აკაკი ბობოხიძე:

აკაკი ბობოხიძე:"ივანიშვილის პასუხისმგებლობის საათმა ათვლა დაიწყო“

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მოუწოდებს უახლოეს ორ-სამ დღეში პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს -  უარს ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა გაიმართება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, წყალგამყოფი იქნება.

„ჩემი სიტყვები გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ამ ცვლილებას ვინც ეთანხმება, იგი ქვეყნისთვის სამსახურს აგრძელებს და შეცდომების გამოსწორებისა და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი ეძლევა. ხოლო, ამ ცვლილებაზე ვინც უარს ამბობს, იგი ყველაფერზე სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას“, - აცხადებს წერილში პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილის წერილს ნაციონალების თუ რა რეაქცია მოჰყვა - for.ge საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

ბიძინა ივანიშვილის წერილზე, რა აზრისაა ქვეყნის პირველი პირი?

- ქვეყნის უბედურებაა, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს წერილებით ელაპარაკებიან და ვერ ხვდებიან, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდება. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, გასულ ცხრა წელიწადზე პასუხისმგებლობა მეც მეკისრება, რადგან მაღალი თანანმდებობის პირი ვიყავი და ივანიშვილი ჩემი მორალის კითხვით ნუ შეწუხდება. ბუნებრივია, რომ ეს პასუხისმგებლობა გაკეთებულ საქმეზეც და დაშვებულ შეცდომაზეც მეკისრება, თუმცა, ქართველმა ხალხმა განაჩენი პირველ ოქტომბერს გამოგვიტანა. როგორც ჩანს, ცუდმა უფრო გადაწონა, ვიდრე კარგმა. პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საათმა ათვლა დაიწყო და სჯობს, მან ამაზე იფიქროს. ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრი არსებული ვითარების გადაფარვას 1-ელი ოქტომბრით ცდილობს, თუმცა, პრობლემებს ერთი თვით, ან ორი თვით გადაფარავს, შემდეგ აპრილიც გავა და აღმოჩნდება, რომ მიშა თავისი უფლებების გამოყენებას არ აპირებს, ამის შემდეგ, მთავრობა საუბარს იმაზე დაიწყებს, რომ პრეზიდენტი ხელს გვიშლისო, მაგრამ მათ საკუთარი თავის მართლების შანსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ ექნებათ, რადგან თითს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ ვერ გაიშვერენ. მათი დაპირებების შესრულებას ვერ ვხედავ და რაც კეთდება, ისიც ჩვენს მიერ დაწყებული საქმეა.

მაგალითად, რა?

- სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს არიგებენ, რომელიც ჩვენს ვაუჩერებს ჰგავს და არსი არ იცვლება, რადგან ვაუჩერი არ არის უფასო ხვნა-თესვა. ამას გარდა, ივანიშვილი საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობდა, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვა რაღაც არ ჩანს. თან, საყოველთაო დაზღვევა - უფასო ჯანდაცვა არ არის და ვფიქრობ, რომ შეზღუდული იქნება ის დაავადებები, რომლის დაფინანსებაც მოხდება. უფასო ჯანდაცვა კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნებისმიერი სახის უფასო მომსახურება არსებობდეს. ასევე, ჰესების მშენებლობა შეჩერდა, რითაც ქვეყანას დამოუკიდებელი ენერგოსექტორი ექნებოდა. ამ პროექტებზე ექსკლუზივი კი არ გვაქვს, არამედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტებია და ის უნდა თქვან, რომ ჩვენ მხოლოდ შეცდომებს კი არ ვუშვებდით, არამედ საქმესაც ვაკეთებდით.

თუმცა, ივანიშვილი აცხადებს, რომვცდილობ, რომ ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას“. ფაქტია, რომ ხელისუფლება ნაციონალების 9 წლიანი მმართველობის სრულ დისკრედიტაციას არ ცდილობს...

