„ძაღლის თავი“ ამნისტიაშია“

„ძაღლის თავი“ ამნისტიაშია“

ბიძინა ივანიშვილის მიმართვას სააკშვილის მყისიერი რეაქცია მოჰყვა და საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია. სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს, ყველა თემაზე მისი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია საზოგადოებისთვის. სააკაშვილის ასეთი გამოსვლებით ქართული საზოგადოება განებივრებულია, ზოგი უსმენს, ზოგი - არა, ბევრი ბრაზდება, ბევრი ხალისობს და ზოგიც ალბათ ისეთივე აღფრთოვანებით უსმენს, როგორც ამ 9 წლის წინ. ზოგი, ალბათ - კიდევ უფრო მეტი აღფრთოვანებითაც, რადგან, როგორც ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ და მეგობარი პარტიების ცნობილ სახეებს სააკაშვილის წყალობით სხვადასხვა ფონდებიდან მილიონები ერიცხებოდათ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილის ეს გამოსვლა სხვებისგან მხოლოდ ინტონაციით განსხვავდებოდა. რაც შეეხება დაუზუსტებელ, არასწორ ინფორმაციას, ანუ ტყუილს, იგი ამ გამოსვლშიც დიდი დოზით იყო წარმოდგენილი. მაგრამ პირველად, ამ 9-წლიან ისტორიაში, სააკაშვილი ტყუილში ამხილეს. პრესკონფერენციაზევე გავრცელდა ლადო გურგენიძის ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ტყუოდა და რუსულ „სბერბანკს“ „ლიბერთი ბანკი“ არ უყიდია. მეორე დღესვე გაკეთდა სააკაშვილის ნათქვამის უარყოფა რამდენიმე უწყების მიერ, სააკშვილის ნათქვამზე კომენტარების კეთება მოუწია ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, საპატრიარქოს, პარლამენტის თავმჯდომარეს... პრეზიდენტის დაცვის საკითხი ხომ საერთოდ, დღის თემა გახდა.

რას ნიშნავდა სააკაშვილის ტაქტიკა და ის მზად არის თუ არა კონკრეტული პასუხისათვის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, ფსიქოლოგის თვალით როგორ შეაფასებთ სააკაშვილის ამ ორდღიან მოქმედებას - პრესკონფერენციას სადაც უამრავი ტყუილი თქვა, ხოლო მეორე დღეს თავისი ელექტრომობილის საჭეს რომ მიუჯდა და აეროპორტისაკენ დაცვის გარეშე რომ გაეშურა. რას ნიშნავს ასეთი ქცევა პრეზიდენტისგან?

- თუ მის გამოსვლასა და მეორე დღეს აეროპორტში დაცვის გარეშე წასვლას ერთმანეთს მივუმატებთ და ასევე გავითვალისწინებთ ბოლო ხანს მიმდინარე პროცესებს, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში, ეს ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.

ბანკის მმართველებმა საბანკო კრიზისისგან საქართველო შემთხვევით იხსნეს, ოპერატიულად რომ მოასწრეს რეაგირება. რომ დაეგვიანათ, დილით ბანკებთან ალბათ რიგები  იქნებოდა. ეს პრეზიდენტმა კარგად იცოდა. ეს არ იყო შემთხვევითი ნაბიჯი. რეალობაც რომ ყოფილიყო ის, რასაც ამბობდა, მაინც არ უნდა გადაედგა ასეთი ნაბიჯი საბანკო სისტემის გამო, მაგრამ მან ეს ფრაზა ისროლა იმიტომ, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ამით საბოტაჟისკენ ნაბიჯი გადადგა  - სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რუსეთის თემა ამით არ ამოწურულა. სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა: „პატრიარქმა უთხრა პუტინს, იქნებ პირველ ეტაპზეო ვიზები მაინც მოხსნათო. პუტინმა კი უპასუხა, - თქვენო უწმინდესობავ, რა თქმა უნდა, კულტურის მოღვაწეებისთვის, მეცნიერებისთვის და ოფიციალური დელეგაციებისთვის ვიზებს გავამარტივებთ, მაგრამ სანამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული პასპორტებით ტერორისტები შემოდიან რუსეთში, სანამ თქვენ არ გაქვთ უსაფრთხოების სამსახური, ვისთანაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ვენდოთ, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ეს არის ზუსტად იმ სიმღერის გადამღერება, რასაც მე მეუბნებოდა პუტინი, რომ ვალერი ხაბურძანია დატოვე (უშიშროების მინისტრად), იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კაციო. რას ნიშნავს ეს - ახლა პატრიარქის იმიჯზეა ლაპარაკი?

