საზოგადოება ხშირად ჩივის, რომ ბაზრებზე არცთუ იშვიათად მსხვილრქოსანი საქონლის ნაცვლად, ცხენის ხორცი იყიდება. გამყიდველები ისე ოსტატურად აპარებენ ცხენის ხორცის ნაჭრებს დახლებზე, მყიდველს ეჭვიც არ ეპარება, რომ ძროხის ხორცს არ ყიდულობს. თუმცა, ერთი შეხედვით, აშკარაა, რომ ცხენის ხორცი უფრო მოწითალო შეფერილობისაა და სუნიც სპეციფიკური აქვს. სხვათა შორის, გემოთი ოდნავ განსხვავდება ცხენის ხორცი და სპეციფიკურ სუნს მოხარშვის დროსაც არ კარგავს, მაგრამ ეს არ არის ღორის ხორცივით მკვეთრი სუნი, რასაც დიასახლისი ადვილად გაარჩევს.
ცხენის ხორცის გასაღების ყველაზე საუკეთესო მეთოდი მყიდველისთვის შეთავაზებული ფარშია. აქ ადამიანის შეცდომაში შეყვანა უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, ცხენის ხორცის გაყიდვა დანაშაული არ არის, მაგრამ ეს გაყიდვისას მითითებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედარებით იაფად ღირებულ ცხენის ხორცს მეყასბეები მსხვილრქოსანი საქონლის ფასად ყიდიან.
სულ ახლახანს ბათუმის ბაზარშიც აღმოაჩინეს ცხენის ხორცი. ხორცის რეალიზაცია შპს „დი-ჯი თრეიდის“ ტერიტორიაზე ხდებოდა. გამყიდველმა აღიარა ცხენის ხორცით ვაჭრობის ფაქტი, თუმცა ამას გამყიდველებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველი დაკლულია სასაკლაოს გვერდის ავლით, გაურკვეველ პირობებში. ამასთან, ნედლეულს თან არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია - „ფორმა 2“, რომელიც საქონლის ჯანმთელობას დაადასტურებდა.
ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ნედლეული განადგურდა და რეალიზატორს ჯარიმა დაეკისრა.
For. ge სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსს ილია სირაბიძეს ესაუბრა.
მისი თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შაბათ-კვირას ცხენის ხორცი იყიდებოდა ბათუმის ბაზარზე, თუმცა ამ ხორცის ამოღებისას გამყიდველებმა პრობლემები შეუქმნეს.
„ცხენის ხორცი საშიშროებას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ეს მოსახლეობის მოტყუებაა, როცა მას ძროხის ხორცად ასაღებენ. მისი გაყიდვა არ არის აკრძალული, მაგრამ დაწერილი უნდა იყოს, რომ ეს ცხენის, ან კამეჩის ხორცია. ბათუმის ამ კონკრეტულ ბაზარში კი, ადმინისტრაციიდან დაწყებული, ყასბებით დამთავრებული, ყველას ერთი პირი აქვს შეკრული და ამით მოსახლეობა ტყუვდება. ბაზარში ეს ხორცი შეტანილი ჰქონდათ ნაჭრებად, ზოგჯერ მუცელზე ჰქონდათ აკრული და ისე შეჰქონდათ ბაზარში. ამას მხოლოდ სპეციალისტის თვალი თუ გაარკვევს, ჩვეულებრივი ადამიანი კი ვერ მიხვდება, ცხენის ხორცია თუ ძროხის. პირდაპირ რომ დააწერონ და გაყიდონ, ცხენის ხორცს იმ ფასად ვერ გაყიდიან, ამიტომ იაფად იბარებენ და ძვირად ყიდიან, როგორც მსხვილრქოსანი ცხოველის ხორცს“, - აცხადებს ილია სირაბიძე.
მისი თქმით, არსებობს ცხენის დაავადება, რის გამოც დაკვლამდე სამი დღით ადრე ცოცხალი ცხოველი უნდა გაისინჯოს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაიკლას.
სპეციალისტი აცხადებს, რომ გატარებული ხორცით უფრო ტყუვდება კლიენტი. ამიტომ ფარში არ უნდა იყიდებოდეს ბაზარში. უბრალოდ, ფარშის მანქანები უნდა იდგეს და ადამიანი რომ იყიდის ხორცს, თავად გაატარებინებს ამ მანქანაში და თავისი თვალით ნანახ ხორცს წაიღებს სახლში.
ამასთან, სპეციალისტი ადასტურებს, რომ ცხენი საქართველოშივე იკვლება, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, ზოგიერთები კი იპარავენ ცხენებს და შემდეგ პოლიციაც ეძებს უკვე ნაპარავ საქონელს.
„ეს ადამიანები ყველაფერს კადრულობენ. როგორც წესი, კერძო ობიექტს თავისი ლაბორატორია აქვს, სერტიფიცირებული ვეტექიმებით. ისინი პასუხისმგებელნი არიან გაარჩიონ ცხენის ხორცი, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან ადმინისტრაციის უფროსის კადრები არიან ის ვეტექიმები და ვინც ადმინისტრაციას დაუპირისპირდება სახლში გაუშვებენ. ამიტომ, ყურმოჭრილი მონებივით არიან. კულუარებში გვეუბნებიან, სხვა გზა არ გვაქვსო, მაგრამ ოფიციალურად ხმას ვერ იღებენ, რადგან ადმინისტრაციის ეშინიათ. ადმინისტრაციას კი არ სურს, ბაზარი მოაწესრიგოს“.
ილია სირაბიძე აცხადებს, რომ, ბაზარზე ცხენის ხორცის აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს. მაგალითად, ყაზახებისთვის ცხენის ხორცი დელიკატესია და შესაძლოა, მათ ბაზარში შესვლისას სწორედ ეს ხორცი მოითხოვონ.
თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე აქვს ერთგვარი ტესტები, რომლითაც იოლად ირკვევა, ფარშში რომელი ხორცია გატარებული. კერძოდ, ფარშზე ასხამენ სპეციალურ ნივთიერებას, რის შემდეგაც სხვადასხვა ცხოველის ხორცი სხვადასხვანაირად იღებება.
„წინა ხელისუფლების დროს ეს არ კონტროლდებოდა. ახლაც ბაზარს ხუთი შესასვლელი აქვს და ჩანთით აპარებენ ხოლმე ცხენის ხორცის ნაჭრებს და სხვა ხორცებს შორის ურევენ. ძვალიც არ აქვს, რომ დააკვირდე, პირდაპირ რბილი ხორცი შეაქვთ“.