- „დიდი მადლობა“ ივანიშვილს, რომ თურმე, მას არ სურს ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაცია. ის, რაც კარგია გაკეთებული იმის დისკრედიტაცია ჩვენი ხათრით კი არ უნდა გადაიფიქროს, არამედ სახელმწიფოს ხათრით. ცუდის დისკრედიტაცია კი, პირიქით უნდა მოახდინოს. ივანიშვილს ვეუბნებოდით, რომ ქვეყნის შენება გაეგრძელებინა და თუ ის გონს მოვიდა და მიხვდა, რომ ნგრევას შენება სჯობს, ამას მხოლოდ მივესალმები.  

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს რატომ არ უჭერთ?

- საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება რამენაირად უნდა მოხდეს.

რატომ ვერ აღწევთ კონსესუსს?

- გაზეთ „რეზონანსის“ დეკემბრის ნომერი ნახეთ, სადაც ინტერვიუში ივანიშვილი ე.წ. ამნისტირების კანონზე საუბრობს და მისი პოზიცია იყო, რომ გარკვეული შეთანხმება უნდა მომხდარიყო. პრემიერს ახალს არაფერს ვეუბნებით, არამედ მას იმას ვთავაზობთ, რასაც თავის დროზე, ივანიშვილი თავად აცხადებდა. კერძოდ, ამნისტია მაღალი თანანმდებობის პირებს არ შეეხოთ, არამედ იმ ხალხს, რომელთაც ჩვენ დავალებებს ვაძლევდით და თუკი რამე გადაცდომა იყო - ეპატიოთ. თუ მთელი საქართველო ტერორის ქვეშ გვყავდა, ეს ადამიანები გავლენის ქვეშ არ გვეყოლებოდა და მათ ამნისტირება რატომ არ უნდა შეეხოთ? საუბარია, რომ თურმე, ადამიანებს ჩვენებებს ძალით ვაწერინებდით და ახლა, ტყუილ-მართალის გარჩევა უკვე ძნელია. სამწუხაროდ, ნაციონალებზე რაც არ უნდა თქვან, ყველაფერი დასაჯერებელი გახდა. ის პროკურატურა, რომელსაც თურმე, ჩვენ ცუდ საქმეებს ვაკეთებინებდით, ის ხომ იგივე პროკურატურაა, რომელსაც ჩვენს მიმართ იყენებენ? იგივე გამგეობები და საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც პროკურორების ძალადობის ქვეშ იყვნენ და არა ჩემი ზეწოლის, რადგან ჩემგან მსგავსი რამ არავის უგრძვნია. ივანიშვილი იგივე პროკურორებით აპელირებს, რომლითაც თურმე, ჩვენ მთელ საქართველოს ვაშანტაჟებდით და ამიტომ, ბიძინას ვეუბნებით, რომ მაღალი თანანმდებობის პირთა მიმართ გარანტიებს არ ვითხოვთ, მაგრამ ათასობით ადამიანის დაშანტაჟება უნდა დამთავრდეს. კადრები ვნახეთ და ფაქტია, რომ „ოცნებამ“ საკუთარი მომხრეების დასაქმების ერთადერთ შანსად თვითმართველობები აქცია, სადაც ყოფილი ნაციონალების გამოთავისუფლებული ადგილებია. თუმცა, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს - სახელმწიფო უწყებაში ნაციონალი დასაქმდება თუ „ოცნების“ წარმომადგენელი?

უმრავლესობა აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, რომელიც რიგით მუშაკებს შეეხებათ. შესაბამისად, ღია კარებს რატომ ამტვრევთ?

- ჩხარტიშვილის სახელი ყველა საქმეში ფიგურირებს. შესაბამისად, გამოძიებები ჩხარტიშვილით უნდა დაიწყონ. თუმცა, ადგილი შერჩევით სამართალს აქვს და პრინციპი - ვინც ჩემთან არ არის, მას შეცდომას არ ვპატიობ მოქმედებს. 

