ნაციონალური შოუ რაბათში

ნაციონალური შოუ რაბათში

„ყველა მაღაზია დაკეტილია?“... „ყველა მაღაზია დაცარიელებულია?“ - გაოცებას ვერ ფარავდა ახალციხის რაბათის კომპლექსის დათვალიერებისას ვანო მერაბიშვილი და ხან ერთი მაღაზიის დახურულ კარს მიღმა შესქცეროდა დაცარიელებულ ობიექტებს, ხან მეორე მაღაზიის ვიტრინიდან უმზერდა ოთახებში არსებულ სიცარიელეს. მას კი ახალი ხელისუფლების მოსვლით გულგატეხილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ივანე წიკლაური მიუძღოდა.

სინამდვილეში, ამ დადგმული შოუს მონაწილეებმა თავად ყველაზე კარგად უწყოდნენ, რომ ნაძალადევად და შიშით შექმნილი ბიზნესის ახალციხური ფინალი ასეთი იქნებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ რაბათის კომპლექსის დათვალიერების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილი გადასახადების გამო რაბათში ყველა ობიექტი დაიხურა.  მათ შორის, „ზარაფხანა“, „სელიო“, „სვოჩი“, „პუმა“, „ღვინის სახლი“.

„საქართველოს ბანკისა და ბილაინის ფილიალებიც კი ყველა დახურულია“, - შესჩივლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა  ვანო მერაბიშვილს და მიზეზად ბოლო დროს გაზრდილი გადასახადები დაასახელა.

ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალებიდან ვალერი ჩიტაშვილიც ამავე ტონალობას არ სცდება და აცხადებს, რომ ყველა ახალციხელი რაბათზე დიდ იმედებს ამყარებდა. დღესდღეობით კი, ყველა ობიექტი დაკეტილია. ერთადერთი, მხოლოდ რესტორანი მუშაობს. თუ ასე გაგრძელდა, ჩიტაშვილის პროგნოზით, ახალციხელებისთვის ძალიან ცუდი იქნება.

რეალურად აღმოჩნდა, რომ გაზრდილი გადასახადები კომუნალურ ხარჯებს უკავშირდებოდა და რაბათში არსებულ ყველა კონპანიას კომუნალურ გადასახადებს სახელწიფო უხდიდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს ყოვლად უაზრო გადაწყვეტილება გაუქმდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა კერძო კომპანიამ საკუთარი კომუნალური ხარჯები თავად უნდა დაფაროს. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ბრენდს და კომპანიას გადასახადების გადახდა შეუწყვიტა.

„სახელმწიფო არ არის ვალდებული, აბსურდული ხელშეკრულებების თანახმად, რომელიც მაშინ კერძო კომპანიებს დაუდეს, მათ მიერ დახარჯული სინათლისა და გაზის გადასახადი გადაიხადოს“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი.

კერძო კომპანიების კომუნალური ხარჯების დაფარვას ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკანონო ქმედებად მიიჩნევს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. ოლეგ სანდროშვილი იურიდიული პირების მიერ ახალციხის ციხის ტერიტორიის დატოვებას მომხმარებლის სიმცირეს უკავშირებს. ის, რომ რაბათს ბევრი ტურისტი სტუმრობდა, გარკვეულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული.

„ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების პიარკამპანია გახლდათ“, - ირწმუნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ყოფილი პრემიერის და მისი „გიდების“ საპასუხოდ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ რაბათში ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები ეკონომიკური არამომგებიანობის გამო შეწყდა. მეტიც, კალაძის თქმით, საქართველოში ბიზნესი წნეხისა და ტერორისგან სამუდამოდ გათავისუფლდა და ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც.

კახი კალაძე თავადაც ეწვია რაბათის ისტორიულ უბანს, რათა საკუთარი თვალით ენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თურმე როგორ დაცარიელებულა რაბათის „რეაბილიტირებული“ უბანი. თუმცა, საბოლოოდ, რაბათში სტუმრობისას კახი კალაძეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგებული „ფასადური აღმშენებლობისა“ და „ვითომ-ეკონომიკური აღმავლობის“ კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გახდა.

