ბარათელისთვის ბრალის დამძიმებაზე სასამართლო 1 მარტს იმსჯელებს

ბარათელისთვის ბრალის დამძიმებაზე სასამართლო 1 მარტს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელისთვის ბრალის დამძიმების თაობაზე საქმის არსებით განხილვას 1 მარტს 12 საათზე იწყებს, რაც ჩვენი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისთვის გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი ძიების დაწყებაზე უფრო მნიშვნელოვანი ბარათელისთვის ბრალის დამძიმებაზე ზრუნვაა.

for.ge დეტალურად გაეცნო ბარათელის წინააღმდეგ ე.წ. შტირის გამო დაწყებული გამოძიების მასალებს. გამომდინარე აქედან, ამ სტატიაში წარმოდგენილი ყოველი ფაქტი ეყრდნობა სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომლის ასლი მოგვაწოდა ბარათელის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში, რომც გაამართლონ, ციხეს მაინც ვერ დატოვებს, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდების მხარის პოზიციას გაიზიარებს და აკრძალული ნივთის შენახვის და სარგებლობის გამო ბარათელს სამ წლამდე პატიმრობას დაუმატებს. ბარათელს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ორთაჭალის N1 საპყრობილის დერეფანში სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც ირწმუნებოდნენ, რომ ბარათელმა თანასასკნელს ზუგრში „შტირი“ ჩაარტყა. ეს კადრები ტელევიზიითაც გავრცელდა და ჩვენს ვებგვერდზეც იდო (http://www.youtube.com/watch?v=fbHJNRtExLk&feature=player_embedded ), მაგრამ ე.წ. შტირის ჩარტყმის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოიებო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე შსს-ს მიერ ჩატარებულ ჰაბისტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია - „...ზემოაღნიშნულ პიროვნებას ხელში უჭირავს თუ არა რაიმე მჩხვლეტავი საგანი, ექსპერტის მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვიდეოგრამის კადრის მცირე ზომის, დაბალი ხარისხისა და სწრაფი მოქმედების გამო“.

ჩემი აზრით, ბრალდების მხარეს, ანუ მთავარ პროკურატურას ექსპერტიზის ცალსახა დასკვნის გარეშე, ციხის თანამშრომლებისა და ერთი პატიმრის ჩვენების ამარა გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ბარათელმა თანასაკნელს ზურგში „შტირი“ ჩაარტყა.

მთავარმა პროკურატურამ სასამართლოზე დასაკითხი 16-კაციანი სია წარადგინა. მათგან 5 ირწმუნება, რომ ბარათელმა თანასაკნელს თვითნაკეთი აკრძალული ნივთი - „შტირი“ ზურგში ჩაარტყა. ამ ხუთი კაციდან ოთხი (რამაზ ხუციშვილი, ივანე ჩარგაზია, მიხეილ დარბაიძე, ფრიდონ ნადირაძე) საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომელია, ერთი კიდევ ბარათელის თანასაკნელი ადამ ზარიძე. გიორგი ბარათელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მათ შორის N1 დაწესებულებაში ყოფნის დროს რაიმე სახლის აკრძალული საგანი, მათ შორის მჩხვლეტავი და ბასრი საგანი არ მქონია. ჩემთვის უცნობია თუ ვისია მოცემული მჩხვლეტავი საგანი, რის გამოც ბრალდება წარმედგინა... რაც შეეხება ვიდეოფირზე ასახულ ჩემს მოქმედებას, ეს იყო გახუმრება ჩემი მხრიდან, ზურაბ ჭონიაშვილის მიმართ, რა დროსაც მას წელის არეში რამდენჯერმე შევახე ხელი... ჩემს მიმართ პროვოკაციები გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც საქართველოში ბოლო პერიოდში შეიცვალა ხელისუფლება და მომეცა შესაძლებლობა ადვოკატების და ჟურნალისტების მეშვეობით გამეჟღერებინა სიმართლე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს.

