„ნიღბის ტარებაზე თუ აჯარიმებენ ადამიანებს, სულში ჩაფურთხებაზე არ უნდა იყოს ჯარიმა?!“

„ნიღბის ტარებაზე თუ აჯარიმებენ ადამიანებს, სულში ჩაფურთხებაზე არ უნდა იყოს ჯარიმა?!“

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან აღარ ისჯება. ცილისწამების მსხვერპლი გახდნენ – პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები. უმრავლეს შემთხვევაში ისინი გამოძიებას მიმართავენ, მაგრამ საქართველოს არ ახსოვს პრეცენდენტი, როდესაც ცილისმწამებელი დასჯილიყო.

პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი თვლის, რომ ადამიანს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი სიუჟეტის სრულყოფილად გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. დეპუტატის განცხადებით, უნდა დარეგულირდეს თუნდაც ის, რომ ამ თემაზე შეტანილი საჩივრის განხილვა დროში რეგლამენტირებული იყოს.

კახიშვილი სატელევიზიო ეთერებში მასთან დაკავშირებით გაკეთებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის გამო თავდასხმის ობიექტია. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ერთ–ერთ არხზე მის სიძესთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის საკადრო ტექსტის გამო, ადამიანს შეიძლება ვიღაც დახვდეს და მოკლას, ამიტომ აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?

„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გააშუქოს, მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს მიმართ კრიტიკულია, შეიძლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდეს და პასუხებს მოითხოვდეს, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერს რეგულაცია სჭირდება. ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები... ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებას კითხვით მიმართა.

„იმისათვის, რომ იურისტი გახდე, საჭიროა დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მერე მიმართულება აირჩიო, კიდევ გამოცდები ჩააბარო და იურისტი, სამართალმცოდნე გახდები. თუ გინდა მასწავლებელი გახდე, სასწავლებელი უნდა დაამთავრო და წელიწადში ერთხელ გამოცდები ჩააბარო. დღეს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი „ჟურნალისტი“-ს, გრადაცია არ გვაქვს.

ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სტატუსს დაწერს? ისე, სხვათა შორის, მეც „პალიტრაზე“ ორი წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ?“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვის ხელშია გასაღები, რომ ავირიდოთ ცილისწამება? ექსპერტები თვლიან, რომ გასაღები პარლამენტის ხელშია. სოსო მანჯავიძის განცხადებით, დეზინფორმაცია ყველა შემთხვევაში და მით უმეტეს, როცა ეხება სახელმწიფო ინტერესებს, აზიანებს როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანთა ჯგუფების ინტერესებს, რაც დასჯადი უნდა იყოს. ანალიტიკოსის განცხადებით, სხვა საკითხია რამდენად დახვეწილია და მოხერხებულია ქვეყნის კანონმდებლობა, რამდენად აქვს სახელმწიფოს ნება იმისა, რომ არ იყოს ლაქები.

„ეს არის უსაფრთხოების საკითხები, როდესაც მიზანმიმართულად ხდება ეროვნული შუღლის გაღვივება, დეზინფორმაციის გავრცელება პოლიტიკური მიზნებით, საინფორმაციო საშუალებებით დესტაბილიზაციის შემოტანა საზოგადოებაში და ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სპეციალური ორგანოების კვლევის საგანი, უნდა ხდებოდეს პრევენცია. ასეთი რამე ჩვენთან არ ხდება, რაც უკვე ნიშნავს ჩავარდნას. ეს ყველაფერი კი, აზიანებს ქვეყანას“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწია იმ პათოლოგიამ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, ცილისწამების მიმართ მუხლი არსებობს, მაგრამ მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს და შესაბამისობაში მოვიდეს დროის საჭიროებებთან.

„კანონი უნდა ეთანაბრებოდეს მისი დარღვევის მასშტაბებს. გარდა ამისა, სასჯელი უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის თანაზომადი. მთელი კასტა გაჩნდა დაუსჯელობის, შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი ამოთხვარონ ლაფში. საზოგადოება დაშინდა. არის კასტა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დაუსჯელად მოკლას. ადრე, ტრადიციულ სამართალში ცილისწამება ორმაგ მკვლელობას ეთანაბრებოდა, სულს და ხორცს კლავდა. ახლა, ეს ორმაგი მკვლელები გამოფენილი არიან ამ ე.წ. სადეზინფორმაციო ტელევიზიებში. ტალახში სვრიან ყველას, ვის მიმართაც პოლიტიკური შეკვეთა აქვთ. ეს არის ყოვლად მოუთმენელი სიტუაცია. სწორედ ამიტომ მქონდა დაპირისპირება ცნობილ ცილისმწამებელთან, რომელიც ხან ერთს ეძახდა მექრთამეს და ხან მეორეს. გასაგები იყო, რომ ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რითაც ავად არის ჩვენი საზოგადოება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ცილისწამება დღევანდელობის რეალობად იქცა. გახსნილმა მედიასაშუალებებმა ისეთი ვითარება შექმნა, რომ თვითონ ამერიკის პრეზიდენტის არჩევის პროცესი იყო ბრალდებების ომი. ძალიან ჭუჭყიანი პროცესი იყო.