- თავისთავად, პატრიარქის იმიჯის შელახვაც რატომ იქნება პრეზიდენტისთვის პრობლემა? მაგრამ თავისთავად საინტერესოა, საიდან მივიდა ეს ინფორმაცია პრეზიდენტამდე.

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არ ადასტურებს სააკაშვილის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამ საუბარს ესწრებოდა მხოლოდ სამი ადამიანი: ეს იყო თვითონ პუტინი, რუსეთის პატრიარქი კირილი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე...

- ამას ვამბობ - საიდან მიიღებდა ამ ინფორმაციას? მორიგი ტყუილია! იმედი მაქვს, რომ ეს დიაგნოზი გაკვირვებას აღარ იწვევს. ადამიანი ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ოღონდ, თავისი მიზნების შესაბამისად ტყუის.

სააკშვილის ერთი შეხედვით უწყინარი ტყუილები ქვეყანას ხშირად უხერხულობას უქმნის, შესაძლოა ესეც მიზანმიმართული სვლა იყოს, როგორ ფიქრობთ, საით არის მიმართული ეს ყველაფერი?

- პატრიარქის მიმართ, რუსეთთან ურთიერთობის მიმართ. რუსეთის თემამ ხომ რამდენიმე ფრაგმენტში გაიჟღერა და ყოველ მომენტში სცადა ჩრდილის მიყენება ამ თემისთვის. გავიხსენოთ, შეურაცხყოფა ქართველი მეღვინეების მიმართ და ა.შ.

პრაქტიკულად ადამიანი მუშაობს ისე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებს ნებისმიერი სხვა და ამ დროს მას პრეზიდენტი ჰქვია.

რაც შეეხება რუსეთის თემას, სააკაშვილს ერთი მხრივ, ონიშჩენკო გამოეხმაურა და - ექსპერტებს გავიწვევო, მეორე მხრივ, რუსულმა როსსბერბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ მის ინტერესში ქართული ბანკების აქტივების შეძენა არ შედის. რას ნიშნავს რუსული მხრიდან ასეთი მყისიერი რეაქცია?

- თუ სააკაშვილის აქტიურობა გაგრძელდება, რუსეთი აუწყობს მხარს, რაც არაერთხელ მომდარა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში - ისინი ერმანეთს ეხმარებოდნენ  შიდა არენაზე. თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა სააკაშვილის საბაბით შეწყვიტოს ეს ურთიერთობა, რადგან ეს არ გაზრდის სააკაშვილის რეიტინგს ქვეყნის შიგნით, პირიქით კიდევ უფრო დაბლა წაიღებს, რომელსაც ნულამდე ისედაც ბევრი არაფერი უკლია.

ამ შემთხვევაში რუსული პოზიცია როგორ გავიგოთ? უარყოფით კონტექსტში გამოიყენებს სააკაშვილის ამ განცხადებებს?

- მეეჭვება, რომ გამოყენებული იყოს რადგან რუსეთის ინტერესებში არ არის ახლა ასე ფრაზების დონეზე ცვალოს პოლიტიკა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ამ ნაბიჯებმა, ამ მზაობამ დადებითი შეფასება მიიღო  და ალბათ ეს დადებითი შეფასება ეძვირფასება რუსეთს. სააკაშვილის ფრაზეოლოგიის დონეზე პოლიტიკას არ შეცვლის.  ჩვენ შეიძლება წარმოგვიდგენია, რომ რუსეთი ოცნებობს საქართველოსთვის ყველაფერი შეზღუდოს. საქართველო რუსეთის დიდ სიყვარულს რომ არ იმსახურებს, ეს ფაქტია, მაგრამ რუსეთი თავის იმიჯს ევროპაში დიდი ყურადღებით ექცევა. ამ იმიჯისთვის ახლა ეს პოლიტიკა ხელსაყრელია. მითუმეტეს, რომ რასაც ახლა აკეთებს, ანალოგიური მოთხოვნით  მას მალე კარს მოადგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მისთვის ხელსაყრელია, რომ ეს ნაბიჯები  ახლა გადადგას. თანაც, ეს მას არაფრის წინაშე არ ავალდებულებს.

რუსეთის თემის წამოწევით სააკაშვილი ალბათ ისევ დასავლეთზე მუშაობს. საინტერესო განცხადება გაავრცელა ბრიუსელიდან თინა ხიდაშელმა - რომ ნაციონალები ცდილობდნენ ისეთი საკითხების გატანას, რაც საქართველოს იმიჯისთვის წამგებიანი იქნებოდა და ეს საკითხები ევროსაბჭომ დაბლოკა. ეს ალბათ იმის მიმანიშნებელია, რომ ევროპა უკეთ იწყებს გაცნობიერებას, თუ რა ხდება საქართველოში. როგორი მიმართულება შეიძლება მიიღოს დასავლეთის პოზიციამ  სააკაშვილის ამ შოუს შემდეგ?

