვს ბოლო მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი სასამართლოსგან დაიცვას“. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება, გახდეს ხალხის რისხვის საგანი. აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების შესაძლებლობებიც არ არის უსასრულო ამ საკმაოდ „ცელქი ბავშვების დასაცავად“.
„ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ცალსახად არ გამოთქვამენ თავის პოზიციას, რომ „არა დიქტატურას“, თუნდაც ამ ფორმით არ მოიხდიან ბოდიშს, საზოგადოებისგან ძალიან სერიოზული რისკის, სერიოზული საფრთხის წინაშე დაიყენებენ თავის თავს, თავის მომავალს. აქედან გამომდინარე, პრემიერი არათუ აფრთხილებს, არამედ უხსნის იმ ვითარებას, რაც შეიძლება, შეიქმნას ამ კენჭისყრის შემდეგ. ეს არის მისი, ფაქტობრივად, ბოლო მცდელობა, დაიცვას ეს ადამიანები საზოგადოებრივი სასამართლოსგან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვას უგზავნის. მიმართვის თანახმად, სააკაშვილმა უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად უნდა განაცხადოს, უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას.
For.ge დაინტერესდა, რას გულისხმობს საზოგადოებრივი სასამართლოს შექმნის იდეა, შეუძლია თუ არა ლმობიერებით და კონფორმიზმით განთქმულ ქართველ ხალხს საზოგადოებრივი პოზიციები დაიცვას და პასუხი მოსთხოვოს დამნაშავეებს?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი სასამართლო სიმბოლურია და ეს არ არის რეალური სასამართლო. კერძოდ, საზოგადოებას ვერდიქტი გამოაქვს ყველა ადამიანისთვის, ვინც კი გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს ვერდიქტი სხვადასხვა ფორმით გამოიხატება და თუნდაც, იმაში ვლინდება, რომ ამ ადამიანებს მეზობელი გამარჯობას არ ეუბნება.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სხვა ტიპის აგრესია არ აქვს მხედველობაში, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობა ბევრად მეტ აგრესიაში გადაიზარდოს, თუკი რეალური ქმედებები არ განხორციელდება.
„იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება მოახერხებს აგრესიისგან მათ დაცვას. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ემსგავსებიან იმ ცელქ ბავშვებს, რომლებიც ამოფარებულნი არიან იმ ხელისუფლების ზურგს, რომელიც მათ იცავს საზოგადოებრივი მრისხანებისგან და ამის მიუხედავად, კიდევ ზურგში მუჯლუგუნებს უბრახუნებენ. ეს არის ყოფილი ხელისუფლების სახე. რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლების ვალია, ნებისმიერი ადამიანი დაიცვას, მათ შორის, ისეთებიც კი, როგორებიც ნაციონალები არიან“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ აქ მთავარი არ არის, თუ რას მიაღწევს საზოგადოებრივი სასამართლო, არამედ მთავარია, ამ ადამიანების იგნორირება. ვინც ხალხის წინაშე არასწორად იქცევა, „ჩვენ, მინიმუმ, იგნორირება უნდა გავუკეთოთ. აქ საუბარი არ არის იმ ადამიანებზე, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან ისინი უნდა კანონის თანახმად, დაისაჯონ“.
გია ხუხაშვლის თქმით, არიან ადამიანები, რომლებმაც თავადვე არ იციან, რას აკეთებდნენ და სხვადასხვა ვალდებულებით იყვნენ ამ ყველაფერში გარეულნი. მათ მიმართ საზოგადოებრივი განწყობა უნდა შენელდეს, რადგან ისინი მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენი ვალდებულებაა მათი დაცვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ ქართული საზოგადოება ასეთი ტიპის სასამართლოებისთვის მზად იყოს. ხოლო, თუ ლინჩის წესი იგულისხმება, ამისთვის მზად არის ყოველი საზოგადოება. ოღონდ, მათ საზოგადოება აღარ ჰქვიათ. რაც შეეხება ამ ადამიანების საზოგადოებრივ გასამართლებას, შეიძლება, გაასამართლონ კიდეც, ცუდი სიტყვაც უთხრან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს შეაყარე კედელს ცერცვია. მათ საზოგადოება არ აღელვებთ, რადგან ისინი თვითონ არიან „საზოგადოება“. მათ ახლა 5%-ანი მხარდაჭერა აქვთ და ამის მიუხედავად, ისე იქცევიან, თითქოს 97 %-ანი მხარდაჭრა ჰქონდეთ. ამიტომ ნაციონალები ცოტა არაადეკვატური ხალხია და მათ ნაწილს საზოგადოებრივი სასამართლო კი არა, ნამდვილი სასამართლო სჭირდება.
