აშშ ცენტრალურ აზიას და კავკასიას დახმარებას უმცირებს, თუმცა არა უსაფრთხოების სფეროში

აშშ ცენტრალურ აზიას და კავკასიას დახმარებას უმცირებს, თუმცა არა უსაფრთხოების სფეროში

როგორც ეს ახლახანს გამოქვეყნებული ბიუჯეტის დოკუმენტებიდან ჩანს, შეერთებული შტატები გეგმავს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დახმარების დაახლოებით 24%-ით შემცირებას კავკასიის ქვეყნებისთვის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში დახმარების პროგრამების წილი სავარაუდოდ მხოლოდ 2%-ით შემცირდება. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მთლიანი დახმარების მოცულობის შემცირება 13%-ით იგეგმება, მაშინ როცა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა დაახლოებით იმავე დონეზე რჩება. დახარების ასეთი პაკეტები, იმ შემთხვევაში თუკი მათ აშშ-ს კონგრესი მხარს დაუჭერს, გააგრძელებს აშშ-ს კურსს, რომელიც რეგიონში პოლიტიკურ-ეკონომიკური ამოცანების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ხარჯზე უსაფრთხოების სფეროში აქცენტის გაძლიერებისკენაა მიმართული.

საერთო ჯამში, სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება ცენტრალური აზიისთვის 133,6 მილიონი დოლარიდან 2012 ფინანსურ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს 118,3 მილიონ დოლარამდე შემცირდება, მაშინ როცა დახმარების ის პროგრამები, რომელიც მოქცეულია „მშვიდობა და უსაფრთხოების“ კატეგორიაში, თითქმის იგივე დონეზე (30,3 მილიონი დოლარი) რჩება. („მშვიდობა და უსაფრთხოების“ კატეგორიის ინიციატივები მოიცავს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების, არამედ სამართალდამცავი სტრუქტურების, სასაზღვრო ძალების და ა.შ დახმარების პროგრამებს). პროექტის თანახმად, კავკასიის ქვეყნებს დახმარება 150,2 მილიონი დოლარიდან 121,6 მილიონ დოლარამდე უნდა შეუმცირდეს, იმავდროულად მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირდება უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხა – 35,6 მილიონი დოლარიდან 34, 9 მილიონ დოლარამდე.

ამერიკული დახმარების ყველაზე მსხვილ მიმღებ მხარედ რეგიონში კვლავ საქართველო რჩება, თუმცა ამ ქვეყნის დახმარების პაკეტი შარშანდელი 85 მილიონი დოლარიდან 68,7 მილიონ დოლარამდე შემცირდება. ყველაზე სერიოზულად თანხების შემცირება იმ პროგრამებს შეეხება, რომელიც „ეკონომიკური ზრდის“ კატეგორიაში შედის. კატეგორიის „მშვიდობა და უსაფრთხოება“ თანამშრომლობის პროგრამების დაფინანსება არ მცირდება – 21,7 მილიონი დოლარი, თანაც განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ შეთავსებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იარაღზე მომუშავე კადრების გადამზადებაზე ისეთ სფეროში მუშაობისთვის, როგორიცაა ბირთვული გაუვრცელებლობა.

ყირგიზეთი, ამ დახმარების მოცულობის სიდიდის მხრივ რეგიონში მეორე ქვეყანა უნდა გახდეს. მისი დახმარების მთლიანი პაკეტი 47 მილიონი დოლარის ფარგლებში რჩება. თუმცა, უსაფრთხოების სფეროს დახმარების პაკეტი 6,3 მილიონი დოლარიდან 9,2 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც, ყველაფერთან ერთად დაეხმარება „ყირგიზეთის ახალ მთავრობას საკუთარი უსაფრთხოების ძალების კარგად დაგეგმილი მოდერნიზაციის განხორციელებასა“ და „ყირგიზეთის რესპუბლიკის პოტენციალის გაზრდაში ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საზღვრის დაცვა და ისეთ ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი“.

ტაჯიკეთის დახმარების საერთო მოცულობა 45 მილიონი დოლარიდან 37,4 მილიონ დოლარამდე უნდა შემცირდეს, ხოლო უსაფრთხოების სფეროში – 11,7 მილიონი დოლარიდან 9,8 მილიონ დოლარამდე. სომხეთის დახმარების მოცულობა უნდა შემცირდეს 44,3 მილიონი დოლარიდან 36,6 მილიონ დოლარამდე, იმავდროულად მშვიდობის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცების პროგრამები მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდება – 9,2 მილიონი დოლარიდან 8,9 მილიონ დოლარამდე. აზერბაიჯანის დახმარების საერთო მოცულობა შეიძლება შემცირდეს 20,9 მილიონი დოლარიდან 16,3 მილიონ დოლარამდე, ხოლო უსაფრთხოების სფეროს დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრები არ შემცირდება და იქნება კვლავ 4,3 მილიონი დოლარი. იგეგმება დახმარების შემცირება ყაზახეთისთვის 18,8 მილიონი დოლარიდან 14,9 მილიონ დოლარამდე, უსაფრთხოების სფეროში – 6,2 მილიონი დოლარიდან 5,8 მილიონ დოლარამდე. უზბეკეთის დახმარების მოცულობა დაახლოებით იმავე ფარგლებში რჩება: დახმარების პაკეტი მთლიანობაში 12,6 მილიონი დოლარია და აქედან 3,4 მილიონი დოლარი – უსაფრთხოების სფეროს პროგრამებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის თანახმად თურქმენეთს დახმარება 9,9 მილიონი დოლარიდან 6,7 მილიონ დოლარამდე შეუმცირდება, ხოლო უსაფრთხოების სფეროს პროგრამებზე – 2,9 მილიონი დოლარიდან 2,1 მილიონ დოლარამდე.

თუკი მონღოლეთს ამ რეგიონის ნაწილად მივიჩნევთ, მაშინ ეს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც საერთო ტენდენციას არღვევს: დახმარების პაკეტის ზოგადი ზრდის ფონზე – 7,1 მილიონი დოლარიდან 10,1 მილიონ დოლარამდე, დახმარების პაკეტი უსაფრთხოების სფეროში (4 მილიონი დოლარი) შარშანდელთან შედარებით ოდნავ შემცირდება.

იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ს მთავრობის დახმარების ყველა პროგრამის კოორდინატორი არ არის, კერძოდ, აშშ-ს სამხედრო დახმარების სულ უფრო მნიშვნელოვანი წილი რეგიონში დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ხაზით ხორციელდება. გარდა ამისა, ამ პროგრამების სახსრები სხვაგვარად გაიცემა, სხვაგვარად ყალიბდება ასევე ანგარიშვალდებულების მექანიზმიც, რის გამოც მათზე თვალის მიდევნება უფრო რთულია. ასე რომ, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია სრულ სურათს ვერ ქმნის, მაგრამ ტენდენცია სახეზეა და დაფიქრების საფუძველს ქმნის.

foreignpress.ge