ქართველები ჩინელების შემოდინებას აპროტესტებენ

ქართველები ჩინელების შემოდინებას აპროტესტებენ

საქართველოს ეროვნულ ფრონტთან დაახლოებულმა პარტიებმა 24 თებერვალს მცირე საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინააღმდეგ. ეს ზონა ჩინური კომპანია „Hualing Industry and Trade Group“-ის მფლობელობაში იქნება.

50-ზე მეტმა დემონსტრანტმა მოითხოვა, რომ გასულ ზაფხულს „Hualing Group-ისა” და ყოფილ მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება გამოქვეყნდეს, ხოლო ახალმა მთავრობამ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ჩინელების რაოდენობაზე შეზღუდვები დააწესოს.

„Hualing Group“-ი კერძო კომპანიაა, ის მდებარეობს სინძიანში და საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს. კომპანია თანამშრომლობს სატყეო ბიზნესსა და მარმარილოს მოპოვებაზე დასავლეთ საქართველოში.

კომპანიამ ქუთაისში, სიდიდით მეორე ქართულ ქალაქში, 2009 წელს თავისუფალი სამეწარმეო ზონა გახსნა და გასულ წელს „ბაზისბანკში“, დაახლოებით 100 მილიონად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციების 90 პროცენტი შეისყიდა.

თბილისის თავისუფალ ეკონომიკური ზონაში, რომლის აშენებაც აქვს დაგეგმილი კომპანიას, როგორც ამბობენ, განთავსდება სასტუმრო, კომერციული ნაგებობები, ბინები იჯარით ჩინელი მუშებისთვის, სასაწყობე შენობები, დასასვენებელი სივრცე და საბაჟო.

„Hualing Group“-ი საქართველოში მოქმედ რამდენიმე დიდ ჩინელ ინვესტორს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის ლიუ ბოს ცნობით, პირველი ამ ინვესტორებს შორის იყო „Sichuan Electric Power Corporation“-ი, რომელიც 100 პროცენტით ჩინეთის სახელმწიფო „State Grid Corporation“-ის ფილიალია. ამ კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში დაახლოებით $34 მილიონი ჩადო.

2011 წელს „Chong Qing Wan Li Lian Xing Group“-მა, ავტომანქანების ნაწილების მწარმოებელმა საწარმომ, სპილენძისა და ოქროს მოპოვებაზე მიიღო ლიცენზია, ხოლო 2010 წელს ქართულ-ჩინურმა კონსორციუმმა მოიგო ტენდერი თბილისის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე.

თბილისელი დემონსტრანტები აპროტესტებდნენ იმას, რომ ჩინური სამუშაო ძალის შემოდინება ქართველთა უმუშევრობის მიზეზი გახდება.

ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა საქართველოში 16 პროცენტს შეადგენს, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ რეალური მაჩვენებელი, სულ ცოტა, ორჯერ მეტია.

ლიუ ბო ამბობს, რომ თბილისის ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველოში სულ 2,000 ჩინელი დასაქმდა და ეკონომიკური ზონა დამატებით მხოლოდ 1500 სამუშაო ადგილს შექმნის.

მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ქართული მედია და ცალკეული პოლიტიკოსები ჩინელი ემიგრანტების საქართველოში შემოდინების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

მაგალითად, 2007 წლის 7 ივლისს „კავკაზუს პრესი“ იუწყებოდა, რომ სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მაღალი რანგის თანამშრომლის ცნობით, საქართველოში 50000-დან 60000 ჩინელამდე ცხოვრობს.

იგივე სააგენტო 2007 წლის 4 აგვისტოს ციტირებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს „მთელი კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ამბობდა, რომ მხოლოდ თბილისში 40,000 ჩინელი ცხოვრობს.

ეს მონაცემები, თუ ისინი რეალობას შეესაბამება, იმის ვარაუდს აჩენს, რომ საქართველოში მცხოვრები არალეგალური ემიგრანტების უზარმაზარ რაოდენობას ემატება ის ლეგალურად დასაქმებული პირები, რომლებიც მთავარი ჩინელი ინვესტორების პროექტებში არიან დასაქმებული.

შესაძლებელია, მაჩვენებელმა მას შემდეგ იმატა, თუმცა 2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პაატა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჩინელების შემოსვლამ საქართველოში იკლო. მისი თქმით, სულ 300-მა ჩინელმა მოითხოვა ერთწლიანი ვიზა საქართველოში და მათი უმეტესობა რესტორნებსა და მაღაზიებშია დასაქმებული.

foreignpress.ge