„ბატონი ხუხაშვილი ცამდე მართალია და მივესალმები ამ ადამიანების იგნორირებას, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ამის პოტენციალს ვერ ვხედავ. ისინი ნაციონალებს ისე მიესალმებიან, როგორც არაფერი, ისევე ჩამოართმევენ ხელს და ქალიშვილებსაც გააყოლებენ ცოლად. ჩვენს პარლამენტში გასათხოვარი გოგოები არიან, ღმერთმა კეთილად გაათხოვოს, მაგრამ ნამდვილად არა მგონია, საზოგადოებრივი სასამართლოების გზა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იყოს. ამას ჩვენი ერის ლმობიერებით ვერ ავხსნი, უბრალოდ, ჩვენ ვართ ძალიან ძველი ხალხი და ამ წესებს, რომლითაც უკვე საუკუნეებია ვცხოვრობთ, ერთ და ორ დღეში ვერ შევცვლით,“ -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ამ მხრივ სანუკვარი იქნებოდა, საქართველოში დანიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ საქართველოში ცხოვრობენ და იცხოვრებენ ქართველები, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები არ ვართ და იმის გამო, რომ ცუდად მოიქცა რომელიღაც პოლიტიკოსი, მას მორალურ სასამართლოს ვერ მოვუწყობთ.
ამის მიუხედავად, პოლიტიკოსის აზრით, მორალური სასამართლოს მოწყობა, კარგი იქნებოდა, დანიაში ამ ადამიანებს საზოგადოებრივ სასამართლოს აუცილებლად მოუწყობდნენ. ამის მაგალითად ლევან ბერძენიშვილს ისტორიული ეპიზოდი ახსენდება: როდესაც დანიაში გერმანელებმა ბრძანება გასცეს, ებრაელებმა გაიკეთონ დავითის ვარსკვლავიო, დანიის მეფე და დედოფალი, ასევე, მთელი დანია მეორე დღეს დავითის ვარსკვლავით გამოვიდა. ამდენად, დანიაში ძალზე შეგნებული საზოგადოებაა.
ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ჩვენი საზოგადოების შეგნების დონეც ბევრ საკითხთან მიმართებით არ არის დაბალი, მაგრამ ამ საკითხში, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური იდეალი არ გვინახავს, ამის გაკეთება ძნელია, რადგან ვაცლავ ჰაველები არ გვყავს.
„გასაგებ მიზეზთა გამო, არც ჩვენი ხელისუფლებაა იდეალური. თანაც, მე მახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დროს თავისუფალ არჩევნებში ხელისუფლებაში მოიყვანა ის პარტია, რომელსაც ილია ჭავჭავაძის დევნაში ლომის წილი აქვს. ასე რომ, ქართველებს გვინდა, ყველა კარგი იყოს, ილიაც კარგი იყოს და ნოე ჟორდანიაც, გვსურდა, აკაკისა და ილიას ერთმანეთი ყვარებოდათ, აკაკი და ვანო მაჩაბელი შეგვერიგებინა. ქართველები შეარიგე, მერაბ, - ეს არის ყველაზე მთავარი ქართული იდეა. ამიტომ ასეთი საზოგადოებისგან არ ველი, რომ ჩადენილის გამო ვინმე სასამართლოს მოუწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“.
მისივე თქმით, სააკაშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ძირითადი არსი ის არის, რომ სააკაშვილი ჩამოვიყვანოთ მიწაზე და ცოტა გაიაზროს, რა ხდება. მან უნდა იცოდეს, რომ, თუ სურს ნაცმოძრაობა შეინარჩუნოს, თავისი წევრები მძევლებად არ უნდა აქციოს, რადგან ისინი ამას დიდხანს ვერ გაუძლებენ. შეიძლება, რამდენიმე კაცი მზად იყოს ჩაყვეს სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში, თუმცა სააკაშვილი არც პოლიტიკურ საფლავში არ მიდის, რადგან თურმე საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას.
„მგონია, ამან ბევრად დააზარალა სააკაშვილის ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ეს მიმართვა უკანასკნელი შეთავაზებაა, რომ სააკაშვილი წამოვიდეს ნორმალურ მოლაპარაკებით პროცესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარდება კენჭისყრა და სავარაუდოდ, ნაცმოძრაობა ამ კენჭისყრის დროს გაიყოფა ამ საკითხში“.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ სასამართლოზე მსჯელობა აქამდეც მრავალჯერ იყო და ეს ახალი ინიციატივა არ არის ქართულ სინამდვილეში. უფრო კონკრეტულად, რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი ამის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოღვაწესთან, ან ზოგადად, პოლიტიკურ წრეებთან. მაგრამ ამან არ იმუშავა და ექსპერტის აზრით, არც ახლა იმუშავებს. ამიტომ, მისი აზრით, საზოგადოებრივი სასამართლოს ნაცვლად, აჯობებდა, შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, რომელიც ზოგად შეფასებას მისცემდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის ცხრაწლიან პერიოდს. ასე რომ, ექსპერტის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა და არა იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მოვუწოდოთ, ვიღაცას ხელი არ ჩამოართვას, არ მიესალმოს და ა.შ.
„თემიდან მოკვეთის იდეას თუ დავუბრუნდებით, არ ვიცი. ისე, რეალურად, არა მგონია, ასეთი რამ სადმე, რომელიმე ქვეყანაში განხორციელებულიყო, რომ შეერისხათ ამ ტიპის ადამიანები. ამიტომ, ამაზე საუბარი უფრო თეორიულია და პოპულიზმის დიდ ელემენტს შეიცავს. მართალია, ივანიშვილი ამბობს, ორ-სამ დღეში თუ არა, მერე ჩვენ დავხურავთ კარსო, მაგრამ შეთავაზებები სულ არის და ნაციონალებთან ურთიერთობებში დიდი ხანია ზიგზაგი გრძელდება და ეს ზიგზაგი, ალბათ, არც დამთავრდება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.