ნაციონალები ზეწოლასა და შატნაჟზე აპელირებთ, თუმცა, კონკრეტული ფაქტების დასახელება გიჭირთ. რა ტიპის ტერორზე საუბრობთ?

- მაგალითად, იმ ტიპის ზეწოლაზე, რაზეც წყალტუბოს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი საუბრობს. კერძოდ, ეს ადამიანი აცხადებს, რომ მას პოლიციის უფროსი პირადი მასალების გამოქვეყნებით აშანტაჟებს და ბიძაშვილის დაკავებით ემუქრება. თქვენ ხომ ამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, თურმე, დანაშაულის ჩადენა არ იყო საჭირო და ხალხის დაკავება უმიზეზოდ შეგვეძლო, დღეს, იგივე პოლიცია და იგივე ძალოვანი უწყებებია. შესაბამისად, რატომ გამორიცხავთ იმას, რომ ეს ხალხი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, ჩვენს წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ? ძალადობასა და შანტაჟს წყალტუბოს გარდა, ადგილი აქვს სამტრედიაშიც. იგივე მოხდა ხარაგაულშიც, სადაც ახალარჩეულმა გამგებელმა, რომელიც თითქოს, ჩვენი თანხმობით დაინიშნა, თურმე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვაუჩერებს არ დაარიგებს, თუ განცხადებას არ დაწერთო. არ მგონია, რომ ეს მოთხოვნა უწყებიდან მოდიოდეს, მაგრამ მოკლე ჭკუით გაკეთებულმა განცხადებამ ხალხზე გავლენა მოახდინა.

ჩვენი რიგებიდან ნიკო ხაჩირიშვილის წასვლაც ზეწოლის შედეგია, რადგან ის წინა დღეს ამბობდა, რომ „შონზოს“ საქციელი მიკვრისო და მეორე დღეს, ჩვენგან თავად წავიდა.

თუ ხაჩირიშვილის მიმართ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ამაზე თავად რატომ არ საუბრობს?

- შანტაჟს ვერ გაუძლო, ეს ვერ თქვა და მაგიტომ გადავიდა.

თუმცა, „შონზომ განცხადება გააკეთა, რომ ნაციონალებიდან ხალხის დაკვეთით წავიდა...

- „შონზომ“ თქვა, რომ ჩემს მიმართ აგრესია იყო და წავედიო, მაგრამ ვინც „შონზოს“ ფიზიკურად შეეხო, ესეთი რა დაარტყა, რომ კაცს ტვინი გაუნათა? - იქნებ მან მეც დამარტყას და გონება გამინათდეს.  

აგრესიის ობიექტი თქვენც იყავით. საზოგადოება კვერცხებითაც კი დაგიპირისპირდათ. შესაბამისად, ამ ლოგიკით, უმცირესობა რატომ არ დატოვ?

- თქვენ გჯერათ, რომ ადამიანები ხედვებს ერთ დღეში იცვლიან? ნაციონალები იძინებენ, ღამე გამოცხადება აქვთ და დილით ოცნებისტები იღვიძებენ? - მაშინ, ესენი წმინდანები ყოფილან.

იმაზე არ ფიქრობთ, რომ იქნებ თქვენს რიგებს ხალხი პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, როგორც ეს პარლამენტის პირველივე სხდომაზე მოხდა, როდესაც უმცირესობა კახა ოქრიაშვილმა, გოდერძი ბუკიამ და .. დატოვეს?