გაირკვა, რომ საიჯარო ხელშეკრულებების სიის თანახმად (სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება), ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთი და იგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე.

აქვე გამოჩნდა, თუ რამდენად „იაფი“ ღირდა იჯარა, რაც ადასტურებს, რომ მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად იყო განპირობებული და არა - ეკონომიკური მოსაზრებებით.

ამდენად, კახი კალაძე ასკვნის, რომ დღეისთვის, ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით.

ყველასთვის ცხადია, რაბათის ტერიტორიას ე.წ. შეწერილი ბიზნესის გარდა, საჯარო სამსახურებიდან ძალით მიყვანილი ხალხის სახელიც უკავშირდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ცალკეული დაწესებულებების ხელმძღვანელებს ურეკავდნენ და რაბათის კომპლექსის დათვალიერებას სთავაზობდნენ, არავინ ინტერესდებოდა, ობიექტების ძალით დათვალიერება იყო თუ არა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა. სინამდვილეში, სამსახურის დაკარგვის შიშით რაბათში ძალით მიყვანილ ხალხს ხშირად პრეზიდენტს ახვედრებდნენ და მათაც იძულებით უწევდათ სააკაშვილის გაუთავებელი მონოლოგების მოსმენა. თუ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობა შედარებით ფხიანი აღმოჩნდებოდა, ასეთ შეხვედრას თავს აარიდებდა და ამბობდა, სამწუხაროდ, რაბათის დათვალიერების დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ამ დღეებში სხვა რამ მაქვს დაგეგმილი და სხვა დროს იყოსო. ამის შემდეგ ნაციონალები უკვე სხვა დაწესებულებებს მიმართვადნენ რაბათში ძალით ჩაყვანის მიზნით.

For.ge დაინტერესდა, რა გახდა რაბათში შეწყვეტილი ბიზნესის რეალური მიზეზი. ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ რაბათში ბიზნესის შეწყვეტა გარდუვალი იქნებოდა და ეს იმ სამწუხარო ფაქტის მარტივი გამოვლინება გახლდათ, რაც ნაციონალების დროს ხორციელდებოდა. კერძოდ, იმ პერიოდში ყველაფერი ფასადურად კეთდებოდა და ჯოხით ერეკებოდნენ ხალხს საზარალო ბიზნესში. ეს ე.წ. საჩვენებელი ბიზნესიც, სინამდვილეში, დიდი ცინიზმი და ხალხის დაცინვა იყო.

