8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯება. სასამართლო სხდომა 11:00 საათზე გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც აკრძალული აქვს სასამართლო სხდომებზე დასწრება. ბრალდებულის ადვოკატი გეგმავს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რომ ბრალდებულ მელიას მიეცეს უფლება დაესწროს სასამართლო პროცესს.
გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, იგი აპირებს არაერთი შუამდგომლობის დაყენებას საქმეზე უმნიშვნელოვანესი ახალი მტკიცებულებების დართვის თვალსაზრისით, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო ნათელს გახდის ნიკა მელიას მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
ადვოკატი აცხადებს, რომ დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ამ პროცესზე მოახდენს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვას. მისი თქმით, სასამართლოს ვალდებულება აქვს კანონიერი, რომ ორ თვეში ერთხელ იმსჯელოს, რამდენად არის საფუძველი, რომ გაგრძელდეს ეს უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა.
„არავის ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოში წყდება მსგავსი საკითხი, თუმცა 8 აპრილს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც გაჟღერდება პროცესზე – ტოვებენ თუ არა ნიკა მელიას პატიმრობაში, თუ მას გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან. ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, ფაქტია, კანონის თვალსაზრისით, არავითარი საფუძველი, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩეს, არ არსებობს, ვინაიდან თვითონ პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე, ეს პატიმრობა არ არის უალტერნატივო.
მოსამართლეს უფლება არ აქვს, პირი პატიმრობაში დატოვოს, თუკი პატიმრობა არ არის უალტერნატივო და სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ნიკა მელიას საერთოდ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს. იგი არის უკანონო და პოლიტიკურ პატიმრობაში და უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის პოზიციას მოვისმენთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება და სასამართლო 8 აპრილს ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას დაასრულებს“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც დღეს პოლიტპატიმარია. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს მოლაპარაკებების პროცესზე დადებითად აისახება.
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ნიკა მელიას გათავისულება, იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. სასამართლოს არ მიუღია ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება, ეს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. ვისურვებდი, რომ მისი გათავისუფლება მოხდეს ახლა, 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც ხელს შეუწყობდა პროცესების დარეგულირებას. მოსამართლის კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ვისურვებდი ხელისუფლება მოეგოს გონს“, – აცხადებს დავით კირკიტაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით კრიზისი ამოიწურება და დაავიწყდებათ რურუა, ან ახალი არჩევნები. მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას, რომ ხელისუფლებას დაათმობინონ ყველა საკითხი, რაც ქვეყნისთვის მნიშნველოვანია.
„გონიერი ხელისუფლება მელიას საერთოდ არ დაიჭერდა, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მალევე გამოუშვებდა. ჩვენ არ გვაქვს იმედი ხელისუფლების გონივრულობის, მათი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. თუ მოხდა ასე და ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რა თქმა უნდა, იქნება პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მელიას გათავისუფლებით ყველანაირი კრიზისი ამოიწურება.
დღეს მელია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მძევალი და ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ მელიას გათავისუფლებით ყველა კრიზისი ამოიწურება, დაგვავიწყდება რურუას თემა ან რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ხელისუფლებას დავათმობინოთ ყველა საკითხი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნველოვანია“, – აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მიმართავს ოპოზიციას, რომ ნუ ჰყავთ მძევლად აყვანილი ნიკა მელია და თუ რიგგარეშე არჩევნები უნდათ, ეს აბსოლუტურად სხვა ამბავი და სხვა ისტორიაა. მისი თქმით, ყველაფერი ებმება იმას, თუ როგორ უნდა დათმონ ხელისუფლება, მაგრამ არალეგიტიმური გზით ხელისუფლება არ დაითმობა. ქადაგიშვილის განცხადებით, თუ მათ ნიკა მელიას ბედი აწუხებთ, მისი საკითხი უადვილესად გადასაწყვეტია.
„როგორი იქნება ნიკა მელიას ბედი, დამოკიდებულია გარკვეულწილად მასზე, იმ პოლიტიკურ პარტიაზე, რომლის თავმჯდომარეც იგი ახლა არის და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სასამართლოზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ ვთქვით, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ჩვენ მზად ვიყავით, პოლიტიკური ამნისტიის საკითხი განგვეხილა მოლაპარაკების საგნად ყველასთან ერთად, რომ ერთხელ და სამუდამოდ 20 ივნისის გარშემო სპეკულაციები დამთავრებულიყო. როცა ეს საკითხი ამდაგვარად დაისვა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაინც ითქვა, რომ არ მოაწერდნენ დოკუმენტს ხელს, რადგან მათი ინტერესი არ არის იქ ჩამოთვლილი საკითხები, მათი სურვილია რიგგარეშე არჩევნები. რეალურად რომ ვთქვათ - ხელისუფლების ხელში აღება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშგილმა.
უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას განთავისუფლება ხელისუფლებისთვის არაფრის შემცველი არ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხმაური შექმნას და ის წარმოაჩინოს, როგორც მოქალაქეთა ნება.
„სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩანიშნულია სასამართლო ამ დღეებში, იქ იქნება მსჯელობა და ვნახავთ, რა იქნება ამის შედეგი. თუმცა, ეს ჩვენთვის არაფრის შემცველი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს და არავის დედამიწის ზურგზე, არ ეპარება ეჭვი ამ არჩევანის შედეგებში.
ერთადერთი ეს არის ვიწრო წრე ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ ხმაური გამოიწვიონ და ეს ხმაური წარმოაჩინონ, როგორც ჩვენი მოქალაქეების ნება. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ყველა, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე უცხოელი პარტნიორები, რომ არავინ მხარს არ უჭერს მათ დესტრუქციულ ბოიკოტს და ყველა მოუწოდებს მათ, რომ ითანამშრომლონ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.