პროვოკაციები ხორციელდებოდა პატიმრების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მე არ მეთქვა სიმართლე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს. წარდგენილ ბრალდებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებანი არის პროვოკაცია და გაგრძელება იმისა, რომ გამაჩერონ, რადგან უდანაშაულო ვარ ბატონი გურამ შარაძის მკვლელობაში და არ სურთ გამოიძიონ გურამ შარაძის მკვლელობა“, - ესაა ამონარიდი 2013 წლის 17 იანვარს ბრალდებულის სტატუსით დაკითხული ბარათელის ჩვენებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, დაპატიმრების გამოყენების საფუძვლად მითითებულია - „ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება“.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ 18 იანვარს პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბარათელს „საქართველოს სახელით“ შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება, დაპატიმრების გამოყენებით.

„...ბარათელი არის მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის სახით, თუმცა, მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე ბრალდებული დარჩება აღკვეთის ღონისძიების გარეშე. შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ასეთ შემთხვევაში ის მოსალოდნელი სასჯელის შიშით მიემალება გამოძიებას და სასამართლოს...“, - ესაა ამონარიდი მოსამართლე ჯორბენაძის მიერ ხელმოწერილი განჩინებიდან.

ბრალდებულ გიორგი ბარათელის პატიმრობის ათვლა განჩინების მიღების დღიდან - 18 იანვრიდან დაიწყო.

საქმის ძიების დროს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ბარათელის უკლებლივ ყველა თანასაკნელის დაკითხვა მოითხოვა. ეს შუამდგომლობა გამოძიებამ დააკმაყოფილა. ამჟამად ბარათელის 18 თანასაკნელია დაკითხული. მათგან მხოლოდ ერთი, ადამ ზარიძე ამბობს იმას, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს. სხვათა შორის, მოწმის სახით დაკითხულ ადამ ზარიძეს თავდაპირველად ეგონა, რომ ბარათელმა ჭონიაშვილს ზურგში მუშტი ჩაარტყა, მაგრამ მერე თურმე გონება „გაუნათდა“ და აღმოაჩინა, რომ ეს მუშტი კი არა „შტირი“ ყოფილა, რომლითაც ბარათელს ზურაბ ჭონიაშვილისთვის ერთი ნაჩხვლეტი ჭრილობა მიუყენებია, საიდანაც თურმე სისხლი ჟონავდა. ადამ ზარიძე ერთადერთია, ვინც ნაჩხვლეტიდან სისხლის გამოჟონვა შენიშნა.

ბარათელის დანარჩენმა თანასაკნელებმა „შტირის“ ამბავი მოგვიანებით შეიტყვეს - ზოგმა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან, ზოგმა „შტირნაჩხვლეტი“ ჭონიაშვილისგან, რომელსაც საკუთარი სხეულის „შტირით“ დაჩხვლეტის ამბავი, არც მეტი, არც ნაკლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ე.წ. კარმუშკიდან აცნობეს - „საკვების მისაწოდებელი სარკმლიდან მომიკითხა კორპუსზე მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც მთხოვეს საკნიდან გასვლა ექიმთან ვიზიტის მიზნით. ამავდროულად მკითხეს ვიგრძენი თუ არა რაიმე ტკივილი, რაც გავიკვირვე, რადგან არაფერი მაწუხებდა. მიუხედავად ამისა, თანამშრომელთა დაჟინებული თხოვნის საფუძველზე გავესინჯე მორიგე ექიმს, რომელმაც გარეგნული დათვალიერებით ზურგის მიდამოში დააფიქსირა დაზიანება“.

ამჟამად ჭონიაშვილი სასჯელისგან თავისუფალია. ის პროკურატურის მიერ წარდგენილ სასამართლოზე დასაკითხ 16-კაციან სიაში არ არის.

ბარათელის თანასაკნელმა ალექსანდრე კლიმიუკმა ე.წ. შტირის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერიდან გაიგო. ბარათელის კიდევ ერთ თანასაკნელს ვეფხვია ფეტელავას იმ დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა და საკნის შემოწმების დროს, სხვა პატიმრებთან ერთად საპატიმროს დერეფანში ვერ გავიდა. ჩვენებაში ამბობს, რომ ხსენებული ინცინდენტის შესახებ გაიგო საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლებისგან, რომლებმაც განუმარტეს, რომ თვითონ დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ბარათელმა ჭონიაშვილს მჩხვლეტავი საგანი, რომელიც თურმე შემდეგ დერეფანში დააგდო.

ამჟამად ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვას for.ge დაესწრება. რომელი მოსამართლე წარუძღვება პროცესს, ვინ იქნება ბრალმდებელი და რამდენად ობიექტურად წარიმართება საქმის განხილვა, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.