„პიერ კარდენის“ მაღაზიას რომ გახსნი რაბათში, ეს სამარცხვინოა და იმ ხელისუფლების სახე სწორედ ამაში ჩანს. აქ ორი დანაშაული იკვეთება: პირველი, აიძულო მეწარმე და ჯოხით გაახსნევინო საზარალო ბიზნესი და აიძულო ის ადამიანები, რომლებსაც პურის ფული არ აქვთ, ყოველდღიურად ამ მაღაზიას უყურონ. ამის შემდეგ ეს სამარცხვინო ადამიანები კიდევ რაბათში დადიან და ჩივიან, საიჯარო გადასახადები გაზარდესო. თურმე რიგები მდგარა „პიერ კარდენის“ მაღაზიაში რაბათში. ისინი თეთრი ძაფით კერავენ საქმეებს და ჰგონიათ, ვიღაცას მათი გამოსვლების სჯერა. ყველაფერთან ერთად, ერთუჯრედიანებიც არიან“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ამასთან, გვეთანხმება, რომ, რა თქმა უნდა, „ზარაფხანის“, „პუმას“, „სელიოს“ და სხვა მაღაზიების წარმომადგენლებმა თავადვე უნდა გააკეთონ განცხადებები და აღნიშნონ, რეალურად რა მოხდა. თუმცა ერთიცაა, ჩვენი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მონური კონფორმიზმისგან. გია ხუხაშვილის თქმით, ამ ადამიანებმა სწორედ ეს გარსი ვერ გაარღვიეს, არადა, ახალი ხელისუფლება მათ ეუბნება, აკეთეთ ჯანსაღი ბიზნესი, მიხედეთ საქმეს, იქონიეთ თავმოყვარეობა და ღირსება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ როდესაც მთლიანად ქვეყნის სამეწარმეო გარემო და ეკონომიკის განვითარების ტემპი არცთუ სასურველია, ძალიან ძნელია, მის ერთ რომელიმე რეგიონში საქმიანი აქტიობის პროვოცირება მოახდინო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს  ასე მოხდა ახალციხეში და მთლიანობაში, სამცხე- ჯავახეთში. ეს ის მხარეა, სადაც განსაკუთრებით დაბალია ხალხის ცხოვრების დონე და სტაგნაციის სერიოზულ პროცესს ექვემდებარება ეკონომიკა, რადგან იქ, ფაქტობრივად, უკვე კარტოფილიც კი აღარ მოჰყავთ იმ ოდენობით, რაც წინა წლებში იყო.

აქედან გამომდინარე, თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კონტექსტში გადაწყდა რაბათის რესტავრაცია. ეს იყო ძირითადად თურქეთის სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული ტერიტორიის მოწესრიგება და ამ იმპულსს დაერთო ყოფილ ხელისუფალთა მცდელობა, იქ საქმიანი აქტივობა წაეხალისებინათ. გაიხსნა მაღაზიები, დაწესებულებები, რესტორნები, მაგრამ, თუ ამას არ მოჰყვებოდა მაგისტრალების გახსნა, ტურიზმის მიმართულებით გარღვევა, აღებ-მიცემობა მოსაზღვრე თურქეთის რაიონებთან, სომხეთთან, რა თქმა უნდა, გახსნილი მაღაზიები მხოლოდ დეკორაციად დარჩებოდა“.

ვაჟა ბერიძის თქმით, მაღალი ფასების გამო „პიერ-კარდენის“ მაღაზიაში თბილისშიც არ შედიან და მათი პროდუქციის ყიდვა დედაქალაქშიც კი ცოტას თუ შეუძლია. ის მდიდარი ადამიანებიც უცხოეთში ამჯობინებენ შოპინგებს. ვისაც არ შეუძლია უცხოეთში წასვლა, ბუნებრივია, საქართველოში მაღალ ფასს ვერ გადაიხდის ტანსაცმელში.

„ამდენად, ახალციხეში ამ ტიპის მაღაზიების საქმიანობის შეჩერების მიზეზები უნდა ვეძებოთ საერთოდ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში, სადამდეც ქვეყანა მიიყვანა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელიწადმა.

მიუხედავად ფასადური წინსვლისა, რეალურად, ეკონომიკა არ განვითარებულა და ხალხის ცხოვრების დონე არ ამაღლებულა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს საქართველოში. რაიონის თვითმმართველი ორგანოები რომ ხედავენ, რომ იმ მცირე გადასახადსაც ვერ იხდის მაღაზია ან საწარმო, ვინ გაზრდის გადასახადს?! რომელი ჭკუათმყოფელი გაზრდის გადასახადს იმის გამო, რომ მაღაზია დაიხუროს?! ეს უბრალოდ, ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რის გამოც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა წინა ხელისუფლებას“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვის თავზე  ახალ მმართველ გუნდს პასუხს ვერ მოვთხოვთ, თუ რატომ არ მუშაობს „პიერ კარდენის“ მაღაზია ახალციხეში. თუმცა ერთი წლის შემდეგ შეიძლება, ვივარაუდოთ, რა პოზიტიური ტენდენციები დაიწყო ეკონომიკაში.