- სავარაუდოა, რომ გაგრძელდება სწორედ ის, რასაც დავაკვირდით სწორედ ბრიუსელის შემთხვევაში - რომ დასავლეთი ნელ-ნელა დისტანცირებას მოახდენს სააკაშვილის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ფორმულებისა და ინფორმაციისგან და რეალურ პოლიტიკაზე აიღებს ორიენტაციას.

ერთ-ერთმა, თუ არ ვცდები, ბულგარელმა დეპუტატმა, აღნიშნა, რომ ასე ფართოდ წარმოდგენილი ოპოზიცია საქართველოს დელეგაციაში მიანიშნებს დემოკრატიის სფეროში ცვლილებებზეო. ანუ, მათ უკვე თვითონვე დაიწყეს პროცესებზე დაკვირვება და საკუთარი დასკვნების კეთება და არა მხოლოდ აქედან შეთავაზებული გამზადებული დასკვნების გამეორება.

ეს პროცესი თუ დაიწყო, ალბათ სააკაშვილსა და მის გუნდს გაუჭირდებათ დასავლეთის იმაში დაჯერება, რაც თვითონ სურთ.

ამ თემის გაგრძელებაა ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალი მედიასაშუალებები, რომლებსაც ნაცმოძრაობის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები ხელმძღვანელობენ. ხომ არ გამოიწვევს ეს უცხოეთში იმ ინფორმაციის დიდი ნაკადის გასვლას, რაც ნაციონალებს აწყობთ?

- რა თქმა უნდა, ბევრი შეეცდება. ყველა - არ მგონია, რადგან რეალობის გრძნობა აქვთ. ბევრი შეეცდება, მაგრამ სხვა მედიასაშუალებებიდან, პოლიტიკურად დაუტვირთავი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წავა საპასუხო ინფორმაცია. თუ დასავლეთი შეეცდება მოიძიოს სრული სურათი, ის ინფორმაციას მოიძიებს, როგორც ერთი ასევე მეორე, მესამე წყაროდან. ამ შემთხვევში ასეთი მცდელობა შედეგს აღარ გამოიღებს.

სააკაშვილის გამოსვლა იყო, ფაქტობრივად, პასუხი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის კონკრეტულ პასუხს ითხოვს, დაუჭერს თუ არა მხარს ნაცმოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებებს. რა იყო  ეს გამოსვლა სააკშვილის მხრიდან „კი“ თუ „არა“?

- პასუხი ამ დროისთვის არავინ იცის, ელემენტები იყო „კი“-ს - დავჯდეთ და ვისაუბროთო, თუმცა საუბარი არ შეუთავაზებია ივანიშვილს, მან შეთავაზა კონკრეტული პასუხი. „არა“ იყო იმ მხრივ, რომ მთელი ინტერვიუ იყო კრიტიკის კასკადი განვლილი პერიოდის მიმართ. ოღონდ  ეს იყო კრიტიკული კასკადი არა კრიტიკულ ტონში - ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინტონაცია დაწეულია, აგრესიულობა ნაბიჯებში არის, მაგრამ განწყობილებაში ის აგრესიულობა, რაც ადრე მისთვის იყო დამახასიათებერლი ნაკლებად ჩანს, ისევე როგორც მისი გუნდის წევრებს გამოსვლებში.

ეს ცვლილება - წმინდა ემოციური სახის ცვლილება, ადვილი შესამჩნევია. რაც შეეხება დათანხმებას წინადადებაზე, ვფიქრობ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ის ფაქტორი, რატომაც ასე შერბილდა ემოციური ფონი, გააგრძელებს მოქმედებას - სამომავლოდ შეიძლება, კიდევ უფრო შერბილდეს, განცხადება კიდევ უფრო მკვეთრი გაკეთდეს და მარტამდე გადადება საკითხისა, შეიძლება უშედეგო არ აღმოჩნდეს.

სამდღიანი ვადა მისცა ივანიშვილმა სააკშვილს, რომელმაც იმავე საღამოს ფრიად საინტერსო პრეს-კონფერენციით უპასუხა, მეორე დღეს რამდენიმე უწყებამ განცხადებები გსაკეთა - სააკაშვილმა ტყულები თქვაო, მერე თავისი ელექტრომანქანით აეროპორტში წავიდა და ორდღიანი ვიზიტით ბაქოში გაფრინდა. რას  ნიშნავს ეს - არის ამაში გარკვეული პასუხი?