„ანალოგიური პროცესებია ჩვენთან. საქართველოს ყველაზე დიდმა მტრებმა, ამ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ, ეს მიმართულება ძალიან კარგად გამოიყენეს, ჯერ იმითი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს წერდნენ და ადამიანებს ამითი აშანტაჟებდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ერეოდნენ. ხვდებით ეს რამხელა ტრავმა იყო? ამის შემდეგ პირდაპირი ეთერიდან დაიწყეს შეურაცხყოფების მიყენება. ბრალდების საოცარი ნიაღვარი მოდიოდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ეს არ ყოფილა წამოცდენა, ეს იყო წინასწარ დამუშავებული გეგმა. გავიხსენოთ „მოდელირებული ქრონიკა“, ეს არ იყო უბრალოდ გაკეთებული. ამით დამახინჯებული ინფორმაციის, ჭორის, ბრალდების გატესტვა გააკეთეს, როგორ შეიძლებოდა ამას მასებზე ემოქმედა. ამის გაგრძელებაა რაც დღეს ხდება. როგორც კი მათ კედელთან მიაყენებ, იწყებენ წერტილოვან თავდასხმას. პირდაპირ გადადიან შეურაცხყოფებზე და ბრალდებებზე. სხვათა შორის ეს კარგად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“, – აცხადებს ხათუნა ხოფერია.

for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც გამოუცდელია, სულიერა ღებულობს ისეთ დარტყმას, რომ ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან.

„სახელმწიფომ რაღაცა უნდა გააკეთოს. ამ პარლამენტში კვატებივით რომ სხედან, კეთილი ინებონ და იფიქრონ ჯარიმებზე. ელემენტარულია, შენ რომ ჩემზე რაღაცა თქვი, მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, მივმართო პოლიციას, პროკურატურას. თქვენი კოლეგა, ნინო ჯღარკავა წლებია საშინელი ცილისწამების და თავდასხმების მსხვერპლია. ბევრჯერ შეიტანა სარჩელი პროკურატურაში, მაგრამ არაფერი, დღემდე არავინ არ დასჯილა და დღემდე გრძელდება თავდასხმა. უკაცრავად, ასე არ არის ეს ცხოვრება, შენ რომ სახელმწიფო ხარ, შენ ეს ყველაფერი ჩემთთან ერთად უნდა დაიცვა.

მე თუ საქართველოს მოქალაქე ვარ, ვთვლი, რომ უნდა ვიყო აქტიური და ჩემი სახელმწიფოს სადარაჯოზე ვიდგე ჩემი ქცევით და პოზიციით. მაგრამ შენ რომ სახელმწიფო ხარ, უნდა დამიცვა ამ ვიგინდარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაჭრან ჩემი სული. თუ ვერ მიცავ, მაშინ შენ სახელმწიფო არ ხარ. ნიღბის ტარებაზე თუ აჯარიმებენ ადამიანებს, სულში ჩაფურთხებაზე არ უნდა იყოს ჯარიმა? კეთილი ინებონ და მოიფიქრონ რაღაცა ფორმა, საჯარიმო სანქციები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.

საერთო ჯამში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 8 სარჩელი აქვს შეტანილი ნინო ჯღარკავას. ჟურნალისტმა 7 სარჩელი ჟურნალისტ ელისო კილაძის და 1 ერთი სარჩელი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ შეიტანა, მაგრამ არც ერთ სარჩელზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

„ცილისწამებას პირდაპირ ვათანაბრებ მკვლელობასთან, რადგან ადამიანი შეგიძლია სიტყვით მოკლა. ეს რომ საკუთარ თავზე გამოვცადე, მზად ვიყავი ჩამედინა დანაშაული. ძლივს ვძლიე საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ გავაკეთე, მაგრამ ზღვარზე ვიყავი, როდესაც ეს შეეხო ჩემს ოჯახს, შვილს, დედას, ძმას. ეს ხორციელდებოდა ერთ–ერთი ვითომ „კოლეგის“ ელისო კილაძის მიერ, რომელსაც არ აქვს ზღვარი, მას ყველაფერი ეპატიება.

