მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას ზღუდავს

მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას ზღუდავს

დეპუტატი: „ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით მივდივართ“

ბრიუსელი/თბილისი – თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით განვითარდება და ქვეყნის პრეზიდენტის უფლებებს შეკვეცს. სამთავრობო კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი, თინათინ ხიდაშელი, სამშაბათს ბრიუსელში საერთაშორისო მედიასთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერაც შეუზღუდავი უფლებები აქვს, ისეთი როგორიც სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ თურქმენეთშია.

ასე მაგალითად, 2004 წელს შეცვლილი კონსტიტუციის შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის თანხმობის გარეშე განუსაზღვრელი დროით დაასახელოს მთავრობა. „ეს ძალაუფლების გადანაწილების მთელ იდეას ანგრევს“, თქვა ქართველმა დეპუტატმა, რომელიც ბრიუსელში საუბრებს მართავს ევროპარლამენტარებთან. თუმცა გასული ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილს ამ უფლების გამოყენება არ მოუწია.

„ნაღმი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს“

იმ პირობებში კი, როდესაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო პრეზიდენტი მის მოწინააღმდეგე პარტიას წარმოადგენს, ეს სავსებით სავარაუდოა. „ეს არის ნაღმი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს“. სააკაშვილს შეუძლია ზაფხულში დაითხოვოს მილიარდერ ივანიშვილის მთავრობა და უკან დააბრუნოს ძველი მინისტრები. ეს საქართველოს დიდ პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდებდა, ამბობს ხიდაშელი. ივანიშვილმა სამშაბათს პრეზიდენტს წერილობით შეატყობინა, რომ საქართველოს პარლამენტი მარტში კონსტიტუციის შესაბამის ცვლილებას უყრის კენჭს.

მარტში უნდა შეიკრიბოს ასევე საპარლამენტო პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც კონსტიტუციის უფრო ფართო რეფორმაზე იმუშავებს. „მოდელი ნათელია: ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით მივდივართ“. მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს წონასწორობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა.

შემოდგომაზე ჩასატარებელი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებას ხიდაშელი ყველაზე ადრე აგვისტოში ელის. სააკაშვილს კიდევ ერთი კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, ივანიშვილს არ აქვს თავისი კანდიდატურის წარდგენის გეგმები, ამბობს პარლამენტარი.

foreignpress.ge