- ვივარაუდოთ, რომ ჩამოსვლისას რაღაც პასუხი მომწიფებული ექნება. პრესკონფერენციაზე ეტყობოდა, რომ პასუხის სტრატეგია დაგეგმილი არ ჰქონდა. ის ხშირად უხვევდა თემიდან, მიდიოდა სულ სხვა თემებზე და აღარ ბრუნდებოდა. ეს მიუთითებს, რომ  ივანიშვილის მიერ შეთავაზებული თემატიკისთვის ის მზად არ იყო, მაგრამ რაკი აუცილებელი იყო რეაქცია, მან ეს რეაქცია ინტერვიუს სახით მისცა.

სავარაუდოა, რომ ამ დღეებში ნაციონალები იფიქრებენ და რაღაცას მოიფიქრებენ. უკან დაბრუნებულ სააკაშვილს მოქმედების უკვე გამზადებული მოდელი  დახვდება და ვნახოთ, რა მოხდება. სააკაშვილის იმ საუბრიდან სერიოზული დასკვნის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი.

უფრო სერიოზული დასკვნა შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გავაკეთოთ იქიდან, რასაც სააკაშვილი ჩამოსვლის შემდეგ მოიმოქმედებს.

სააკაშვილის განცხადებებს დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ხელზე დახვევის და დროის გაწელვის მცდელობა, თან სადილზეც დაპატიჟა ქუთაისში, რადგან სააკშვილმა თავი მოისაწყლა, დაცვა ხომ მომიხსნეს, ცუდადაც ვიკვებებიო - რა სვლა იყო საკაშვილის მხრიდან დაჩაგრულის იმიჯის შექმნა?

- ყოველ შემთხვევაში, რა მოდელიც შემოგვთავაზა, დაჩაგრულის მოდელი იყო, მეორე დღის სცენითაც გაგრძერლდა ეს დაჩაგრულობა. აი, ნახეთ, რა დაჩაგრული ვარ - ჩემი მეუღლის მძღოლადაც ვმუშაობო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათი ქართველ მაყურებელს ცრემლს არ მოგვრის...

პირიქით, ამხიარულებს...

- კი, ბევრს ამხიარულებს, მაგრამ მან შეიძლება ამ სურათით, რომელიც გადააღებინა თავის პრესსამსახურს, დაიწყოს მოქმედება უცხოეთში, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ასე ექცევიან პრეზიდენტს, აიძულებენ იაროს დაცვის გარეშე. იქ ხომ შეიძლება ბევრი საქმის კურში არც იყოს, რომ მხოლოდ  დაცვის 350 წევრი დაუტოვეს და ეს ეცოტავება...

ივანიშვილმა არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენა არჩევანის წინაშე, რომ ან ერთი მხარე უნდა აირჩიონ, ან მეორე. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გაუძლებს ამ გამოწვევას? თუმცა მეორე მხარეს დგას ის ამნისტია, რომელსაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება. თქვენი შეფასებით როგორ წავა პროცესები?

- პროცესი მრავალსაფეხურიანია და ალბათ სწორედ ამნისტიაშია ძაღლის თავი. სავარაუდოა, რომ სწორედ ისეთი ამნისტიის ფორმა მიიღონ სანაცვლოდ, რომ მერე დამშვიდდნენ.

თუმცა მეეჭვება, რომ ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ის გრძნობს ხალხის განწყობას და უდავოდ მიხვდება იმას, რომ საკმარისია, სრული ამნისტია გამოაცხადოს, ხალხი აჯანყდება და უპირველეს ყოვლისა მას აუჯანყდება.

ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის განწყობილებები მგონია, რომ უფრო შიშით იქნება ნაკარნახევი, ვიდრე პოლიტიკურ დიალოგებში გამარჯვებით.

ბოლოდ და ბოლოს, არ დადგა დრო, რომ იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა და ხდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს?

- პოლიტიკური პასუხისმგებლობა ის იქნება, ხელისუფლებიდან რომ  წავიდნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა არ აწუხებთ, რადგან მათ უფრო უარესი, სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეშინიათ. ეს შიშია, ახლა მათ საქციელს რომ განსაზღვრავს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდებათ თუნდაც იმიტომ, რომ სამართლებრივი დევნისგან დასაცავი რაიმე ბერკეტი ჰქონეთ.

სააკაშვილის ფსიქოპორტრეტიდან გამომდინარე, ის იერიშზე წავა თუ უკან დაიხევს?

- ვნახოთ, მოქმედების რა სქემას შეიმუშავებს მისი შტაბი.