ძველმა ხელისუფლებამ რეგიონებში დაწყებული სარებილიტაციო სამუშაოები შუა გზაზე მიატოვა და ახლა ახალ ხელისუფლებას სთხოვს მის დასრულებას. ასეთი კი არაერთი დასახლებული პუნქტი თუ ქალაქია. თანხები კი ყველა მიმართულებით საკმარისი არ არის. ამიტომ, რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველ ეტაპზე კახეთისა და იმერეთის რეაბილიტაციის პროექტების დასრულებას გეგმავს.
როგორც მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია აცხადებს, ამინდის გამოსვლისთანავე სამუშაოები ამ ორ რეგიონში გაგრძელდება. დარჩენილი რეგიონების რეაბილიტაციისთვის სამინისტრო 2014 წლის სამოქმედო პროექტს ამზადებს. პროექტში ჩადებული თანხის მოცულობა თვითმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს ითვალისწინებს. მურღულიას ინფორმაციით, თანხა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
რეგიონებში დაწყებული რეაბილიტაციის პროგრამებთან დაკავშირებით მართლაც რთული ვითარებაა. შეწყვეტილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ძველმა ხელისუფლებამ წამოიწყო. მაგალითად, მცხეთის რეაბილიტაცია უკვე ერთი წელია შეჩერებულია. მიზეზი კი არასაკმარისი დაფინანსებაა.
მცხეთის მთავარი არქიტექტორის თამაზ მაჩხანიას ინფორმაციით, დღემდე მცხეთის რეაბილიტაციის სამი ეტაპი განხორციელდა და მხოლოდ გარკვეული სახლების ფასადები და ქუჩები კეთილმოეწყო.
„ჯვრიდან რომ გადმოხედოთ მცხეთას, შეამჩნევთ, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის და მხოლოდ გარკვეული ქუჩებია კეთილმოწყობილი“, - აცხადებს მაჩხანია.
იგი ადასტურებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მიზეზი ფინანსებია, პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეწყდა და მის განახლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
არადა 2012 წლის ზაფხულში, „კომერსანტთან“ საუბარისას მცხეთის გამგებელი თემურ აბაშიძე სარეაბილიტაციო სამუშაოების კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელებაზე საუბრობდა.
მცხეთის მთავარი არქიტექტორი კი დღეს აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა კი ჯერ არ მიმდინარეობს.
უძველეს სატახტო ქალაქში სამუშაოების შეჩერებას ადასტურებს მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ხათუნა ოჩიაურიც. მისი ინფორმაციით, მცხეთაში რეაბილიტაციის გარკვეული ეტაპი დასრულდა და წინა ხელისუფლება მის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა დღეს მცხეთაში სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.
თელავში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეწყდა. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მობინადრე ოჯახებს რეაბილიტირებული სახლები 2012 წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა კომპანიამ პირობა არ შეასრულა.
ამჟმად თელავში, ბატონის ციხის (მუზეუმის) რეაბილიტაციაც შეჩერებულია. დაწყებული საშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო. უწყება პროექტის ხელახალი გეგმის მომზადებას გეგმავს. პროექტზე 13,7 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „ფერი“ და შპს „არტესი“ ახორციელებდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ამ ეტაპზე სამინისტრომ უნდა წარადგინოს პროექტის განხორციელების გეგმა, რის შემდეგადაც სამშენებლო სამუშაოები განახლდება.