8 წელია ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ცილისწამებას ამ ქალბატობისგან. მივმართე პოლიციას, პროკურატურას, არაერთგზის, მაგრამ ვიღებდი პასუხს – მიმართე სასამართლოს. სამოქალაქო სარჩელი კი ისეთია, რომ წლობით დევს, არ აქვს ვადა, შეიძლება ხუთი წლის შემდეგ განიხილონ, როცა დავიწყებული აქვს ყველას ყველაფერი. ამიტომ, არაფერი ბერკეტი ცილისწამებაზე არ არის.

მე სულ ვამბობ, რომ ცილისწამება უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობილი და უნდა იყოს სასჯელი. სააკაშვილმა ამოიღო ეს მუხლი, არც ამ პარლამენტს მოუკლავს თავი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ყველა დეპუტატს ვწერდი, რომ მიეღოთ ეს მუხლი, მაგრამ რატომღაც ყველა ჯერზე იბლოკება ჩვენი გამოძახილი“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ნინო ჯღარკავა.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის ინიციატივით, რომელიც წარსულში პარლამენტში მედიასთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, დაიწყო პრესის კანონზე მუშაობა. როგორც თავად განმარტავს, მაშინ მას თავად ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე მხრივ გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მედიას სრული თავისუფლება უნდა ჰქონოდა.

„მათ ზურაბ ჟვანიასთან ჰქონდათ გავლენები და იზრუნეს, რომ არ ვყოფილვიყავი შემდეგი მოწვევის პარლამენტში, რომ არ გამეგრძელებინა ამ კანონზე მუშაობა. მერე მათ შეიმუშავეს 2-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ პრესა თავისუფალია. ერთ–ერთი მთავარი პრინციპი იყო, რომ მედიას უნდა ჰქონოდა გრძელი ხელები, მათ შეეძლოთ ბრალდების წაყენება, მაგრამ მედიასგან პასუხის მოთხოვნა არავის არ უნდა შეძლებოდა. მედია უნდა ქცეულიყო გარკვეულ სამხედრო დანაყოფად, რომელიც დაცული იქნებოდა შეტევისგან. ასეთ სამხედრო დანაყოფად იქცა მედია და მოხდა „ვარდების რევოლუცია“.

იგივე კანონმდებლობის ფონზე ვაგრძელებთ არსებობას, მაშინ როდესაც მსოფლიო არ მიდის ამ გზით. დასავლეთში ცილისწამებაზე ჯარიმები იმდენად დიდია, რომ მასმედია დაინტერესებულია, არ დაარღვიოს კანონი. ასეთია დასავლური სინამდვილე. ფულადი სასჯელით ებრძვიან ცრუ ბალდებებს, ოღონდ ებრძვიან მძაფრად“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ჩვენ ამ კუთხით ევროპული სახელმწიფო ნამდვილად არ ვართ და აუცილებელია ქვეყანაში მოქმედებდეს მუხლი ცილისწამების შესახებ, თუმცა არც ის უკვირს რატომ არ ფიქრობს პარლამენტი ამ მუხლის ამოქმედებაზე.

„ეშინიათ. მე რომ კანონზე ვმუშაობდი, ჟურნალისტები ამიჯანყდენ. გაზეთმა „რეზონანსმა“, რომლის მესაკუთრე მაშინ მალხაზ რამიშვილი იყო, ხოლო რედაქტორი ლაშა ტუღუში, სულ გებელსი მეძახა საჯაროდ. კანონი ჯერ ჟურნალისტებთან მივიტანე, სწორედ იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა მქონოდა, მაგრამ ამათმა ამიყირავეს. აი, ამისი ეშინიათ დღესაც. პრესასთან დაპირისპირება არავის არ უნდა, პრესა ეგრევე იწყებს ცილისწამებას. ამიტომ პრესის კანონის მიღებას ყველა ერიდებოდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

amo ესე იგი ბოკერიამ რომ აიშვა 2004-ში დღემდე გაცოფებული დარბის. დააბით, დააბით მიიღეთ მუხლი ცილისწამების შესახებ. სირცხვილია ბოლო ბოლო.
3 წლის უკან