„კვლევებმა აჩვენა, რომ ტენდენცია იცვლება - მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკაზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“

„კვლევებმა აჩვენა, რომ ტენდენცია იცვლება - მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკაზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, IRI–ის მიერ გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% „ნაციონალურ მოძრაობას“, 3%–3% „ევროპულ საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. 2% - „გირჩი მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი; 2%–2% - „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1% ხმას „ლელოს“ მისცემდა. გამოკითხულთა 10% ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა, ხოლო 15%–მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კვლევა 2021 წლის 2–26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM–ის მიერ. სულ გამოიკითხა 1 500 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/– 2.5%; გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მოქალაქეების 45 პროცენტი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45 პროცენტი ამის წინააღმდეგია. ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

IRI–ის კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, 33% პასუხობს, რომ კატეგორიულად არ უჭერს მხარს რიგგარეშე არჩევნებს. 12% ამბობს, რომ მეტ–ნაკლებად მხარს არ უჭერს. გამოკითხულთა 25% გადაჭრით აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას ეთანხმება, 20% კი მეტ–ნაკლებად ეთანხმება. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ იცის გამოკითხულთა 9%–მა.

გამოკითხულთა 42% კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%; ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15%, მეტ–ნაკლებად ეთანხმება 11%. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, არ იცის გამოკითხულთა მხოლოდ 14%-მა.

IRI–ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში პირველ ადგილს ისევ ჯარი იკავებს. გამოკითხულთა 82% დადებითად აფასებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობას, ხოლო 12% უარყოფითად. გამოკითხულთა 79% დადებითად აფასებს ეკლესიის საქმიანობას, 14% უარყოფითად; ქართული მედიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 64% აფასებს, 30% კი უარყოფითად. პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 54%, უარყოფუთად 39%. ამასთან, მეოთხე ადგილს იკავებს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 52%, უარყოფითად 41%.

რაც შეეხება პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგს, კვლევის მიხედვით 89%–ით ლიდერობს პატრიარქი; 65% გიორგი გახარია, 54% კახა კალაძე. გამოკითხულთა 52% დავით ბაქრაძეს ასახელებს, 42% ნიკა მელიას, 40% ბიძინა ივანიშვილს, 39% გიორგი ვაშაძეს, 36% დავით უსუფაშვილს, 33% არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33% ირაკლი კობახიძეს, 31% სალომე ზურაბიშვილს, 29% გიგი უგულავას, 27% შალვა ნათელაშვილს, 26% მამუკა ხაზარაძეს, 26% ალეკო ელისაშვილს, 24% ლევან ხაბეიშვილს, 21% „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“, 21% ირმა ინაშვილს, 20% ნინო ბურჯანაძეს, 17% ბადრი ჯაფარიძეს.

ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს გამოკითხულთა 65%. 37%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაზრდილი ფასები და ცხოვრების გაუარესებული პირობები. 26% მთავარ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს. 16%–ის აზრით კი, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის კორონავირუსი.

რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატო–ში, გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს, მხოლოდ15 % ამბობს არას. მათ შორის 59% სრულად უჭერს მხარს ნატო–ში გაწევრიანებას, 19% მეტ–ნაკლებად. გამოკითხულთა 8% კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატ–ში გაწევრიანებას, 6% მეტ–ნაკლებად. გამოკითხულთა 8%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის.

გამოკითხულთა 23% ნატო–ში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მთავარ სარგებლად უსაფრთხოებას ასახელებს, 20% თავდაცვას, 13% ეკონომიკის განმტკიცებას, 11% დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% სტაბილურობას, 4% სამხედრო მხარდაჭერას, 3% უკეთეს მომავალს.

კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, გამოკითხულთა 23% თვლის 2024 წლის შემდეგ, 53% არ იცის, 12% პასუხობს, რომ არასდროს. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 83% მხარს უჭერს, 9% კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ ასევე შენარჩუნებული უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობები. 40% თვლის, რომ საქართველოს საგარეო კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს. 6% თვლის, რომ საგარეო კურის უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ურთიერთობები ევროკავშირთან, მხოლოდ 2% ამბობს, რომ საგარეო კურსი უნდა იყოს პრორუსული.

გამოკითხულთა 36% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, 14% კატეგორიული წინააღმდეგია. IRI–ის კითხვაზე, პოლიტიკურად რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს, გამოკითხულთა 88% რუსეთს ასახელებს. რუსეთს მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამს 78%.