- შეიძლება, ასეც ხდება, მაგრამ ის ხალხი რატომ ხდება ხელშეუხებელი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ და შემდეგ, ჩვენი რიგები დატოვეს? როცა, ეს ხალხი ჩვენთან იყო, მაშინ მედიკამენტებზე მონოპოლია იყო და ახლა, როცა მათთან არიან, მონოპოლია აღარ გვაწუხებს? ადრე, მეჩეთის აშენება რატომ იყო მიუღებელი და ახლა კრიტიკოსებმა რატომ შეიცვალეს პოზიციები? სად არის ამ ხალხის წინააღმდეგობა? სომხური ტაძრების რეაბილიტაციას რატომ არ აპროტესტებენ? პრემიერს სიტყვა „მყისიერი“ უყვარს და მაინტერესებს, ჩვენი კრიტიკოსები პროცესებზე მყისიერად რატომ არ რეაგირებენ? ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც გვიკეთებია პასუხი ვაგეთ და ახლა, ახალი მთავრობის ქმედებების შეფასება უნდა დავიწყოთ, რადგან დამოკიდებულებამ - „ვაცადოთ შევარდნაძეს“ სიბნელემდე მიგვიყვანა, დამოკიდებულებამ „ვაცადოთ“ - სიკეთე არც ჩვენს ხელისუფლებას მოუტანა და შესაბამისად, დამოკიდებულება - „ივანიშვილსაც ვაცადოთ“ უნდა დასრულდეს.

თუმცა, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ივანიშვილს ოპოზიციაში პრეზიდენტი ჰყავს და იგივე სასამართლოსთან მიმართებაში, პროკურატურა წინააღმდეგობას აწყდება...

ივანიშვილის მიზანია, რომ თავისი უმოქმედობა ჩვენს გუნდს დააბრალოს. მომავალში, რას ვაპირებთ, როცა სამხელისუფლებიანობა იქნება და რეგიონებს სხვა პარტიები მოიგებენ? თუ ორი და სამ ხელისუფლებიანი ქვეყანა არ გვსურს, მაშინ პირდაპირ დავაკანონოთ - ვინც საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ის იყოს პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტშიც.

თბილისის სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ფაქტია, რომ უგულავას საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს სამართლიანობაზე კარგი ტესტი ჩაუტარა, თუმცა, თქვენი შეფასებით, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ?

- ტესტი იყო პროკურატურისთვის, რომელმაც აბსოლუტური გირაო მოითხოვა. მათ პატიმრობა, რატომ არ მოითხოვეს? - ხალხი სიცრუეში ნუ შეგყავთ. პროკურატურამ აბსურდული თანხა მოითხოვა, რისი გადახდის თეორიული შანსიც კი უგულავას არ ჰქონდა. 20-30 ლარი რომ მოეთხოვათ, ამ თანხას უგულავა კიდევ გადაიხდიდა, მაგრამ მას ერთი მილიონი ლარი საიდან უნდა ჰქონდეს? მათი მტკიცებულებები იმის საფუძველი არ იყო, რომ გიგისთვის აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდებინათ.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას თბილისის მერთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა რომ მოეთხოვა, ეს პოლიტიკური დაკავების იარლიყით იქნებოდა სახელდებული...

- ტელეკომპანია „მაესტრომ“ ჩემზე ფილმი გადაიღო, სადაც ნათქვამია, რომ „ელიტელექტრონიქსში“ 4,5 მლნ ლარიანი წილი მაქვს, რაც აბსურდია, გამოძება ჩაატარეთ და დაადგინეთ, მართლაც მაქვს თუ არა 20 პროცენტიანი წილი. ერთია ბრალება და მეორეა, სიმართლე. შეიძლება ბრალი ყველა ადამიანს წაუყენო, მაგრამ სად არის ის მტკიცებულებები, რა ბრალიც ახალაიას წაუყენეს? მიმაჩნია, რომ მის მიმართ სერიოზული ბრალდებაა წაყენებული და თუ დაუმტკიცდა, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ბრალს დამტკიცება უნდა.

ამ ლოგიკით 10 მლნ ლარი ირაკლი ოქრუაშვილს, სად ჰქონდა?

შეიძლება საქმეებს უხარიხსოდ ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენ დამნაშაავებს დავსდევდით.