IRI–ის კვლევის შედეგებს განსხვავებულად კითხულობენ პოლიტიკური პარტიები. გივი მიქანაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ დაწეულა და მმართელ გუნდს საზოგადოების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IRI ტრადიციულად ამ კვლევებს უკვეთავს ორგანიზაცია „აიპიემს“, რომელიც გამოირჩევა ოპოზიციისადმი მიკერძოებულობით, მათ კვლევებსა და ანგარიშებში არაერთხელ დაფიქსირებულა დაახლოებით 15–20%–იანი ცდომილებები ოპოზიციის სასარგებლოდ.

„60% მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს. საზოგადოება დაიღალა იმ მიმდინარე პროცესებისგან, რის ხელოვნურად შექმნას ცდილობს ოპოზიცია. 60% მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტირებას, რაც საზოგადოების პირდაპირი დაკვეთა და მოწოდებაა იმისკენ, რომ ის ადამიანები, რომელთაც მათ მიანდეს მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობით დაამტკიცონ თავიანთი მხარდამჭერების ერთგულება და მათი პოზიციების გაჟღერება მაღალი ტრიბუნიდან“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

მისი თქმით, ამ კვლევებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფაქტია, რომელიც უმუშევრობასთან არის დაკავშირებული და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის არა ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი პარლამენტში შემოსვლა–არშემოსვლასთან და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციის მიერ, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, მეტი ინტენსივობით განახორციელოს სხვადასხვა რეფორმები.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი თვლის, რომ IRI–ის კვლევა აჩვენებს, რამდენად დაცემულია ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. კანდელაკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მთლიანად გაფლანგა ის კრედიტი, რაც ჰქონდათ პანდემიის დროს, მათ შორის, კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო.

„რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ამ კვლევის კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ, როდესაც არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა“, – ამბობს გიორგი კანდელაკი.

თინა ბოკუჩავა კი ფიქრობს, რომ IRI–ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. მისი თქმით, სწორედ პოლარიზაციაზე საუბრობენ პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოუწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება.

„ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ამგვარ კვლევაში საკუთარ დამოკიდებულებას ყველა გულწრფელად ვერ გამოხატავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მაინც აჩვენებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, მათ შორის, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს, რომ როგორც მინიმუმ, უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, რათა შემდგომ შევძლოთ სხვა საკითხებზე საუბარი“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ფიქრობს, რომ IRI–ის კვლევაში ცალკეული რეიტინგები არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას ახლა, როცა ვითარება მწვავეა, თუმცა მისი თქმით, ამ კვლევითაც დადასტურდა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს.

„პოლიტიკურ კრიზისში, ახლა ცალკეული პარტიების რეიტინგების გაზომვა კონტპროდუქტიულია და ადეკვატურ შედეგს არ მოიტანს. მნიშვნელოვანი არის ამ კვლევებიდან ტენდენციების ამოღება, ის, თუ რა მოსწონს ხალხს და როგორი არის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ამ კვლევაში არსებული ცალკეული რეიტინგები, ახლა, როდესაც სიტუაცია არის ძალიან მწვავე, არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას. თუმცა ის, რომ ოპოზიციას აქვს ჯამში უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ამ კვლევითაც დადასტურდა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

სანდრო რაქვიაშვილი კი თვლის, რომ ოპოზიცია ჩიხში იმყოფება, შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება. ის პარტიები, რომლებიც ძველ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამომრჩევლის თვალში. რაც შეეხება, ზოგადად,0 შედეგებს, „გირჩის“ წევრის განცხადებით, არ არის განსაკუთრებულად მოულოდნელი. არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის პოლიტიზირება მცირდება, პარტიების რეიტინგები უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე უშუალოდ არჩევნებზე მიღებული შედეგი, ეს ნორმალური მოვლენაა. მისი თქმით, ის პარტიები, რომლებიც ძველ გზას შეინარჩუნებენ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

„ოპოზიციის ბოიკოტი რომ დიდწილად დამანგრეველი იყო, დესტრუქციული იყო, ზოგადად, გასაგებია, რაღაცნაირად ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც პარტიები მიმართავენ ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება გამოცხადების დღეს უფრო მეტი საფუძველი გვქონდა, მათ შორის ჩვენ, მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე ცხადია, რომ ეს პროცესი დასასრულებელია და ფაქტობრივად, ჩიხში ვიმყოფებით.​ იმედია, მალე დასრულდება. მგონი, უკვე მაქსიმუმ რამდენიმე კვირის საკითხია, როცა ეს ისტორია უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ასეთ რეჟიმში გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, რომ იგივე რეჟიმში ვიყოთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.